Saturday, September 9, 2023

ჯანსაღი ინგრედიენტების ძებნაში ნაპოვნი ფერმერობა - პოსტი XII

ფერმერული ცხოვრება რომ მიმზიდველი გახდა, ვვარაუდობ, თაობის აქტიურობის და ფერმერების მიმართ გაზრდილი ინტერესის დამსახურებაა. თუმცა, მთავარი აქ ადამიანების მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლებიც საკუთარი ცხოვრების სტილს ეძებენ და ცდილობენ საუკეთესო მხრიდან დაინახონ შესაძლებლობები. საქართველოს საიმედოდ, რეგიონებში ბევრი ახალბედა გამოჩნდა, რომელსაც შეუძლია თავისუფლად გააკეთოს განაცხადი ფერმერობაში წარმატებაზე. ყოველწლიურად ფერმები უფრო მეტ კაპიტალს წარმოშობენ, ბრენდის ფასეულობას მაღლა სწევენ და გარემომცველ წრეს იზრდიან.  

ნიკა ბაგალიშვილის ფერმა დღეს ჯანსაღი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულებისთვის კარგად ნაცნობია. Მისთვის უკვე მეხუთე სეზონი მიმდინარეობს. ნიკას ბოსტნეულის წარმოებაზე ბევრი აქვს სათქმელი. ჯანსაღი ინგრედიენტების ძებნაში აღმოჩენილი ფერმერობა უკვე მთელ სამყაროდ ექცა, სადაც ის თავად ეპიცენტრში დგას, გარშემო კი მომხმარებელი, ფერმერობით დაინტერესებული აუდიტორია და თანატოლები უდგანან, რომლებიც წნორშიც და თბილისშიც სტუმრობენ, ფერმერული მაღაზიის დახლზე კი მის ბოსტნეულს დღის ბოლომდე სრულად ყიდულობენ.

ჩემი მიზანი იყო ჯანმრთელობა. ამიტომ გავაკეთე ეს არჩევანი. თბილისში ვცხოვრობდი, არ ვიცოდი რას ვჭამდი, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა დამეწყო რაციონის მოწესრიგება, ბოსტნეულის წარმოება საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღ პროდუქტებთან წვდომა ყოველთვის მქონდა, მაინც მივიდოდი ამ მდგომარეობამდე, რადგან ბუნებით  ჯანსაღი გარემოსდამცველი ვარ, ბუნება ძალიან მიყვარს და მცენარეებთან მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს”, - მითხრა ნიკამ. 

მიუხედავად არჩევანისა, ემუშავა თბილისში, მან მაინც წნორის გზა აირჩია და ამაზე ახლო მეგობრებმა უთხრეს რომ გულშემატკივრობდნენ, თუმცა საზოგადო განწყობით ხვდებოდა, რომ მიწასთან მუშაობა სახარბიელო პროგნოზის მქონე არ იყო. 

მარტომ დავიწყე საქმე, მშობლები მეხმარებოდნენ, ახლაც მარტო ვარ, მშობლები მეხმარებიან. მას შემდეგ ხმა მალე გავარდა. თავისით დატრიალდა ეს ამბები. მე ამხელა მასშტაბებისთვის არ ვფიქრობდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიქნებოდი, სადაც ვარ. ლობიო რომ მოვიყვანე, იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ არ ველოდი. თან ამ დროს ბიო, ორგანული ბოსტნეული არ იყო საზოგადოებაში ცნობილი. ახლა უკვე ძალიან ბევრმა იცის. მაშინ არ მქონდა მიწა, დავიწყე მუშაობა რომ მომეყვანა. ნაქირავებ მიწაზე მოვიყვანე ლობიო, რომელიც მაქვს. მერე უკვე შევიძინე მიწა. სამი ჰექტარი და ჯამში ოთხი ჰექტარი მაქვს.  

აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, თეორიაც რაღაც დონეზე ვისწავლე. ინტერნეტითაც თეორიული ნაწილი მოვიძიე, მაგრამ პრაქტიკა სულ სხვაა. პრაქტიკაში განსხვავებულად ხდება რაღაცები. თუნდაც ერთი, განსხვავებული კულტურა რომ მინდა დავრგო ხოლმე, არასდროს გვხვდება ხოლმე დიდი რაოდენობით. ჩემი წარმოება ძალიან პატარაა, ვტესტავ ხოლმე და მერე ვუშვებ წარმოებაში.  

ფინანსურად ვინ დაგიჭირა მხარი დასაწყისში? 

მერიკო გუბელაძე არის "შავი ლომის" დამფუძნებელი. მან გადმომირიცხა პირველი 500 ლარი. კომენტარი რომ ნახა სადღაც პომიდვრის ჩითილის ფასს ვკითხულობდი, ისე უცებ გადმომირიცხა თანხა, უდიდესი მუხტი ჩემთვის. ძალიან დიდი მოტივაცია მომცა მაგ ხუთასმა ლარმა.  

როგორ იზრდება ყოველწლიურად შენი მეურნეობის შემოსავალი? 

ძალიან სწრაფად, იმდენად სწრაფად, რომ აზრზე ვერ მოვდივარ. მაგალითად, აი წელს რომ შევხედო ჩემს წარმოებას, ან თუნდაც, გაყიდვებს, ძალიან გაიზარდა და პოტენციალი იმხელა აქვს, რომ საშუალებას მაძლევს 70%-ით გავზარდო. მომხმარებლების რაოდენობა ელვის სისწრაფით იზრდება. შარშან აი, რაღაც რაოდენობა მრჩებოდა ხოლმე გასაყიდი, ბადრიჯანი და რაღაცები. წელს გასაყიდი კი არა, დამატებით რომ მქონდეს კიდევ ბევრს გავყიდდი. ახლა ბევრი გასულია კიდევ ქალაქიდან და მაინც გაზრდილია გაყიდვები. თან ჩემი ფეისბუკ გვერდის ფოლოვერებმა შარშანდელთან შედარებით 11 000-ით მოიმატა. პლიუს მაგას, "წერტიში" როცა შემაქვს ბოსტნეული, უკვე ელოდებიან და მომხმარებელი ძალიან შემეჩვია, გაიზარდა გაყიდვები.  

უმეტესწილად ბავშვთა კვებისთვის მოდიან ხოლმე, ბავშვებზე ზრუნავენ და მიაქვთ ბოსტნეული. 

ფერმერობაში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ გარემოზე და ადამიანებზე ზრუნვა მიყვარს. გარემოს დამცველი ვიყავი და მეურნეობაც ამიტომ ავირჩიე ასეთი. როცა იცი, რომ შენ მიერ მოყვანილ ბოსტნეულს ადამიანები ჭამენ და დარწმუნებული ხარ, რომ არ ავნებ მათ არამედ პირიქით, მათ ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად აისახება, ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ბედნიერად და უფრო მოტივირებულად ვგრძნობ ხოლმე თავს.  

საქმის მიღმა არის ისეთი რამ რითიც ერთობი? 

საქმის მიღმა თავისუფალი ფაქტობრივად არ მაქვს დრო. ხშირად ფეხბურთს ვთამაშობ. ბავშვობიდან მიყვარს და ფეხბურთის გარეშე არ შემიძლია. ფეხბურთია ჩემი თერაპია. ვწყდები ხოლმე ყველაფერს და რაღაც კონკრეტულზე რომ ვარ ხოლმე ორიენტირებული, ძალიან დიდ თერაპიას ვიღებ. მაგის გარდა, მეგობრებთან ერთად დავდივარ ხოლმე ტირზე და დართსიც მიყვარს. 

რა საკითხებია ისეთი, რასაც არასოდეს ეხები?

რელიგიაა ეგეთი. ნაკლებად ვეხები ხოლმე.  

რა თემაა, რომელზეც ყველაზე ხშირად კამათობ? 

პოლიტიკაზე. უსამართლო რაღაცებზე, რაც ხდება. ადამიანის თავისუფლება იმდენად შეზღუდულია, ადამიანს რისი გაკეთებაც უნდა, მაინც ვერ აკეთებს. ტეხავს რა.  

კარგი მთავრობა უნდა მოვიდეს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ ჩანს. ჩემი აზრით, ძალიან ბევრს შეეცვალა ცნობიერება. ადამიანებმა იციან, რომ მითია ის რომ შხამქიმიკატების გარეშე არ შეიძლება მოიყვანო ბოსტნეული. ეგ მიდგომა ძალიან შეეცვალათ. ადრე რომ უყურებდნენ ხოლმე, რანაირად, როგორ, ვერ იჯერებდნენ. ახლა დაიჯერეს და ვიღაცებს მოჰყავთ. ძალიან ბევრი მიკავშირდება ხოლმე პრობლემებზე.  

წნორში არ ვიცი ვისთვის ვარ მოტივაცია, მაგრამ წნორის გარეთ ვიცი, რომ ვიღაცებისთვის ვარ მაგალითი და მათაც დაიწყეს საქმეების კეთება. პლიუს მაგას, ორი წლის წინ, ნამჯის წვერებზე მქონდა პროექტი, მქონდა აგრო-სკოლა, ძალიან ბევრ ბავშვში შეიცვალა წარმოდგენა, პლიუს მაგას მშობლებშიც. ნამჯის წვერების წვას რაც შეეხება, ძალიან ბევრი გამოთქვამს პროტესტს, იმის გამო რომ ნიადაგი ზიანდება, ეს გამოიწვია აქტივობამ. 

რას სწავლობ ხოლმე ყველაზე ხშირად სხვებისგან?

შეუპოვრად რომ არიან ხოლმე თავის საქმეში, მეც ეგეთი ვხდები. ადრე უფრო სხვანაირად ვიყავი ხოლმე, ყურებს ჩამოვყრიდი ხოლმე, რაღაცნაირად, მერე ირგვლივ რომ ვუყურებ ხოლმე ადამიანებს, რამდენს შრომობენ მართლა, ჩემი შრომა არაფერია იმათთან შედარებით. მათგან მოტივაციას სწავლობ და შეუპოვრობას.  

სოფლის მეურნეობის მერე ალბათ უფრო აგროტურიზმში გადავდივარ, სექტემბერში ვიწყებ და უფრო აგროტურიზმში ვიტრიალებ. 

ვისთან თანამშრომლობ?  

ჩემთვის, "ორგანიკაში" ვყიდულობ ხოლმე, ორგანული თესლები აქვთ, გაღივებული მარცვალი.  ვცდილობ ხოლმე, რომ ყველაფერი ორგანული იყოს, მაგრამ ძალიან ძნელია. ჩემი აგროტურისტი რომ გადავა მეურნეობაში, კაფეც რომ იქნება ადგილზე კვებისთვის, ყველაფერი ორგანული მექნება. Რაც ჩვენთან არ იწარმოება იმას ვიყიდი ხოლმე. 

ვინ არის შენი აზრით ფერმერი და როგორ არჩევს ფერმერობის ფორმას? 

ყველა ფერმერმა უნდა სცადოს თავისივე ფერმის შექმნა, როგორიც მას მოეწონება და სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს. ყველა ფერმერია, ვინც რამე ფერმერულს აკეთებს და ფინანსური სარგებელი აქვს. მე ვარ ფერმერი? არ ვიცი ვინ ვარ. მოსავალს ვაწარმოებ და ჩემი საქმე მიყვარს. მე უფრო სიახლეების მიმდევარი ვარ სოფლის მეურნეობაში. 


დემეტრე ერგემლიძე 


Saturday, August 12, 2023

თამარ ღვალაძე იტალიის მეღვინე ქალთა გილდიაში იმერეთიდან ერთვება


თამარ ღვალაძის ისტორია ასეთია - ქალი მეღვინეობის დიდ ტრადიციას მეუღლესთან ერთად უდგება სათავეში და ოჯახის ბუნებრივი განვითარების ისტორიას მის გულშემატკივრებს სიხარულით უყვება. აბულაძეების ღვინო საქართველოში უკვე კარგად ნაცნობია და მას ბაიას, გვანცას და გიორგის მეღვინეობით ვიცნობთ. ამჯერად, მათი ოჯახის პატარა საწარმოდან, იმერეთში წარმოებული პროდუქცია იტალიაში გადის და იქაურ მეღვინეებს და ღვინის მოყვარულებს კავკასიაში მყოფი პატარა ქვეყნის, საქართველოს ამბავს უამბობს.

თამარს სტუმარ-მასპინძლობა და ურთიერთობა უცხოსთან თუ მოყვარესთან განსაკუთრებულ რიტუალად აქვს ქცეული. იმერული ღვინის წარდგენა ხომ ცალკე ერთი სიამოვნებაა. მისი დაგემოვნება ფესტივალებსა თუ გამოფენებზე, ღია ბაზრობებსა და მაღაზიის დეგუსტაციებზე იმერული ხასიათს ქმნის, რაც Სტუმრებისათვის ფუფუნებაა, ოჯახის ახლობელ-მეგობრებისთვის კი ჯანსაღად თავშექცევის საშუალება.

აბულაძეების დედა წელს იტალიაში, ქალ მეღვინეთა გაერთიანების სახელით კიდევ ერთხელ გაიტანს მისი ოჯახის ნაწარმს უცხოელ მყიდველებთან გასასინჯად და შესათავაზებლად. Რას ფიქრობს შვილების წარმატებაზე და როგორ ხედავს ქართული ღვინის განვითარებას, ამასთან დაკავშირებით მას აგვისტოს დასაწყისში ვესაუბრე, მაშინ როდესაც იტალიის გამოფენამდე მთელი შემოდგომაა, წინ არის რთველი, საუკეთესო მოსავლის მიღების პერიოდი და დიდი სტუმრიანობა ობჩაში.

თამართან ერთად იტალიაში 2018 წელს ვიმოგზაურე. იმდროინდელ კავშირებს ქართულ მეღვინეობაში დღემდე მოაქვს სარგებელი, ქართული ღვინისთვის საექსპორტო გზებს ხსნის, უცხოელ ტურისტებს კი ქართული გასტრონომიის მრავალფეროვნებასთან აკავშირებს.



“ამ გასვლაზე და ღონისძიებაზე დღითიდღე ვფიქრობ, რომ იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა თითოეული ჩვენგანისთვის ბიზნესის გასაფართოებლად, განვითარებისთვის. Რაც დრო გადის, ვხვდები ყოველდღიურად რა უდიდესი მნიშვნელობის საქმე გაგვიკეთა ამ ვიზიტმა და მისმა ავტორებმა [გაეროს ქალთა განვითარების ფონდმა და ფერმერთა ასოციაციამ]”, - მითხრა თამარმა.

როდესაც დაბრუნდით საქართველოში, როგორი კავშირები გამოგყვათ იტალიიდან?

ეს მოგზაურობა რამდენადმე იყო სარგებლის მომტანი. Პირველი იმით, რომ ძალიან ახლოს გავიცანით იტალიელი ქალბატონები, ჩვენ დღესაც უდიდესი, ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს ერთმანეთთან. უკვე ახლო მეგობრობაში და ურთიერთობაში არის გადაზრდილი. ეს ჩვენი შეხვედრები თითოეული ჩვენგანის ბიზნესისთვის ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებაა. 11 ქალბატონი ვიყავით, ეს კავშირი დღესაც ცოცხალია, როგორც ცოცხალი ორგანიზმია და ისევ კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

მეღვინეობაში პრაქტიკულად ძალიან ბევრი რამ გადმოვიტანე ჩემი ბიზნესისთვის. ძალიან ბევრი მეღვინეობა დავათვალიერეთ და, რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნებულმა, ბევრი რამ შევცვალე.
Ჩვენ ვიყავით “დონა დელ ვინო” ასეთ ქალთა მეღვინეობის გაერთიანებაში, რომელიც, რამდენიმე ათეული წელია არსებობს. Ჩვენი ჯგუფი როდესაც შეხვდა ქალბატონ დონატელა ჩიტელი კოლომბინის, ამ ასოციაციის პრეზიდენტს, მის მეღვინეობაში ვიყავით და კონტაქტებიც გავცვალეთ, სულ რამდენიმე თვეში მომივიდა მოწვევა მე და ჩემს ოჯახის წევრს, გვანცას, რომელიც მეღვინეობით არის დაკავებული, ამ იტალიური ორგანიზაციიდან “დონა დელ ვინოდან”, მოგვცეს შესაძლებლობა რომ დავსწრებოდით ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენას, რომელსაც “სიმეი” ეწოდება, სადაც წარმოდგენილი არის მეღვინეობისთვის საჭირო ატრიბუტები, მანქანა დანადგარები, ყველანაირი საშუალება, რაც კი მეღვინეობაში შეიძლება არსებობდეს, მეღვინეობის განვითარებისთვის.


ეს არის შესაძლებლობა მეღვინესთვის, გაიფართოოს ცნობადობის არეალი, დაამყაროს კონტაქტი ღვინის ტექნიკის მწარმოებლებთან და დადოს ბიზნეს კონტრაქტები იმ აღჭურვილობის შემოსატანად, რომელიც სურს საკუთარი წარმოებისთვის.


რით უნდა განვითარდეს საქართველოში ტრადიციული მეღვინეობა?


კავშირების გარეშე არც ერთი ბიზნესი განვითარდება. მეღვინეობა ისეთი მიმართულებაა, ამ კავშირების მიხედვით ხდება გამოცდილების გაზიარება, პროდუქციის რეალიზაცია და თუნდაც ასოციაციებში გაწევრიანება. დღეისათვის ბაიას ღვინოები იყიდება მსოფლიოს 17 ქვეყანაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ძალიან მცირე რაოდენობით გავიტანეთ იტალიაში, რამდენიმე ბოთლი მხოლოდ, ისიც სასაჩუქრე სახით. წელს გვქონდა შემოთავაზება და მე ვფიქრობ, ბაია შეძლებს მოცულობის გაზრდას და ეს ქვეყანაც დაემატება ჩვენს ექსპორტიორ ქვეყანათა რიცხვს.  


გოგონები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, დიდი გარჯა სჭირდება მეღვინეობას და ეს შედეგი უბრალოდ არ დაიდება, თუ არ იმუშავე. 


პანდემიის პერიოდში მოგვეცა შანსი, რომ ჩვენი სოფლის გარშემო მდებარე ნაკვეთები შეგვეძინა, მოსახლეობის ძალიან დიდი მხარდაჭერით, ბევრმა დაგვითმო ნაკვეთები, უსასყიდლოდ არა, მაგრამ ნაკვეთის დათმობა, თუნდაც შესყიდვის ფორმით ძალიან დიდი ხელშეწყობაა.  


იმერული ჯიშის ვაზი გვაქვს, კრახუნა, ცოლიკოური და ციცქა. წითელი ჯიშებიდან გვაქვს ალადასტური და ოცხანური საფერე. ჯამში 20 000 ძირი ვენახი გვაქვს. Მათ შორის გვაქვს 17 წლიანი ვაზიც, გვაქვს ორწლიანი, სამწლიანი ნარგავებიც. ერთი სიტყვით, პანდემიის პერიოდმა მოგვცა შესაძლებლობა, ეს მიმართულება ვამუშაოთ. არანაირ ქიმიურ საშუალებას არ ვიყენებთ, ბიო ასოციაციის წევრებიც ვართ: “კავკასსერტის” სერტიფიცირების მეორე ეტაპზე. ამ მიმართულებამაც ჩვენს ბიზნესზე დადებითად იმოქმედა. 


Ჩვენი ღვინო რომ უყვართ და აფასებენ, ამას გახშირებული სტუმრიანობით ვგრძნობთ. Ჩვენ უკვე თითქმის 12 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული ახალი ვაზი და 3-4 წელიწადში უკვე მოსავალი იმ რაოდენობის იქნება, რომ არსებული ჩვენი უკვე პატარა საწარმო ვეღარ მოახერხებს მის გადამუშავებას. საქმემ მოითხოვა გაზრდა და ამიტომ ეს ნაბიჯიც გადავდგით, გარკვეული რაოდენობის სესხი გვაქვს აღებული და სახელმწიფოს მხრიდანაც გვაქვს ხელშეწყობა. ერთ ინტერვიუში ყველაფერს ვერ ჩავწერთ, მაგრამ გამიხარდება სტუმრად თუ მოხვალთ, კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებით.  


2 აგვისტო 2023  


 

Saturday, July 15, 2023

მიხო სვიმონიშვილი დმანისიდან სოფლის მეურნეობის ვარსკვლავებს აგზავნის - X პოსტი


საქართველოს განათლების სისტემა პროფესიული კადრების განვითარებისთვის სულ უფრო მეტ ენერგიას რომ უნდა ხარჯავდეს, ამას ვგრძნობთ, თითოეულ დარგში, ისევე როგორც სოფლის მეურნეობაში, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ქართული აგრო კაპიტალის მფლობელი ადამიანები კი ახალ სახეებს ძირითადად, საერთო თემატიკის შეხვედრებსა და გასაუბრებებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზებულ ღონისძიებებსა და საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილ კამპანიებში პოულობენ, აკომპლექტებენ გუნდებს და მუშაობენ სასოფლო-სამეურნეო პროექტებზე, რომლის მსვლელობის დროს მეტად ავითარებენ თანამედროვე ფერმერის იდეას. ასეთია შვეიცარიული აგრარული სკოლა "კავკასიას" პირველი კურსის თაობა.


სწავლა აქ 2021 წლის შემოდგომით დაიწყო და უკვე სექტემბერში დიპლომირებული ფერმერებისა და ყველის მწარმოებლების გამოშვებით დასრულდება. სტუდენტების მომავალი კონკრეტულად განსაზღვრული არ არის, თუმცა არიან თუ არა ფართე თვალსაწიერითა და ადაპტირებული ტექნოლოგიების ცოდნით შეიარაღებულები, ამაზე "ნაბეღლავი ჰოლდინგის" და სკოლა "კავკასიას" დამფუძნებელმა მიხო სვიმონიშვილმა ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ გამცა სარწმუნო პასუხი.

მისთვის სოფლის მეურნეობის სიყვარული 2000-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. 500 სული მაღალპროდუქტიული ფურით დაწყებული ფერმერული საქმე უკვე თაობის გაზრდისა და განათლების გადაცემის ეტაპზე გადავიდა. დმანისში, შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად დაარსებული, პროფესიული სასწავლებელი სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების სწავლას დუალური, იგივე "სწავლა - კეთებით" მეთოდით. სვიმონიშვილის გუნდი გაჩერებას არ აპირებს, უახლოეს 10 წელიწადში მასწავლებლების გადამზადების ხელშეწყობას, სამეცნიერო ლიტერატურის სასკოლოდ ადაპტირებასა და 200-მდე კვალიფიციური კადრის გაზრდას გეგმავს. ამ მასშტაბის მოცემულობით, ქართული სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად წაიწევს წინ.


 

მე, მას 13 ივლისს, დმანისში ვესაუბრე. მიხო სვიმონიშვილთან ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩემს ბლოგზე Demetre Farms და “საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის” ვებ-გვერდზე.

რა საშუალებები აქვს ფერმერს შემოსავლის შენარჩუნებისთვის და გაზრდისათვის?


აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გვაქვს: ერთი, რომ უნდა გიყვარდეს და მეორე - ცოდნა უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, ამ დარგში, თუ არ გიყვარს, ძალიან რთულია საქმიანობა. ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა, სამწუხაროდ. შეხედულებები, რომლებიც არსებობს, ბევრმა თავის თავზე გადატეხა. ბევრს ეგონა, რომ იაფი სფეროა, რაშიც ვგულისხმობ, რომ დანაზოგით ფიქრობენ ვენახის გაშენებას, ბაღის გაშენებას. ბევრმა ეს შეცდომა დაუშვა. დიდ ენერგიას მოითხოვს და შენ თვითონ თუ არ შრომობ, ძალიან რთულია წარმატებასთან მიხვიდე.


ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ გუნდი, ვისთან ერთადაც იწყებ საქმის კეთებას?! სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულია გუნდურობა. მაინც, შენი უნდა იყოს, ოჯახის უნდა იყოს. რომ ავიღოთ შვეიცარია, სულ შვეიცარიის მაგალითები მომყავს, რადგან წარმატებულია ამ დარგში. იქ არ არის დიდი მეურნეობები და საქართველოშიც ვერ იქნება. მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, ბევრი პატარა ფერმერია, მაგრამ მთავარია რას დავარქმევთ ჩვენ, რა არის ეს, დიდი, პატარა თუ საშუალო, დეფინიციაც კი არ არის, ჰო? შვეიცარიაში თუ არ ვცდები 22 ძროხიანი ფერმა არის საშუალო. ანუ არ არის იქ 500 სულიანი ფერმები, არ აძლევს მიწა იქ ამის საშუალებას. მთავარია, ჩვენი რესურსის კარგად ცოდნა უნდა შეგვეძლოს. საქართველოს აქვს სულ სამი მილიონი ჰექტარი. აქედან მილიონ-ნახევარი ჰექტარი არის საძოვრები და სათიბები. მე ყოველთვის ვიძახი, რომ ღმერთმა რა რესურსიც მოგვცა, უნდა სწორად დავგეგმოთ ჯერ იმ რესურსის გამოყენება. ასე ნათქვამი არის, რომ “ზღვაში თევზი და მთაში ძროხა”, ერთმა ებრაელმა მითხრა. პირველ რიგში ეს რესურსი უნდა გამოიყენო. წალკიდან გადმოვედი თვალუწვდენელი მინდვრები გვაქვს და ამ დროს რძე შემოგვაქვს ჰო, ქვეყანას?! პირველ რიგში უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, რომ კერძო სექტორმა ეს რესურსი გამოვიყენოთ.


რა სჭირდება ბუნებრივ რესურსს ადამიანის მხრიდან, ასათვისებლად?


ახელმწიფოს როლი არის ძალიან დიდი სოფლის მეურნეობაში. შვეიცარიაში, მაგალითად, სადღაც 3 600 000 000 შვეიცარიული ფრანკი, დაახლოებით 4 მლრდ დოლარამდე ჯდება პირდაპირი დახმარება ფერმერობის, როგორც დარგის. მარტივ ენაზე რომ ველაპარაკო შენს მკითხველს, 4 მლრდ დოლარი არის სუბსიდირება და სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჯამურად შეადგენს 12-13 მლრდ აშშ დოლარს. ნახე, რა საინტერესო რაღაც არის. სახელმწიფო დებს ერთ დოლარს და ამ 1 დოლარით 4 დოლარის გამომუშავება ხდება. სახელმწიფო ხომ ჩვენ ვართ?! ჩვენი გადასახადია პირველ რიგში. ცნობიერება უნდა გავზარდოთ, რომ ჩვენი ფული მხოლოდ ჩვენ გვეხება. ფული უნდა ჩავაბრუნოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარგში, რომ ჩადებული ლარიდან გამოვიმუშავოთ გაოთხმაგებული, გაექვსმაგებული თანხა.

ჯამურად სახელმწიფოში ძალიან დეფიციტურია ეს ცოდნა. მაგრამ არის გარკვეული წინსვლები. მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოში და ხანდახან წავაწყდები ისეთ კარგ მეურნეობას, რომ ძალიან მოგეწონება. გაივლი გზაზე და შეხედავ, კარგი ბაღია, მოვლილი - ეტყობა, რომ მოსავალი აქვთ, მაგრამ ეს ჯერ დასაწყისია. ერთეულები არის ქვეყანაში.

საერთოდ, ჩემი აზრია, რომ რასაც კარგად გააკეთებ, ყველაფერი შეიძლება მომგებიანი იყოს. აქ ვერ იტყვი ხრუშჩოვივით, რომ მოდი მარტო სიმინდი დავთესოთ, მაშინ როცა მთელმა საბჭოთა კავშირმა მონოკულტურა, სიმინდი დათესა. რასაც კარგად გააკეთებ, ცოდნით, აქვს შანსი რომ იცხოვროს.
როცა დაიწყეთ ამ სასწავლებელზე მუშაობა, მაშინ ვინ იყვნენ თქვენ გვერდით და შვეიცარიული მხარე რა ნაწილში ჩაერთო ამ სასწავლებლის მომზადებაში?


თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა პირველი თელეთის ფერმა. ჩამოვიყვანეთ 12-15 წლის წინ 500 სული გენეტიკურად განვითარებული ძროხა. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, მაგრამ მერე იმდენი პრობლემა დავინახეთ, ძალიან ბევრი თანხა დავკარგეთ. პარალელურად, 5 წლის წინ წავაწყდი შვეიცარიაში მოგზაურობის დროს სკოლას “პლანტაჰოფს”, რომელიც დღეს ჩვენი პარტნიორია და მაშინ, როგორც კი ისტორია ვნახე "პლანტაჰოფის" და გავეცანი პროფესიული განათლების სისტემას შვეიცარიაში, მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა პროფესიული სასწავლებლების განვითარება. 15 წლის წინ დავიწყე ეს ფიქრი და შეიძლება ითქვას, რომ ახლა იდგამს ფეხს.  


თუ შეგიძლიათ შეაფასოთ, რა განსხვავებაა მაღალპროდუქტიული საქონლით ფერმერობასა და დღეს საქართველოში გავრცელებულ ფერმერობას შორის. რამდენად განსხვავებულია მათი მიდგომები და როგორ შეიძლება მათი ცნობიერების დაახლოება.? მაღალპროდუქტიულობას ასეც ვერ იტყვი, უნდა გადავიდეთ ჩვენ მომგებიანობაზე. პირველ რიგში, რითიც დავიწყე, “ზღვაში თევზი, მთაში - ძროხა”. შეიძლება მთაში 10 ლიტრს იწველიდეს ძროხა და შენთვის უფრო მომგებიანი იყოს, იმიტომ, რომ ბუნებრივი რესურსით კვებავ, ვიდრე 30 ლიტრიანი გყავდეს ბარში, აჭმევდე სილოსს და ის სილოსი გიჯდებოდეს ორჯერ მეტი, ვიდრე ის რძე გიტოვებდეს შემოსავალს. ანუ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მაღალპროდუქტიული საქონელი ძალიან კარგია, მაგრამ საბოლოოდ, მომგებიანობაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, რაზეც ჩვენც და სტუდენტებმაც უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ვერ გავხდებით ამერიკა, რომ 12 000 ლიტრი მოიწველოს საქონელმა, წლიურ ლაქტაციას ვგულისხმობ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომგებიანობაზე, რომ მთაში, ბარში სტუდენტი რომ სწავლობს, დაკავდეს სოფლის მეურნეობით და ისწავლოს, როგორ იშოვოს ფული ამ დარგიდან. ეს არის მთავარი.



ზოგადად, რა რისკები არსებობს ფერმაში მუშაობისას და ქართველი სტუდენტი როგორ შეხვდა ფერმერობის ტექნოლოგიური განვითარების შესწავლას?

ზოგი შეხვდა, ზოგი ვერ შეხვდა. მაგრამ, ამ სკოლას აქვს ძალიან შორს მჭვრეტელი მიზნები, ჩვენ ვამბობთ, რომ სულ ერთი სტუდენტი რომ დარჩეს, ვთქვათ წელს ან მომავალ წელს, ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ, რადგან ჩვენც ვსწავლობთ, ჩვენც ვვითარდებით, ჩვენც ვხედავთ ჩვენს შეცდომებს. მაგრამ რაღაცებს დრო სჭირდება გამოსწორებისთვის. შრომის კულტურა გვაქვს მისაღები, რომელიც არ ეხება მხოლოდ მესაქონლეობას, ფერმერობას ან ყველის წარმოების ქარხანას. ეს არის ძალიან დიდი პროცესი, მაგრამ ჩვენ ვართ ამაყები, რომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ამ სკოლაში და მე ვუყურებ, 10 წლის მერე რა იქნება. ძალიან დიდ, რთულ საქმეს შევეჭიდე, ასე რომ აბსოლუტურად წყნარად მივყვებით და გვაქვს ჩვენი გეგმები, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.


ფერმერობას Generation Business-ს ეძახიან. ეს თაობების ბიზნესია. ბაბუამ ვისაც დაუტოვა ტეხასში ფერმა დღეს ძალიან ბედნიერია.

ფერმერობა როგორ შედის სხვა საქმეებთან კონკურენციაში, როდესაც ახალგაზრდობა ირჩევს?


რა თქმა უნდა, მაგალითად IT სფეროს თუ აირჩევ, ვთქვათ, 100% რომ აიღო IT სფეროში, ახალ სიახლეს თუ შენ კომპანიას ქმნი, შეიძლება 10-მა ისე გაამართლოს, რომ ვერავინ ვერ შეედრება დღეს იმ შემოსავალს, მაგრამ 90 შეიძლება დარჩეს საერთოდ, აბსოლუტურ ნოლზე. სხვადასხვა სფერო არის. პირველ რიგში საქმეს რომ იწყებ, შენი ადგილის დედა გიყვარს, შენი ფესვები გიყვარს, მაგრამ ჩვენ რა გვინდა?! რომ ამ სიყვარულს შემოსავალიც დაემატოს, რომ ელემენტარულად შესაძლებელი გახდეს ამის გაკეთება, მდგრადობა შეინარჩუნოს და შემოსავალი ჰქონდეს, ოჯახი ირჩინოს. ჩვენი შეხედულებებით, იცი, რომ ჩვენ ბიზნეს მოდელები გვაქვს. მაქვს მე შედგენილი თავში, რომ 32 სულიანი ფერმით რომ დაიწყო, ვთქვათ 5-6 წელიწადში რა შემოსავალი შეიძლება წლიური მიიღო და რა არის ამისთვის საჭირო. ამაზე ადრეც ვთქვი, ბევრ დარგს შეიძლება გაუწიოს კონკურენცია და პლიუს იმ საქმეს აკეთებდე, რაც ძალიან გიყვარს და ეს თანხით არ ფასდება.



ამავდროულად, საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია საქართველოშივე როგორ პოზიციებს იმყარებს დანარჩენ კონკურენტ პროდუქციასთან შედარებით? დღეს მაღაზიაში რომ შეხვალ, მომხმარებელს ძალიან უჭირს გაარჩიოს, რომელი ქართულია, რომელი არ არის ქართული, ბევრს აწერია, რომ ქართულია, მაგრამ ამ დროს მაინც შემოტანილი პროდუქციაა. მაგალითად, შვეიცარია ძალიან იცავს თავის ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ WTO მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. ჩვენც ხომ შეერთებულები ვართ, საქართველო, შვეიცარიაც შეერთებულია, მაგრამ, მინუს აგრობიზნესი, ესაა საინტერესო შვეიცარიის. ანუ იცავს თავის წარმოებას. თუმცა, მე მაინც თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ, მაგრამ აქ უკვე გაყალბებასთან გვაქვს საქმე. თუ აწერია, რომ ქართულია და არ არის ამ დროს ქართულ ნედლეულზე დამზადებული, უკვე არანაირ თავისუფალ ბაზართან არ არის დაკავშირებული აქ უკვე გამყალბებლებთან გვაქვს საქმე და სახელმწიფომ უნდა მიხედოს.

ქვეყანა უფრო სწრაფად რომ წავიდეს წინ [უცხოური პროდუქტისთვის] რაღაც გარკვეული ბარიერები უნდა არსებობდეს. დიდი თემაა, მაგრამ შვეიცარიას აქვს ეს მაგალითად, რძის პროდუქტები შვეიცარიაში რომ შევიდეს აქვს ბარიერები, იმიტომ, რომ შვეიცარიისთვის რძის პროდუქტები არ არის მხოლოდ რძე და კარაქი, ეს არის მოსახლეობის შენარჩუნება, იქ დამაგრება, ეს არის ტურიზმის განვითარება. შესაბამისად, ამაზე უნდა გაიხსნას დისკუსია. ისე არავინ გაიგოს, რომ ბაზარს ვეწინააღმდეგებით, არაფერს არ ვეწინააღმდეგებით, რადგან ეს არის რაღაცები, რა დროსაც შენი ინტერესები უნდა დაიცვა.


თქვენ ნაწარმს სად გზავნით ექსპორტით, რომელ ქვეყანაში?


გააჩნია ახლა რომელ ნაწარმზეა საუბარი. მიდის ამერიკაშიც, უკრაინაშიც, გერმანიაშიც, უზბეკეთშიც, ყაზახეთშიც, აზერბაიჯანშიც, კანადაშიც და ა.შ. რომელია უფრო სარგებლიანი ჩვენი მეწარმისთვის, ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე იმუშაოს თუ საექსპორტო ბაზარზე?

ორივეზე, ასე ცალკე რომ თქვა, ვერ იტყვი. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს?! არ ვგულისხმობ, მხოლოდ რძეს და ყველს, მარნეულის ნაწარმს იგივე, რომელ საფასო კატეგორიაში შედის და როგორ უწევს ის კონკურენციას დანარჩენ პროდუქციას?

"მარნეული" არის ბაზრის ლიდერი. ვთქვათ, რომ ავიღოთ მჟავე კიტრი, სამწუხაროდ იმდენს ვერ ვაწარმოებთ, რასაც ბაზარი ითხოვს, რადგან არის გარკვეული პრობლემები მოყვანის კუთხით, მუშა ხელის კუთხით, მექანიზაციას რაც ექვემდებარება, იმას მექანიზაციით ვასრულებთ. ვთქვათ, ტვირთის მოტანას. სჭირდება 24 ადამიანი რომელიც კიტრის საჭრელ მანქანაზე იმუშავებს. აი 200-300 კაცი დღესაც, კონკრეტულად არის მინდორში და კრეფს. ამის გარდა, მოგვყავს ტომატი, პომიდორი უკვე მექანიზებულად, ერთი მანქანით აიღება და საშუალო საფასო სეგმენტში ვართ და იქ არ გვიჭირს კონკურენცია.


რაც უფრო მეტს შექმნი, მით მეტ ადამიანს პირდაპირ და არაპირდაპირ ასაქმებ, მეტ დოვლათს ქმნი ქვეყანაში. მეტ თანხას ტოვებ ქვეყანაში, ბევრად უფრო მეტად გაამყარებ ვალუტას, აი, ლარს და პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რაც უფრო მეტს შექმნი და რაც ნაკლებს შემოიტან იმპორტით, მით უფრო ნაკლები დოლარი გავა ჩვენგან. ზუსტად ასეთმა ქარხნებმა უნდა შეძლოს ეს. ასე არ შეიძლება, ჩვენ თვითონ უნდა გავამყაროთ ვალუტა, ჩვენ თვითონვე უნდა შევქმნათ ქვეყნის დოვლათი. ეს თუ ვერ შევძელით ჩვენ ვერც დასაქმებაზე ვერ ისაუბრებ და ვერც რაღაც მნიშვნელოვანზე.


საინტერესოა, ამის შემდეგ, როგორ აფასებთ დღეს საქართველოს სასურსათო დახლს?


რამდენად არის იქ წარმოდგენილი იქ ქართული პროდუქცია, შესაბამისი რაოდენობით და ხარისხით და საერთოდ, როგორ ახერხებს ჩვენი სახელმწიფო, რომ ქართულ პროდუქციას უფრო მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს. 


იზრდება ეს დახლი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ იმპორტირებული უფრო მეტი არ იყოს. მაგალითად, თუ მოვიტანთ ხორც პროდუქტებს, ძალიან ბევრი პროდუქტია შემოტანილი ხორცისგან დამზადებული. მე ძალიან მიხარია, რასაც “ბიუ  ბიუ” აკეთებს, მიხარია, ქართველი ვარ და მიხარია. ხორბალიც აქ მოჰყავს, სიმინდიც აქ მოჰყავს, ქათამსაც აქ ზრდის ჰო? ძალიან მიხარია, არანაირი შეხება არ მაქვს პირადად მე, მაგრამ მიხარია. ეს არის სამაგალითო პროექტები.  


როდესაც ასეთ პროექტებზე და პროექტის იდეებზე არის ფიქრი და ამბობთ ამის შესახებ, თქვენი თანამოაზრეები როგორ ხვდებიან და პირველ რიგში რას აკეთებენ ხოლმე ამ იდეის განსახორციელებლად? იდეას ყველა დადებითად ხვდება, მაგრამ განხორციელება ცალკე საკითხია. საერთოდ, გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. თუ გინდა, რომ სწრაფად განხორციელდეს შენ უნდა აიღო რისკი შენ თავზე. სისწრაფე გვჭირდება. გუნდი 24 საათს უნდა მუშაობდეს ჰო?! ასევე გადაწყვეტილებებშიც. შეიძლება 10 გადაწყვეტილება მიიღო და რაღაც არასწორი იყოს, მაგრამ მაინც მგონია, რომ წინ უნდა ვიმოძრაოთ. თორემ არის, ხომ იცით, დასხდებიან ხოლმე ერთი წელი და ერთი პატარა საკითხიც ვერ წყდება. საინტერესოა პროექტების შესწავლაც. შეიძლება ერთ პროექტს სწავლობდე და ამ დროს ისეთმა რამემ იჩინოს თავი, რომ საერთოდ ახალი იდეა გაჩნდეს. ერთიც, მაინტერესებს ვინ იმუშავა ამ სკოლის დიზაინზე, ფერმის არქიტექტურაზე, საწარმოს შენობაზე. ვინ იყვნენ ეს ადამიანები, საიდან მოიძიეთ? ნიკა გაბისკირია იყო, სტუდენტი რომლისთვისაც პირველი შენობა იყო ეს. დაამთავრა არქიტექტურული, ჩვენთან ნაბეღლავში დიზაინს გვიკეთებდა, გავიგე რომ არქიტექტურული აქვს დამთავრებული და მომწონდა მისი სხვა ნამუშევრები, არა არქიტექტურაში. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ახალგაზრდული სული ჰქონდა ამ შენობასაც. არის ბევრი ისეთი რამ რაც შეიძლებოდა უკეთესად გამოსულიყო, იქ ვენტილაცია თუ ფანჯრები, ვხედავთ ხან ბზარს მაგრამ ისე არის, რომ ჩვენ დავიწყეთ, შემდეგი შენობები კი იქნება უკეთესი. ორ წელიწადში კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მერეც, იმედი მაქვს, რომ მობრძანდებით თქვენ და უნდა ვიმეგობროთ. ეს არის ძლიერი ჯგუფი. ამას უნდა დაერქვას ძლიერი ჯგუფი იმ ფერმებისა და საწარმოების, რომლითაც ვიქნები ამაყი. დღეს არაფერი საამაყო არ მაქვს, დღეს არის პროცესი, რომელიც არის დაძრული და ჩემ თავს შევაფასებ მერე. დღეს არანაირ პრეტენზიებს არ ვიღებ. ყველას ვეტყვი, რომ 10 წლის შემდეგ შეაფასონ ჩემი ნაშრომი.


დემეტრე ერგემლიძე

Saturday, May 13, 2023

ქალაქის ჯანმრთელ კვებაზე ზრუნვა გურულ "ოდაში" - პოსტი IX



“ოდაში” ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ბრენდია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დასახლდა და ბოსტნეულის წარმოება დაიწყო. სალომე და ირაკლი მოტივირებული ახალგაზრდა წყვილია, რომელიც მოსავლისათვის 15 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავებასა და ხეხილისა და ბოსტნეულის წარმოებას აპირებს. სულ მალე ისინი სტუმრებს განახლებულ სახლში მიიღებენ, რომელიც მანამდე მათი მშობლების საკუთრება იყო.

გასული 30 წლის განმავლობაში სოფლიდან ქალაქად მიგრაციას უკვე საპასუხო სოფლად დაბრუნება მოჰყვა. ახალგაზრდები, ოჯახები, იდეალური სივრცის, ბუნებისა და ნატურალური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანები უფრო ხშირად ირჩევენ რეგიონში გადასვლას, სადაც უკვე ინტერნეტის დაფარვაც სტაბილურია, ცოტა რამ სახელმწიფო და მეგობარი ორგანიზაციების დახმარებითაც შეიძლება შექმნა და პროდუქტად აწარმოო ისე, რომ სტუმარსაც გაუმასპინძლდე ან გამოგზავნო ქალაქში საკუთარ მომხმარებელთან, რათა ცხოვრება სოფლად, დასაქმებული ადამიანების ღირსეული სამუშაო პირობები და არსებული საქმე შეინარჩუნო. ასე მოიქცნენ სალო და იკაც. მათ პანდემიის დასრულების შემდეგ სოფლად გადასვლა გადაწყვიტეს. იქ ცხოვრების უზრუნველსაყოფად ბოსტნეულის წარმოება დაიწყეს. შეიქმნა საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა და მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც მათგან ბოსტნეულს ყოველკვირეულად მიიღებს.

კონცეფცია აგრო-სასურსათე კალათის შექმნას გულისხმობს, რაც მოიცავს ბოსტნეულს, ხილს, თხილეულს, სამომავლოდ რძის პროდუქტებს და გადამუშავებულ მცენარეულ ნაწარმს. მათ ყოველკვირეულად კურიერებთან ერთად შეაგროვებენ და მსურველ მომხმარებელთან მიიტანენ. ამ ფორმით ევროპისა და ამერიკის ქალაქგარეთ მდებარე არაერთი ფერმა მუშაობს. ეს წინასწარ დაკონტრაქტებულ ფერმერობას ჰგავს, რომელიც ფერმიდან სუფრამდე გზას სრულად აკონტროლებს, ორგანული სოფლის მეურნეობის იდეას ეხმაურება და ბუნებასთან ჰარმონიით მიღებულ პროდუქტს მოიპოვებს, რაც ფერმერობის შინაარსი და მთავარი გამოწვევაა.

სალი: ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ პანდემიის დროს დავიწყეთ სოფლის ცხოვრება, მოგვეწონა და შევყევით აქედან. მანამდე ცოლ-ქმარი ვიყავით, სკოლა სხვადასხვა დავამთავრეთ, უნივერსიტეტში ვსწავლობდით, სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდით... როდესაც ქალაქში ლოკდაუნი იყო, გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით წინაპრების სახლში, სადაც სოფლის მეურნეობას აღარავინ მისდევდა. გადავწყვიტეთ ფერმერული საქმე დაგვეწყო.

აქ შერწყმულია ხალხთან ურთიერთობა და სოფლის ჰარმონია. მეზობლობაც არის, მეგობრობაც და უფრო მეტად იგრძნობა გვერდით დგომა, საქმის ერთად კეთება. აქ მხოლოდ ბუნება არ არის.
იკა: როგორც წარმოება, ფერმას შერეულს ვაკეთებთ. თევზიც გვექნება ნელ-ნელა. ანუ, მარტო ბოსტნეული არ იქნება. აქ თუ იქნება ფერმა, ასი სული საქონელი არ გვეყოლება არასდროს. თუ მეყოლება, უფრო პერმაკულტურის პირობებში, ვიდრე მასიური წარმოების წესებით. მსუყე გეგმაა და ძალიან დიდხნიანი. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ჩამოხვიდე, დაისვენო, აქაური თუ გინდა აქვე ჭამო, თუ კერძი გინდა შენ თვითონ გააკეთო, მოიმზადო და ა.შ.

სოფლის მექანიზაციის პროგრამის მეშვეობით სალიმ და იკამ ტრაქტორიც შეიძინეს და ამ სეზონზე უკვე 15 ჰექტარი მიწის ფართობიდან 4 დაამუშავეს. ეკონომიკურ აქტიურობას საზოგადოებრივი საქმეც დაემატება და სოფლის შენებაზე, ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, სტუმრებისთვის გურიის წარდგენაზე და მათ გემრიელ დასვენებაზე თანამოაზრეებთან ერთად იზრუნებენ.

სალი: ჯერ-ჯერობით აქ ვცხოვრობთ. თბილისში დაბრუნებას არ ვაპირებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ განვავითაროთ დაწყებული საქმე და ჯერ-ჯერობით აქ ვართ. წინ რა იქნება ვერ ვიტყვი, იმედია არ გადაგვივლის ქარბორბალა ან რაღაც ასეთი.
საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა ხის ყუთებში მოთავსებულ ბოსტნეულს ქალაქის მაცხოვრებლებს მაისის შუა პერიოდიდან ოქტომბრის ბოლომდე 24 კვირის განმავლობაში მიაწოდებს. ორგვარი ზომის სასურსათო კალათი და სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული მრავალფეროვან მომხმარებელს პირდაპირ სახლში მიეწოდება. ამისთვის "კარტლისი" სალის და იკას მთელი სეზონის განმავლობაში სათესლე მასალით და აგრონომიული ცოდნით, კურიერები ქალაქის მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისით, დაქირავებული პირები მცენარეების მოვლის მხრივ და დამატებითი ჯგუფი მოსავლის აღების დროს დაეხმარებიან.


სალი: ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ სეზონური ბოსტნეული გვექნება, მაისში პომიდორი და კიტრი არ გვექნება და მზად არიან, მიიღონ ის პროდუქტი, რასაც მოვიყვანთ. Რაც მოვა იქიდან კომბინაციებს ავაწყობთ, ჩავდებთ ყუთში და დავურიგებთ. მოთხოვნა შეიძლება სხვა დიდი ქალაქებიდანაც იყოს, მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ მხოლოდ თბილისის მოსახლეობასთან. ჯერ მეტს ვერ გავწვდებით მარტო.

ახლა ჩვენ გვინდა უფრო აგროტურიზმი განვავითაროთ, შევავსეთ გრანტზე განცხადება, რომ შევძლოთ სახლის ოდნავ შელამაზება. გვინდა სტუმრები მივიღოთ, გვქონდეს კაფე მომავალში. ფერმაში ჩამოსვლაზე ჩვენთან ძალიან დიდი მოთხოვნაა და ჯერ პირობები არ გვაქვს. სტუმრებისთვის ყველანაირი პროდუქტი გვექნება, რასაც “აგროჰაბის” დახლებზე ვხვდებით.

ათამდე ადამიანს დავიხმართ. კრეფაზე ალბათ უფრო ბრიგადები გვეყოლებიან. დანარჩენ შემთხვევაში მუდმივი თანამშრომლები გვყავს, ექვს კაცამდე. თანხას ვუხდით, ვქირაობთ და მუდმივ თანამშრომლებად გვყავს აყვანილი.



იკა: ბოსტნეულის წარმოება არის ბიზნესი, რომელსაც თან ძალიან მალე მოჰყვება ის, რომ ჩვენთან ნებისმიერი სტუმარი ჩამოსვლას შეძლებს. ამ ეტაპზე ჩვენი მისია შესრულებულია და აქ უკვე კარგად ვგრძნობთ თავს.
სოფლად ცხოვრება ქართულ დასახლებებში მაინც უფრო ინფრასტრუქტურულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. გზა, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი. საბაზისო საკითხებზე ბიზნესის წამოწყების მსურველს და ადგილობრივ მაცხოვრებელს თავად უწევს ზრუნვა. რთული საქმე სოფლის მეურნეობას ანუ სიცოცხლესთან კეთილშობილურ ურთიერთობას თავადვე შეუძლია შეამსუბუქოს და ხარისხიანი მოსავლით მფლობელს პასუხიც დაუბრუნოს. საქმიანი ნაწილის გაგრძელება კი მომხმარებლის გამოხმაურებაზეა დამოკიდებული, რომელიც "ოდაშის" პროდუქტს ორ კვირაში პირველად შეაფასებს.

ჯანსაღი ინგრედიენტების ძებნაში ნაპოვნი ფერმერობა - პოსტი XII

ფერმერული ცხოვრება რომ მიმზიდველი გახდა, ვვარაუდობ, თაობის აქტიურობის და ფერმერების მიმართ გაზრდილი ინტერესის დამსახურებაა. თუმცა, მთავარი ა...