Saturday, September 9, 2023

ჯანსაღი ინგრედიენტების ძებნაში ნაპოვნი ფერმერობა - პოსტი XII

ფერმერული ცხოვრება რომ მიმზიდველი გახდა, ვვარაუდობ, თაობის აქტიურობის და ფერმერების მიმართ გაზრდილი ინტერესის დამსახურებაა. თუმცა, მთავარი აქ ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლებიც საკუთარი ცხოვრების სტილს პოულობენ და საუკეთესო მხრიდან ხედავენ შესაძლებლობებს. საქართველოს საიმედოდ, რეგიონებში ბევრი ახალბედა გამოჩნდა, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად გააკეთონ განაცხადი წარმატებულ ფერმერობაზე. მათი წარმოებები ყოველწლიურად უფრო მეტ კაპიტალს წარმოშობენ, ბრენდის ფასეულობას მაღლა სწევენ და გარემომცველ წრეს იზრდიან.  

ნიკა ბაგალიშვილის ფერმა დღეს ჯანსაღი სოფლის მეურნეობით დაინტერესებულებისთვის კარგად ნაცნობია. მისთვის უკვე მეხუთე სეზონი მიმდინარეობს. ნიკას ბოსტნეულის წარმოებაზე ბევრი აქვს სათქმელი. ჯანსაღი ინგრედიენტების ძებნაში აღმოჩენილი ფერმერობა უკვე მთელ სამყაროდ ექცა, სადაც ის თავად ეპიცენტრში დგას, გარშემო კი მომხმარებელი, ფერმერობით დაინტერესებული საზოგადოება და თანატოლები უდგანან, რომლებიც წნორშიც და თბილისშიც სტუმრობენ, ფერმერული მაღაზიის დახლზე კი მის ბოსტნეულს დღის ბოლომდე სრულად ყიდულობენ.

ჩემი მიზანი იყო ჯანმრთელობა. ამიტომ გავაკეთე ეს არჩევანი. თბილისში ვცხოვრობდი, არ ვიცოდი რას ვჭამდი, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა დამეწყო რაციონის მოწესრიგება, ბოსტნეულის წარმოება საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღ პროდუქტებთან წვდომა ყოველთვის მქონდა, მაინც მივიდოდი ამ მდგომარეობამდე, რადგან ბუნებით  ჯანსაღი გარემოსდამცველი ვარ, ბუნება ძალიან მიყვარს და მცენარეებთან მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს”, - მითხრა ნიკამ. 

მიუხედავად არჩევანისა, ემუშავა თბილისში, მან მაინც წნორის გზა აირჩია და ამაზე ახლო მეგობრებმა უთხრეს რომ გულშემატკივრობდნენ, თუმცა საზოგადო განწყობით ხვდებოდა, რომ მიწასთან მუშაობა სახარბიელო პროგნოზის მქონე არ იყო. 

მარტომ დავიწყე საქმე, მშობლები მეხმარებოდნენ. მას შემდეგ ხმა მალე გავარდა. თავისით დატრიალდა ეს ამბები. მე ამხელა მასშტაბებისთვის არ ვფიქრობდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიქნებოდი, სადაც ვარ. ლობიო რომ მოვიყვანე, იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ არ ველოდი. თან ამ დროს ბიო, ორგანული ბოსტნეული არ იყო საზოგადოებაში ცნობილი. ახლა უკვე ძალიან ბევრმა იცის. მაშინ არ მქონდა მიწა, დავიწყე მუშაობა რომ მომეყვანა. ნაქირავებ მიწაზე მოვიყვანე ლობიო, რომელიც მაქვს. მერე უკვე შევიძინე მიწა. სამი ჰექტარი და ჯამში ოთხი ჰექტარი მაქვს.  

აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, თეორიაც რაღაც დონეზე ვისწავლე. ინტერნეტითაც თეორიული ნაწილი მოვიძიე, მაგრამ პრაქტიკა სულ სხვაა. პრაქტიკაში განსხვავებულად ხდება რაღაცები. თუნდაც ერთი, განსხვავებული კულტურა რომ მინდა დავრგო ხოლმე, არასდროს გვხვდება ხოლმე დიდი რაოდენობით. ჩემი წარმოება ძალიან პატარაა, ვტესტავ ხოლმე და მერე ვუშვებ წარმოებაში.  

ფინანსურად ვინ დაგიჭირა მხარი დასაწყისში? 

მერიკო გუბელაძე არის "შავი ლომის" დამფუძნებელი. მან გადმომირიცხა პირველი 500 ლარი. კომენტარი რომ ნახა სადღაც პომიდვრის ჩითილის ფასს ვკითხულობდი, ისე, უცებ გადმომირიცხა თანხა. უდიდესი მუხტი იყო ჩემთვის. ძალიან დიდი მოტივაცია მომცა მაგ ხუთასმა ლარმა.  

როგორ იზრდება ყოველწლიურად შენი მეურნეობის შემოსავალი? 

ძალიან სწრაფად, იმდენად სწრაფად, რომ აზრზე ვერ მოვდივარ. მაგალითად, აი წელს რომ შევხედო ჩემს წარმოებას, ან თუნდაც, გაყიდვებს, ძალიან გაიზარდა და პოტენციალი იმხელა აქვს, რომ საშუალებას მაძლევს 70%-ით გავზარდო. მომხმარებლების რაოდენობა ელვის სისწრაფით იზრდება. შარშან აი, რაღაც რაოდენობა მრჩებოდა ხოლმე გასაყიდი, ბადრიჯანი და რაღაცები. წელს გასაყიდი კი არა, დამატებით რომ მქონდეს კიდევ ბევრს გავყიდდი. ახლა ბევრი გასულია კიდევ ქალაქიდან და მაინც გაზრდილია გაყიდვები. თან ჩემი ფეისბუკ გვერდის მეგობრებმა შარშანდელთან შედარებით 11 000-ით მოიმატა. პლიუს მაგას, "წერტიში" როცა შემაქვს ბოსტნეული, უკვე ელოდებიან. მომხმარებელი ძალიან შემეჩვია.

უმეტესწილად ბავშვთა კვებისთვის მოდიან ხოლმე, ბავშვებზე ზრუნავენ და მიაქვთ ბოსტნეული. 

ფერმერობაში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ გარემოზე და ადამიანებზე ზრუნვა მიყვარს. გარემოს დამცველი ვიყავი და მეურნეობაც ამიტომ ავირჩიე ასეთი. როცა იცი, რომ შენ მიერ მოყვანილ ბოსტნეულს ადამიანები ჭამენ და დარწმუნებული ხარ, რომ არ ავნებ მათ არამედ პირიქით, მათ ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს, ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ბედნიერად და უფრო მოტივირებულად ვგრძნობ ხოლმე თავს.  

საქმის მიღმა არის ისეთი რამ რითიც ერთობი? 

საქმის მიღმა, ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არ მაქვს. ხშირად ფეხბურთს ვთამაშობ. ბავშვობიდან მიყვარს და ფეხბურთის გარეშე არ შემიძლია. ფეხბურთია ჩემი თერაპია. ვწყდები ხოლმე ყველაფერს და რაღაც კონკრეტულზე რომ ვარ ხოლმე ორიენტირებული, ძალიან დიდ თერაპიას ვიღებ. მაგის გარდა, მეგობრებთან ერთად დავდივარ ხოლმე ტირზე და დართსიც მიყვარს. 

რა საკითხებია ისეთი, რასაც არასოდეს ეხები?

რელიგიაა ეგეთი. ნაკლებად ვეხები ხოლმე.  

რა თემაა, რომელზეც ყველაზე ხშირად კამათობ? 

პოლიტიკაზე. უსამართლო რაღაცებზე, რაც ხდება. ადამიანის თავისუფლება იმდენად შეზღუდულია, ადამიანს რისი გაკეთებაც უნდა, მაინც ვერ აკეთებს. ტეხავს რა.  

კარგი მთავრობა უნდა მოვიდეს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ ჩანს. ჩემი აზრით, ძალიან ბევრს შეეცვალა ცნობიერება. ადამიანებმა იციან, რომ მითია ის რომ შხამ-ქიმიკატების გარეშე არ შეიძლება მოიყვანო ბოსტნეული. ეგ მიდგომა ძალიან შეეცვალათ. ახლა დაიჯერეს. ძალიან ბევრი მიკავშირდება ხოლმე რჩევებისთვის. 

წნორში არ ვიცი ვისთვის ვარ მოტივაცია, მაგრამ წნორის გარეთ ვიცი, რომ ვიღაცებისთვის ვარ მაგალითი და მათაც დაიწყეს საქმეების კეთება. პლიუს მაგას, ორი წლის წინ, ნამჯის წვერებზე მქონდა პროექტი, მქონდა "აგრო-სკოლა", ძალიან ბევრ ბავშვში შეიცვალა წარმოდგენა, პლიუს მაგას მშობლებშიც. ნამჯის წვერების წვას რაც შეეხება, ძალიან ბევრი გამოთქვამს პროტესტს, იმის გამო რომ ნიადაგი ზიანდება, ეს გამოიწვია აქტივობამ. 

რას სწავლობ ხოლმე ყველაზე ხშირად სხვებისგან?

შეუპოვრად რომ არიან ხოლმე თავის საქმეში, მეც ეგეთი ვხდები. ადრე უფრო სხვანაირად ვიყავი ხოლმე, ყურებს ჩამოვყრიდი ხოლმე, რაღაცნაირად, მერე ირგვლივ რომ ვუყურებ ხოლმე ადამიანებს, რამდენს შრომობენ მართლა, ჩემი შრომა არაფერია იმათთან შედარებით. მათგან მოტივაციას სწავლობ და შეუპოვრობას.  

სოფლის მეურნეობის მერე ალბათ უფრო აგროტურიზმში გადავალ, სექტემბერში დავიწყებ და უფრო აგროტურიზმში ვიტრიალებ. 

ვისთან თანამშრომლობ?  

ჩემთვის, "ორგანიკაში" ვყიდულობ ხოლმე, ორგანული თესლები აქვთ, გაღივებული მარცვალი.  ვცდილობ ხოლმე, რომ ყველაფერი ორგანული იყოს, მაგრამ ძალიან ძნელია. ჩემი აგროტურისტი რომ გადავა მეურნეობაში, კაფეც რომ იქნება ადგილზე კვებისთვის, ყველაფერი ორგანული მექნება. Რაც ჩვენთან არ იწარმოება იმას ვიყიდი ხოლმე. 

ვის ჰქვია შენი აზრით ფერმერი და როგორ არჩევს ადამიანი ფერმერობის ფორმას? 

ყველა ფერმერმა უნდა სცადოს თავისივე ფერმის შექმნა, როგორიც მას მოეწონება და სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს. ყველა ფერმერია, ვინც რამე ფერმერულს აკეთებს და ფინანსური სარგებელი აქვს. მე ვარ ფერმერი? არ ვიცი ვინ ვარ. მოსავალს ვაწარმოებ და ჩემი საქმე მიყვარს. მე უფრო სიახლეების მიმდევარი ვარ სოფლის მეურნეობაში. 


დემეტრე ერგემლიძე 


ვალერ ჭიტაძე სოფლად განვითარების გზებზე გვიამბობს - თვალსაწიერი წირქვალიდან

ვალერ ჭიტაძე რამდენიმე წლის წინ, ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების კვლევის დროს აღმოვაჩინე. წირქვალელი ახალგაზრდა მაშინ საზოგადოების...