Sunday, November 5, 2023

ეკოსოფელი საქართველო - ამბავი ენთუზიასტებზე, რომლებსაც ნინიგორში ერთად დასახლება სურთ

ეკოსოფელი თვითკმარი თემია, რომელიც თავისი ცხოვრების წესით, ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად თანაცხოვრობს. მსოფლიოში 10 000-ზე მეტი ეკოსოფელია, სადაც მაცხოვრებლები მდგრადი და თვითორგანიზებადი საზოგადოების ჩამოყალიბებაში იღებენ მონაწილეობას. ასეთ საზოგადოებებს განახლებადი ენერგიის, ეკოლოგიური ნედლეულის მოხმარება, თვითკმარობა და თანამშრომლობა ახასიათებთ. ეკოსოფლის საერთო, სასარგებლო საქმეში მაცხოვრებელი სრულადაა ჩართული. სისტემები გულისხმობს განვითარებას, მუდმივ განახლებას და რეგენერაციას.

ეკოსოფლები იქმნება ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს შესწავლითა და გათვალისწინებით. მათი დამახასიათებელი ნიშნებია განახლებადი ენერგიის გამოყენება, პერმაკულტურისა და ორგანული მეურნეობების პრაქტიკა, ჰოლისტიკური მიდგომა მდგრადი სამშენებლო მასალების მიმართ, რაც ნახშირბადის ნაკლებ კვალს და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს გულისხმობს. 

ეკოსოფლები შექმნილია პოზიტიური ფასეულობების წარმოსაშობად. თემმა უნდა უპასუხოს ადგილობრივ ეკოლოგიურ დღის წესრიგს და ამავდროულად საზოგადო ღირებულებებს, როგორიცაა, თანასწორობა, პატივისცემა, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, სტუმართმოყვარეობა, პატივისცემა და თანამშრომლობა ადამიანებს შორის. 

"ეკოსოფელი საქართველო" უკვე ხუთი წელია ყალიბდება. თანამოაზრეების მცირე ჯგუფი ჯანსაღ და სასარგებლო ცხოვრების წესს ქმნის, მოხალისეობრივად მუშაობს და მდგრად საფუძველზე მომავალი საცხოვრებლის ასაშენებლად ზრუნავს. გუნდის მიზანია, მიიღოს ეკოლოგიურად ცხოვრების ყველა უპირატესობა: გაუმჯობესებული ჯანმრთელობა, ტოქსიკური ქიმიკატებისაგან დაცული რაციონი, მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდილი და ბიომრავალფეროვანი გარემო.  

        

ეკოსოფელი ლაგოდეხში, ნინიგორში აშენდება. ტერიტორიის პირველი ფართობი, სადაც დამფუძნებელი გუნდი განაშენიანებას გეგმავს, 6.5 ჰექტარს მოიცავს. ახლა გუნდის შევსება, მოხალისეობრივი სამუშაოები და ბიუჯეტის ფორმირება მიმდინარეობს. საერთო იდეის განხორციელებისთვის ახალ წევრებს ეკოსოფელში სიამოვნებით ელოდებიან.




პირველ რიგში, როდესაც ეკოსოფლის იდეა გაჩნდა, დავიწყეთ გაცნობით, რათა აღმოგვეჩინა, როგორი ეკოსოფლები არსებობს, რა სახის დასახლებებია, არის თუ არა მსგავსი ჩვენს მახლობლად, რეგიონში?! ეს პროცესი დაგვეხმარა, ნათელი წარმოდგენა შეგვქმნოდა საერთო საჭიროებების შესახებ, რაც შემდგომ საერთო ღირებულებებად იქცა. ამიტომ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე, ამ საკითხებს განვიხილავდით.

ჩვენთვის ეკოსოფლის იდეა პირველ რიგში გარემოსთან და ერთმანეთთან ჰარმონიული თანაცხოვრებაა. შეიძლება გვქონდეს ეკოსოფელი, რომელსაც ასევე ერქვას, მაგრამ ეკოლოგია არ იყოს მთავარი საყრდენი და იყოს მიზანმიმართული თემი, რომლის მთავარი ღირებულებები სხვა პრინციპს ემყარება. მიზანმიმართულ თემს როდესაც ვამბობთ, ვგულისხმობთ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც გადაწყვეტს, ერთად დასახლებას, მერე საერთო ღირებულებების საფუძველზე თავისი საცხოვრებელი ადგილის აშენებას და ერთად მუშაობას იწყებს. ეკოსოფელში კი პრინციპად ეკოლოგია აქვთ აღებული იზიარებენ იარაღს ან ეხმარებიან ერთმანეთს ნადის წესებით, სხვადასხვა სახის ცოდნას თაობათა შორის გადასცემენ, შეიძლება სამუშაოების საკუთარი პრაქტიკა ჰქონდეთ და ა.შ.- მითხრა ნინი ხუროშვილმა, მკვლევარმა, ეკოსოფლის გუნდის წევრმა. 

რამდენიმე კვირის წინ დამფუძნებელთა ჯგუფი ლაგოდეხის სოფელ ნინიგორში, იმ მიწაზე იმყოფებოდა, სადაც მშენებლობის დაწყებასა და სათემო სახლის სრულყოფილად აღდგენას გეგმავს. ეკოსოფლის წევრობისათვის ფინანსური კონტრიბუციაა აუცილებელი, თუმცა მოხალისეობრივ საქმეში ჩართვაც თანაბარმნიშვნელოვანია.

სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იქნება. ჩვენ ვერ გავაკეთებთ განაცხადს მდგრადობაზე, თუ ჩვენთვისვე საჭირო პროდუქციის ნაწილს მაინც ვერ მოვიყვანთ. მაგრამ, მეორე მხარეს არის საგანმანათლებლო შეხვედრები. იქნება ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, რაც იმ ადამიანების ერთობას გააძლიერებს ვინც მასობრივ სოფლის მეურნეობაში ეკოლოგიური პრინციპების დაცვით მუშაობას დაიწყებს.

არის კიდევ ერთი მხარე, არქიტექტურა, ამ მიმართულებით, გვინდა საცხოვრებელი სახლები და საერთო სივრცეები სხვადასხვა მდგრადი ადგილობრივი მასალისგან ავაშენოთ. მაგალითად, ნამჯის სახლი, ხის სახლი, თიხის სახლი, რაც თავიდან ბოლომდე ერწყმის ეკოსოფლის კონცეფციას. 

ნინი მიამბობს, რომ ეკოსოფლებს შორის გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა უცხო არ არის. გასულ პერიოდებში თავად ოთხ ევროპულ ეკოსოფელში უცხოვრია. გუნდის დანარჩენ წევრებსაც აქვთ მსგავსი გამოცდილება. 

როგორც ქართულ, ისე მის მეგობარ, სხვადასხვა ეკოსოფელში ცხოვრების მიმართულება ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი თემი ემყარება სოფლის მეურნეობისთვის რეგენერაციულ მიდგომას, ვეგანიზმს, ადგილობრივი ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტის ან  ეკო მეწარმეობის ფორმებს. 

ფოტო: ლიტაგორა (ეკოსოფლის დამფუძნებლები გიორგი ჭოჭუა და ნინი ხუროშვილი)

ჩვენ მნიშვნელოვანი გადაკვეთა გვექნება იმ საზოგადოებასთან, რომელიც ლაგოდეხში ცხოვრობს. თანაცხოვრებისთვის საჭიროა, თანხვედრაში იყო და იზრუნო ქვეყნის რეგიონული განვითარებისათვის, როგორც სოციალური და კულტურული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. აქტივიზმი ამ სფეროში არის არა მხოლოდ მუშაობა, არამედ  სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობა, იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი პოზიციები კანონმდებლობასა და კოოპერირების დონეზე. 

სოფლად განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ორგანული, თანამშრომლობითი და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები დავამყაროთ როგორც მიმდებარე სოფლებთან, ასევე მუნიციპალიტეტთან. 

იგივე შეიძლება ითქვას ინიციატივაზე დემოკრატიული სკოლის შესახებ, რომელიც რამდენიმე წელიწადში გვინდა განვახორციელოთ. გვინდა ადგილობრივი ბავშვებისთვის ხელშეწყობით ან უფასოდ იყოს სწავლა. განათლების კომპონენტში მნიშვნელოვნად ვხედავთ და ვიაზრებთ, რომ ერთმანეთისთვის ცოდნის გადაცემის დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ამ მიზნით გვინდა მოვაწყოთ გასვლითი ღონისძიებები, ლაშქრობები და ა.შ.

პირველი, რასაც "ეკოსოფელი საქართველოს" გუნდი გააკეთებს სათემო სახლის მოწყობაა, რაც ამჟამინდელ ფერმის რეაბილიტაციას და იქ შეხვედრების ადგილის, სახელოსნოს, სტუმრების მისაღები სივრცისა და მოხალისეებისთვის ღამისთევის ადგილის მოწყობას მოიაზრებს. თემის პირველი თავმოყრა საკუთარ სახლში ალბათ ყველაზე ემოციური ნაწილი იქნება სოფლის მშენებლობის კულმინაციურ ეტაპზე. ამ დღეს ალბათ მომავალი წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ. ეკოსოფლის მშენებელთა ჯგუფში ჩართვა კი, სურვილის შემთხვევაში, თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით უკვე შეგიძლიათ.


ეკოსოფელი საქართველო - ამბავი ენთუზიასტებზე, რომლებსაც ნინიგორში ერთად დასახლება სურთ

ეკოსოფელი თვითკმარი თემია, რომელიც თავისი ცხოვრების წესით, ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად თანაცხოვრობს. მსოფლიოში 10 000-ზე მეტი ეკოსოფელია...