Monday, March 25, 2024

ვალერ ჭიტაძე სოფლად განვითარების გზებზე გვიამბობს - თვალსაწიერი წირქვალიდან



ვალერ ჭიტაძე რამდენიმე წლის წინ, ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების კვლევის დროს აღმოვაჩინე. წირქვალელი ახალგაზრდა მაშინ საზოგადოებისთვის ეკოლოგიის დამცველი მოძრაობის შექმნითა და მარგანეცის მომპოვებელ კოოპერატივებთან წინააღმდეგობით გახდა ცნობილი. მის შესახებ რამდენიმე სტატია დაიწერა და ვალერი ფაქტობრივად გაჩნდა პრეცედენტის სათავეში, როდესაც მარგანეცის მომპოვებელმა ჯგუფებმა ჭიათურაში უკან დახევა შეძლეს და წირქვალს მშვიდად განვითარების საშუალება მიეცა.

დღეს როდესაც უკვე გაზაფხულია და სოფლად მეურნეობის აქტიური სეზონი დაიწყო, ვალერი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ერთი მხრივ მემცენარეობა და ფერმის ცხოველების მოვლა, მეორე მხრივ კი ლაშქრობით დაინტერესებული სტუმრებისთვის საფეხმავლო ბილიკების აღმოჩენა, გაწმენდა, მარკირება და გიდობა, რასაც უკვე მეოთხე წელია აკეთებს. წირქვალში ჩამოსული ტურისტი მისგან სასიამოვნო ბუნებრივ გარემოს, წყლის წისქვილზე დაფქულ ყავას და პალეოლითის დროინდელი ადამიანის მიერ შექმნილი იარაღების დათვალიერებას უნდა ელოდეს. ვალერთან ერთად სოფელი უფრო ცოცხალი და იმედიანია, ვიდრე ჭიათურის დანარჩენი დასახლებები, რომლებმაც ინდუსტრიული მომპოვებლობის უარყოფით შედეგებს ვეღარ გაუძლეს.


სოფლად ცხოვრება, ვალერ, შენი აზრით, რის საშუალებას აძლევს ადამიანს განვითარების ამ ეპოქაში, რა პერსპექტივა აქვს და მის მომავალს როგორ ხედავ?


პერსპექტივა დღეს სოფელში არ არის. ალბათ ამიტომაც, ინტერესი სოფლის მიმართ არ არის. პრობლემა ისაა, რომ ადამიანს რეალიზება უნდა, მეორე მხრივ კი უნდა განვითარდეს, ამიტომ სოფლად მცხოვრებ ადამიანს ადგილზე უნდა ჰქონდეს წარმოება, მოჰყავდეს პროდუქტი, მოვიდნენ სტუმრები, ადგილზე დააგემოვნებინოს, ადგილზევე გაყიდოს, ადგილზევე გაეცნონ ამ პროცესებს და ეს უფრო წამახალისებელი იქნება ფერმერებისთვის. 


ვინ არიან ადამიანები, ვინც აქ ყოფნის განმავლობაში შემოიკრიბნენ შენ გარშემო, როგორი წრე შეიქმნა, რით არიან დაინტერესებულნი, ინტერესის რომელმა სფერომ გაგაერთიანათ?


ეგ არის პრობლემა, ადამიანები ფაქტობრივად ვერ შემოვიკრიბე ჯერჯერობით. ამიტომ ვამბობთ, რომ პერსპექტივა კი აქვს, მაგრამ დღეს ვერ ვიტყვით, რომ პერსპექტიული საქმეა. სოფელში თუ ვიმუშავებთ, პერსპექტივა უნდა შევქმნათ ჩვენ.


ეკოლოგიით რამდენად დიდი დაინტერესებაა დღეს ჭიათურაში?


ძალიან ცოტა. ცოტაა მაინც, იმიტომ რომ რეალურად არ იციან, ჰქონიათ შეხება რამდენიმე ადამიანთან, რომელთაც პრეტენზია აქვთ ბიოზე, ბიო წარმოებაზე, მაგრამ რეალურად არ იციან რას ნიშნავს ბიო და რას ნიშნავს გარემოზე ზრუნვა. გარემოზე ზრუნვა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენ ჰერბიციდი არ გამოიყენო, სასუქი არ გამოიყენო. 


როგორ ფიქრობ, ეს ორგანული ინტერესი ეკო გარემოს დაცვის მიმართ რეგიონში მანგანუმზე ინდუსტრიული მუშაობის ალტერნატივად გაჩნდა? 


რაღაც ახალი ინტერესი მინდოდა რომ გამოჩენილიყო რეგიონში. რომ არ ვყოფილიყავით დამოკიდებული მხოლოდ ერთ რამეზე, მაგალითად მანგანუმის წარმოებაზე. სხვა მრეწველობა ფაქტობრივად არც გვაქვს. დავიწყე სამოყვარულო დონეზე, მერე გამიჩნდა ამბიციასავით, რომ რაღაცნაირად საინტერესო გამხდარიყო ეს რეგიონი სხვა ადამიანებისთვის, მართალია ერთ მერცხალს ვერ მოჰყავს გაზაფხული, მაგრამ მე ჩემი საქმით მინდოდა მაგალითი მიმეცა სხვებისთვის. მხარდამჭერების და თანამოაზრეების პოვნა არის საჭირო, რათა ამ რეგიონმა იმავენაირი განვითარების ნაცვლად, მეტად განსხვავებული, სუფთა და ჯანსაღი გზა იპოვოს. 


როგორ უნდა მოვიდეს ადამიანი წირქვალში?


ძალიან მარტივია. თბილისიდან 2.5 საათში მანქანით ხარ წირქვალში. ამ დროში 2 საათი ჭიათურამდე და 10-15 წუთი ტაქსით ან სოფლის ტრანსპორტით, რომელიც საღამოს 6 საათამდე ზამთარში, ზაფხულში 7-ის ნახევრამდე მუშაობს. ჩვეულებრივად, ქალაქის ცენტრიდან მოვა ჩემამდე. 


მოლაშქრეებზე რას მეტყვი? როგორი სიხშირით მოძრაობენ ამ მიმართულებით? შენი მეურნეობა და ეზო თუ გახდა მათთვის მიმზიდველი?


ჩემს ეზოში ჯერ-ჯერობით ხალხმრავლობა არ არის და არც მუშაობის პროცესია, რომ საინტერესო გახდეს მოლაშქრეებისთვის. ჯერ-ჯერობით ისეთი ადამიანები მოდიან, ვინც შიდა, სამეგობრო წრიდან მიცნობს. დავდივართ ამ ბილიკებზე, მაგრამ ჩემი მიზანია, რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნო ჭიათურა და შემოგარენი. 


ისეთი გარემოა და ბილიკები, ისეთი ძეგლებია, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ბევრ მარშრუტს საქართველოში, როგორც გეოგრაფიულმა მდგომარეობამ, ლანდშაფტმა, მდინარეებმა, უამრავი მღვიმეა ჭიათურაში. ძალიან საინტერესოა ქვის ხანით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ჭიათურა მარგალიტია ამ მხრივ, ვისაც აინტერესებს ჰომოსაპიენსის ცხოვრება. ყოველ ნაბიჯზეა ჭიათურაში მღვიმეები, ძაფის წარმოება აქედან დაიწყო, პირველი ევროპელი ადამიანი აქ დასახლდა, ბევრი საინტერესო რამეა. ბევრი საინტერესო რამის გაგება, ნახვა და შეგრძნება შეუძლია ადამიანს. სრულიად ჩვეულებრივი ლაშქრობის დროს ადამიანს შეუძლია იპოვოს რაღაც, კაჟის იარაღი, ნამარხი ან გაქვავებული მოლუსკი. მაგალითად, წინა ჯერზე, საწალიკეზე ვიპოვე მოლუსკი, იმ მომენტში არ დავაკვირდი, იმიტომ, რომ ნამარხს ჰგავდა და ჩვეულებრივი მოლუსკი აღმოჩნდა, რომელსაც მეტალის სტრუქტურა აქვს. ახლაც აქ მიდევს, ვაგროვებ ასეთ ექსპონატებს. 


ანუ, გარდა იმისა, რომ ცხოვრობ, თან ხარ მკვლევარი შენივე რეგიონის. საინტერესოა, ეს კვლევა და შრომა რამხელა მასშტაბისაა, რამხელა ენერგია უნდა მოახმარო, რომ ეს არტეფაქტები შეაგროვო, აქაურობა მოაწყო ისე, რომ უმასპინძლო სტუმრებს და გქონდეს მოწესრიგებული როგორც მეურნეობა, ისე ეზო და სალაშქრო გზები?


ჩემი ენთუზიაზმის ხარჯზე ვაკეთებ ამას და მყავს რამდენიმე მხარდამჭერი. 




ანუ დაიწყე ბუნებრივად, რაც მოგივიდა აზრად და ახლა ერთად გაქვს ყველაფერი თავმოყრილი.


არის უამრავი მასალა, ინტერესის შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს პირველადი კვლევა. ფაქტობრივად რეგიონი არის გამოკვლეული, რაც ძალიან საინტერესო იქნება სტუმრებისთვის. 


როდესაც ტურისტი და მოლაშქრე მოდის, შენს ეზოში რა სერვისის მიღება შეუძლია?


ძირითადად, ღამის გასათევი. თანხას იხდის, დაბანაკდება, შხაპს მიიღებს. ჯერ ჯერობით ეს კონცეფცია არის დასახვეწი. საბოლოო ჯამში, როდესაც ეს პროცესი დაიწყება, ვფიქრობ, ბილიკებზეც მოგვაქცევენ ყურადღებას, გავაკეთებთ მარკირებას და მოვაწყობთ საერთაშორისო სტანდარტებით. 


რომელ ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობ და რა არის განვითარების შემოთავაზებული გეგმა.


ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი თანამშრომლობები არ არის, მაგრამ ვმეგობრობ “ელკანასთან”, მაქვს კომუნიკაცია “გასტრო ტურიზმის ასოციაციასთან”. პერსპექტივაში შეიძლება იყოს თანამშრომლობა. ამაზე ფიქრია ჯერ საჭირო. 


ადგილობრივად რა კულტურა მოგყავს და თუ გაქვს უკვე პროდუქტების ჩამონათვალი, რისი წარმოებაც გინდა?


ზემო იმერეთისთვის დამახასიათებელია, მაგალითად სოია, სიმინდი, სელი, ჯერ-ჯერობით ისევ სტანდარტულად ვფიქრობ გავაგრძელო სოფლის მეურნეობა, დავტვირთო მაქსიმალურად ის რესურსი, რაც მაქვს. მინდა პატარა საწარმოც გავაკეთო, ჯემები ვაწარმოო, ძალიან კარგი იქნება თუ პურის ცხობას ცოტა წინ წამოვწევ. ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ჩემი პურების მიმართ და ისედაც ქართულ და ჯანსაღ პურებზე აქვთ მოთხოვნა. 





ანუ შეძლებ, რომ დააინტერესო გასტრო და ეკო მეურნეობა ერთმანეთთან დააკავშირო. ასევე, მაინტერესებს, მომავალ წლებში რომელ კულტურაზე შეაჩერებ არჩევანს, რაიმე ინტერესი თუ გაქვს?


სოიო, ასე თუ ისე მოძლიერდა და სელი ალბათ, იმიტომ, რომ სელს დიდი ისტორია აქვს ამ რეგიონში. სელის ბოჭკოს ძაფია აღმოჩენილი 35 000 წლის წინანდელი ამ სოფლის ტერიტორიაზე. მცენარე აქ ან ველურად იზრდებოდა ან კულტურულ გარემოში. ძალიან საინტერესო იქნება და ძალიან ავთენტური. ალბათ ვაზიც. ვეცდები, რომ გავაშენო ენდემური ჯიშის ვაზი, წირქვალის თეთრი. აქაური ენდემია, აქ აღმოჩენილია. ჩემი ძველი ვენახები მინდა, რომ განვაახლო. ახალი ენდემური ადგილობრივი ჯიშით. ეგ იქნება შემდეგი პერიოდის სასურველი მიზანი.


ჩემი მიმართულება არის მემცენარეობა, თუმცა მყავს ცხოველებიც, რომლებიც არიან უბრალოდ, შინაური ცხოველები ვეგანურ გარემოში. ძალიან ბედნიერი, შინაური გარემო აქვთ. ჩემი მიმართულება არ არის მეცხოველეობა, მთლიან კონცეფციაში ეს არ ჯდება, ამიტომ მემცენარეობასაც მივყვები და საბოლოოდ ისეთ პროდუქტს მოვიყვან, რაც არის ჯანსაღი და ვეგანური სტილის მქონე. 


საბოლოოდ მიხარია. არავის ადგება ჩემი ქმედებით ზიანი. არც გარემოს, ცხოველებს, არავის არ ადგება ზიანი. 





ძალიან კარგად მესმის ეგ ამბავი. მითხარი, წყლის წისქვილზე ყავის დაფქვა რამ მოგაფიქრა?


ყავის წისქვილზე დაფქვა… მგონი 2019 წელი იყო, ხუთი წლის წინ ჩემი მეგობარი იყო სტუმრად, ჯოზეფ სმიტი აქ ცხოვრობდა წლების განმავლობაში, საქართველოში. წირქვალში რომ ჩამოვიდა პირველად, ძალიან მოეწონა და ერთ ორ კვირაში დაბრუნდა. ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე აქ და წისქვილი რომ მქონდა, თავისთავად, იცოდა. სიმინდზე ვსაუბრობდით ხოლმე ხშირად. ასე, საუბარში წამოვიდა ერთხელ, რა მაგარი იქნებოდა, წისქვილზე დაგვეფქვა ყავა, კარგი-მეთქი და მოვილაპარაკეთ. სანამ მეორედ ჩამოვიდა, ვიყიდე ყავა, ამოვედი და დავფქვით. ამის მერე ხშირად ვფქვავ ხოლმე. 


შთამბეჭდავია, როცა იცი, რომ წისქვილზე ფქვავს ადამიანი ყავას, გამახსოვრდება.


ცივად იფქვება, ქვაზე იფქვება, უფრო ჯანსაღია და გემრიელიცაა. განსხვავებული არის, იმიტომ რომ ცივად იფქვება და ყავის სასარგებლო თვისებებს არ კარგავს გადამუშავების პროცესში. როდესაც ცხელდება რკინის მექანიზმი, ქვა ფქვავს დიდი ბრუნით, საფქვავი ცხელდება და შრება. წყლის წისქვილს კი ის უპირატესობა აქვს, რომ ნელი ბრუნია, ქვაზე ცივად იფქვება, სიმინდიც, ყავაც, სოიაც და გამოდის უფრო გემრიელი, კიდევ უფრო არომატული. 


ყველაზე ხშირად საიდან მოდიან შენთან ტურისტები და მნახველები და რას ცვლის მათი სტუმრობა შენთან?


ჭიათურა ცოტა გარე ზონაა,  ცოტა რთულია კომუნიკაცია. არადა ბიომეურნეობის მხრივ, ჭიათურას აქვს პერსპექტივა, გვაქვს გარემო, მიწებიც, მცირე მიწებია და ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჭიათურაში ბიო მიწები, ვიდრე ასეთი ფართო მეურნეობები, იმიტომ რომ ამის არც მიწაა და არც რესურსია, არც მექანიზაციაა ისე განვითარებული, იმიტომ რომ ქვაგორიანია, რავიცი, ძირითადად, თბილისიდან არიან და წეღანაც ვთქვი, უფრო მეტად არიან სანაცნობო წრეებიდან, მეგობრები, მეგობრის მეგობრები. ჯერ-ჯერობით ჩემი მიზანია, კიდევ უფრო საინტერესო გახდეს აქაურობა და ადამიანს მართლაც უღირდეს აქ ჩამოსვლა. 

2 comments:

  1. Hi sir, I always enjoy reading ur insights on agriculture. ur blog has been a great resource for knowing about sustainable practices. I noticed there haven't been any new posts in the last 5 months. Hope everything is okay!! Looking forward to your next article whenever you start writing again.

    ReplyDelete

ვალერ ჭიტაძე სოფლად განვითარების გზებზე გვიამბობს - თვალსაწიერი წირქვალიდან

ვალერ ჭიტაძე რამდენიმე წლის წინ, ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების კვლევის დროს აღმოვაჩინე. წირქვალელი ახალგაზრდა მაშინ საზოგადოების...