Monday, October 23, 2023

მესაქონლეობის ექსპოზე ჯიშობრივად მრავალფეროვანი საქონელი წარმოადგინეს - პოსტი XIII

სოფლის მეურნეობის განვითარების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი წონა ენიჭება ფერმერებისა და  დარგის წევრების ერთმანეთთან შეხვედრას. ყოველწლიურად ამისთვის "მესაქონლეობის ექსპო" იმართება. ეს დღე ბევრნაირ შესაძლებლობას აძლევს მსურველს გაიცნოს ფერმერული საქმიანობის ყოველწლიურად მზარდი სფერო; შეაფასოს საერთო განწყობა და საკუთარი იდეა, კავშირები და გეგმები გაამყაროს.



მაღალპროდუქტიულ, ჯიშობრივად განვითარებულ ძროხებს აქ ფერმერები ერთმანეთს აჯიბრებენ, მრავალფეროვან და სანახაობრივად მდიდარ დღეს სჩუქნიან სტუმარს. 

ჯიშიანი საქონლის პირველი გამოფენა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2006 წელს გაიმართა. მას მოჰყვა 2019 და 2022 წლების ექსპო, რომელიც წელს ტრადიციის მიხედვით, გაგრძელდა. ლისის იპოდრომი უკვე ფერმერების შეკრების ადგილად იქცა. ფერმერები საქართველოს ბევრი კუთხიდან ჩამოვიდნენ თავიანთი საქონლის წარმოსადგენად. უმეტეს მათგანს რძის პროდუქტების კომპანიები მოჰყვნენ, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწარმ ყველს, მაწონს, ნადუღს, არაჟანსა და ადგილობრივი დასახელების პროდუქტებს წარმოადგენდნენ. 

დეგუსტაციის სივრცეები იპოდრომის მიმდებარედ, ეზოში იყო მოწყობილი რაც უფრო პიკნიკის განწყობას ქმნიდა. ლისის იპოდრომის შენობაში, აგრომექანიზაციის, პრეპარატებისა და სხვა ტექნოლოგიური პროდუქტის წარმდგენი კომპანიები იყვნენ განლაგებული. მათ საქმიანი ურთიერთობისთვის დრო სიხარულით გამონახეს. ასევე, ჩაერთნენ ჩემპიონი საქონლის დაჯილდოებაშიც, სხვადასხვა ოდენობის საკვებისა და ვეტერინარული მომსახურების ვაუჩერები გამარჯვებული ძროხების პატრონ ფერმერებს გადასცეს.


გამარჯვებამდე სამი მაღალპროდუქტიული ფური, ამდენივე ხბო და დეკეული მივიდა. გამოარჩიეს საუკეთესო ადგილობრივი ჯიშებიც, რომლებიც შემდეგი მრავალფეროვნებით იყო წარმოდგენილი: მეგრული წითელი, ხევსურული, მთის და კავკასიური წაბლა. 

გამარჯვებულები გამოვლინდნენ ლოტოტრონითაც. სტუმრებს შორის ყველაზე იღბლიანები აგრო კომპანიების პრიზებით დასაჩუქრდნენ.

ექსპოს მხარდამჭერები შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია” და საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია იყვნენ. აგრარული სკოლის დირექტორმა, თინა მახარაძემ მითხრა, რომ ფერმერებს ეს შესაძლებლობა მომავალ წელსაც მიეცემათ, რადგან მიმდინარე წლებში ექსპოს კარგი შედეგები მოჰყვა. მისთვის მნიშვნელოვანია, ფერმერებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაციის გაცვლის საშუალება, სკოლის სტუდენტები სფეროს აქტიურ წევრებად იქცნენ და გააძლიერონ ტრადიცია, რომელიც აგრარულ განათლებას, პრაქტიკას, ტექნოლოგიებსა და დამხმარე რესურსების კომპანიებს ერთმანეთის გვერდით, საერთო სივრცეში შეახვედრებს. ექსპოს თინათინი იმპულსის მიმცემად ახასიათებს და ამბობს, რომ ამ ფორმით, ფერმერობის, როგორც მრავალმხრივად გამორჩეული საქმის წარმოჩენა შეუძლია. განსაკუთრებულად აღნიშნა ის, რომ ექსპოზე ბევრი ბავშვი იყო მისული, რომლებიც ცურის რბილ მულაჟებს წველიდნენ და ნამდვილი მომავალი ფერმერებივით ირთობდნენ თავს. 

წარმოდგენილი საქონლის შეფასებაში ჩართულმა ჟიურიმ, პროფესორმა გიული გოგოლიმ მითხრა, რომ წელს სანაშენე საქმის ასოციაციის მიერ, კიდევ ერთი ნაბიჯი იყო გადადგმული, რათა სელექციით მიღებული შედეგები უფრო დიდი აუდიტორიისთვის ყოფილიყო ნაცნობი. მან მითხრა, რომ საქართველოში წამოწყებული ფერმერული საქმე და ჯიშობრივი განვითარების პროგრამები ახალფეხადგმულია და სახელმწიფო მალე დაიწყებს მათ ხელშეწყობასა და რეგულირებაზე ზრუნვას. 

“2019 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გამოცდილება, დიდი ენთუზიაზმით და მასში ჩართულ სპეციალისტთა მხარდაჭერით საკმაოდ კარგად გაიმართა პირველი და შთამბეჭდავად გაგრძელდა მეორე გამოფენა. მას შემდეგ განვითარება კიდევ იყო და აი წელს ბევრად ორგანიზებულად გაიმართა ეს გამოფენა. მართალია, ბევრნი არ იყვნენ ფერმერები იმათგან, ვინც გასულ წლებში გამოვიდნენ, მაგრამ ახალგაზრდების სიმრავლე კარგად მენიშნა. 

ჯიშობრივადაც, გაცილებით ფართო დიაპაზონით შედგა კონკურსი”, - მითხრა ბატონმა გიულიმ. 

ფერმერების წარმოდგენილი მრავალფეროვანი საქონლიდან საინტერესო იყო ჯერსული ჯიში, რომელიც აქამდე გამოფენაზე არ ყოფილა. ის წელს ხაჭაპურიძეების ოჯახმა წარადგინა, რომელიც მონაწილეობას უკვე მეორედ იღებდა. წინა წლის გამარჯვებით  კმაყოფილები, ყველეულს სტუმრებს ასინჯებდა და ექსპოს დადებითად აფასებდა. ნია ხაჭაპურიძემ მითხრა, რომ განვითარებული პროდუქტიულობის მქონე საქონლის გამოფენა განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო, რადგან ფერმერებს ყოველთვის აინტერესებთ ერთმანეთის მიღწევები. მხიარული,  მუსიკალური წარმოდგენებით შექმნილი გარემო კი საუკეთესო ადგილად იქცა ურთიერთობებისთვის და საქმიანი კავშირების დამყარებისთვის. 

სხვა ფერმერებისთვისაც, რომელთაც ჰქონდათ საშუალება ფერმის მიღმა გამოეტანათ საკუთარი მიღწევები, შესაძლებლობის გზა გაიხსნა, მეტი წარმატების მისაღწევად გამოიყენონ მომავალი სეზონი. ექსპოს ორგანიზატორი "ლენდ'ო ლეიკს, ვენჩერ 37" საქართველოში მუშაობას აგრძელებს და ადგილობრივ მესაქონლეობაში საუკეთესო გამოცდილების ადაპტირებას მომავალ პერიოდში, ფერმერებთან ერთად გეგმავს. როგორი განვითარება მიეცემა უშუალოდ ექსპოს, ამას სიახლეები გვიჩვენებს. მე კი ვეცდები გავარკვიო, როგორ შეთავაზებებს წარმოადგენს პროგრამა "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" პარტნიორი ფერმერების მიმართ. ასევე საინტერესოა, როგორ ურთიერთობას შეინარჩუნებს სახელმწიფო და მესაქონლე, რა სიახლეებს დაამატებს საკუთარ ეკონომიკურ პროგრამებში მთავრობა, სფეროს რომელ ნაწილს გააძლიერებენ დონორები და ვინ გამოირჩევა ამ ფერმერულ წელიწადს მომავალი ექსპოს გამარჯვებულად.

ვალერ ჭიტაძე სოფლად განვითარების გზებზე გვიამბობს - თვალსაწიერი წირქვალიდან

ვალერ ჭიტაძე რამდენიმე წლის წინ, ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების კვლევის დროს აღმოვაჩინე. წირქვალელი ახალგაზრდა მაშინ საზოგადოების...