Monday, March 25, 2024

ვალერ ჭიტაძე სოფლად განვითარების გზებზე გვიამბობს - თვალსაწიერი წირქვალიდან



ვალერ ჭიტაძე რამდენიმე წლის წინ, ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების კვლევის დროს აღმოვაჩინე. წირქვალელი ახალგაზრდა მაშინ საზოგადოებისთვის ეკოლოგიის დამცველი მოძრაობის შექმნითა და მარგანეცის მომპოვებელ კოოპერატივებთან წინააღმდეგობით გახდა ცნობილი. მის შესახებ რამდენიმე სტატია დაიწერა და ვალერი ფაქტობრივად გაჩნდა პრეცედენტის სათავეში, როდესაც მარგანეცის მომპოვებელმა ჯგუფებმა ჭიათურაში უკან დახევა შეძლეს და წირქვალს მშვიდად განვითარების საშუალება მიეცა.

დღეს როდესაც უკვე გაზაფხულია და სოფლად მეურნეობის აქტიური სეზონი დაიწყო, ვალერი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ერთი მხრივ მემცენარეობა და ფერმის ცხოველების მოვლა, მეორე მხრივ კი ლაშქრობით დაინტერესებული სტუმრებისთვის საფეხმავლო ბილიკების აღმოჩენა, გაწმენდა, მარკირება და გიდობა, რასაც უკვე მეოთხე წელია აკეთებს. წირქვალში ჩამოსული ტურისტი მისგან სასიამოვნო ბუნებრივ გარემოს, წყლის წისქვილზე დაფქულ ყავას და პალეოლითის დროინდელი ადამიანის მიერ შექმნილი იარაღების დათვალიერებას უნდა ელოდეს. ვალერთან ერთად სოფელი უფრო ცოცხალი და იმედიანია, ვიდრე ჭიათურის დანარჩენი დასახლებები, რომლებმაც ინდუსტრიული მომპოვებლობის უარყოფით შედეგებს ვეღარ გაუძლეს.


სოფლად ცხოვრება, ვალერ, შენი აზრით, რის საშუალებას აძლევს ადამიანს განვითარების ამ ეპოქაში, რა პერსპექტივა აქვს და მის მომავალს როგორ ხედავ?


პერსპექტივა დღეს სოფელში არ არის. ალბათ ამიტომაც, ინტერესი სოფლის მიმართ არ არის. პრობლემა ისაა, რომ ადამიანს რეალიზება უნდა, მეორე მხრივ კი უნდა განვითარდეს, ამიტომ სოფლად მცხოვრებ ადამიანს ადგილზე უნდა ჰქონდეს წარმოება, მოჰყავდეს პროდუქტი, მოვიდნენ სტუმრები, ადგილზე დააგემოვნებინოს, ადგილზევე გაყიდოს, ადგილზევე გაეცნონ ამ პროცესებს და ეს უფრო წამახალისებელი იქნება ფერმერებისთვის. 


ვინ არიან ადამიანები, ვინც აქ ყოფნის განმავლობაში შემოიკრიბნენ შენ გარშემო, როგორი წრე შეიქმნა, რით არიან დაინტერესებულნი, ინტერესის რომელმა სფერომ გაგაერთიანათ?


ეგ არის პრობლემა, ადამიანები ფაქტობრივად ვერ შემოვიკრიბე ჯერჯერობით. ამიტომ ვამბობთ, რომ პერსპექტივა კი აქვს, მაგრამ დღეს ვერ ვიტყვით, რომ პერსპექტიული საქმეა. სოფელში თუ ვიმუშავებთ, პერსპექტივა უნდა შევქმნათ ჩვენ.


ეკოლოგიით რამდენად დიდი დაინტერესებაა დღეს ჭიათურაში?


ძალიან ცოტა. ცოტაა მაინც, იმიტომ რომ რეალურად არ იციან, ჰქონიათ შეხება რამდენიმე ადამიანთან, რომელთაც პრეტენზია აქვთ ბიოზე, ბიო წარმოებაზე, მაგრამ რეალურად არ იციან რას ნიშნავს ბიო და რას ნიშნავს გარემოზე ზრუნვა. გარემოზე ზრუნვა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენ ჰერბიციდი არ გამოიყენო, სასუქი არ გამოიყენო. 


როგორ ფიქრობ, ეს ორგანული ინტერესი ეკო გარემოს დაცვის მიმართ რეგიონში მანგანუმზე ინდუსტრიული მუშაობის ალტერნატივად გაჩნდა? 


რაღაც ახალი ინტერესი მინდოდა რომ გამოჩენილიყო რეგიონში. რომ არ ვყოფილიყავით დამოკიდებული მხოლოდ ერთ რამეზე, მაგალითად მანგანუმის წარმოებაზე. სხვა მრეწველობა ფაქტობრივად არც გვაქვს. დავიწყე სამოყვარულო დონეზე, მერე გამიჩნდა ამბიციასავით, რომ რაღაცნაირად საინტერესო გამხდარიყო ეს რეგიონი სხვა ადამიანებისთვის, მართალია ერთ მერცხალს ვერ მოჰყავს გაზაფხული, მაგრამ მე ჩემი საქმით მინდოდა მაგალითი მიმეცა სხვებისთვის. მხარდამჭერების და თანამოაზრეების პოვნა არის საჭირო, რათა ამ რეგიონმა იმავენაირი განვითარების ნაცვლად, მეტად განსხვავებული, სუფთა და ჯანსაღი გზა იპოვოს. 


როგორ უნდა მოვიდეს ადამიანი წირქვალში?


ძალიან მარტივია. თბილისიდან 2.5 საათში მანქანით ხარ წირქვალში. ამ დროში 2 საათი ჭიათურამდე და 10-15 წუთი ტაქსით ან სოფლის ტრანსპორტით, რომელიც საღამოს 6 საათამდე ზამთარში, ზაფხულში 7-ის ნახევრამდე მუშაობს. ჩვეულებრივად, ქალაქის ცენტრიდან მოვა ჩემამდე. 


მოლაშქრეებზე რას მეტყვი? როგორი სიხშირით მოძრაობენ ამ მიმართულებით? შენი მეურნეობა და ეზო თუ გახდა მათთვის მიმზიდველი?


ჩემს ეზოში ჯერ-ჯერობით ხალხმრავლობა არ არის და არც მუშაობის პროცესია, რომ საინტერესო გახდეს მოლაშქრეებისთვის. ჯერ-ჯერობით ისეთი ადამიანები მოდიან, ვინც შიდა, სამეგობრო წრიდან მიცნობს. დავდივართ ამ ბილიკებზე, მაგრამ ჩემი მიზანია, რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნო ჭიათურა და შემოგარენი. 


ისეთი გარემოა და ბილიკები, ისეთი ძეგლებია, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ბევრ მარშრუტს საქართველოში, როგორც გეოგრაფიულმა მდგომარეობამ, ლანდშაფტმა, მდინარეებმა, უამრავი მღვიმეა ჭიათურაში. ძალიან საინტერესოა ქვის ხანით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ჭიათურა მარგალიტია ამ მხრივ, ვისაც აინტერესებს ჰომოსაპიენსის ცხოვრება. ყოველ ნაბიჯზეა ჭიათურაში მღვიმეები, ძაფის წარმოება აქედან დაიწყო, პირველი ევროპელი ადამიანი აქ დასახლდა, ბევრი საინტერესო რამეა. ბევრი საინტერესო რამის გაგება, ნახვა და შეგრძნება შეუძლია ადამიანს. სრულიად ჩვეულებრივი ლაშქრობის დროს ადამიანს შეუძლია იპოვოს რაღაც, კაჟის იარაღი, ნამარხი ან გაქვავებული მოლუსკი. მაგალითად, წინა ჯერზე, საწალიკეზე ვიპოვე მოლუსკი, იმ მომენტში არ დავაკვირდი, იმიტომ, რომ ნამარხს ჰგავდა და ჩვეულებრივი მოლუსკი აღმოჩნდა, რომელსაც მეტალის სტრუქტურა აქვს. ახლაც აქ მიდევს, ვაგროვებ ასეთ ექსპონატებს. 


ანუ, გარდა იმისა, რომ ცხოვრობ, თან ხარ მკვლევარი შენივე რეგიონის. საინტერესოა, ეს კვლევა და შრომა რამხელა მასშტაბისაა, რამხელა ენერგია უნდა მოახმარო, რომ ეს არტეფაქტები შეაგროვო, აქაურობა მოაწყო ისე, რომ უმასპინძლო სტუმრებს და გქონდეს მოწესრიგებული როგორც მეურნეობა, ისე ეზო და სალაშქრო გზები?


ჩემი ენთუზიაზმის ხარჯზე ვაკეთებ ამას და მყავს რამდენიმე მხარდამჭერი. 




ანუ დაიწყე ბუნებრივად, რაც მოგივიდა აზრად და ახლა ერთად გაქვს ყველაფერი თავმოყრილი.


არის უამრავი მასალა, ინტერესის შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ გვაქვს პირველადი კვლევა. ფაქტობრივად რეგიონი არის გამოკვლეული, რაც ძალიან საინტერესო იქნება სტუმრებისთვის. 


როდესაც ტურისტი და მოლაშქრე მოდის, შენს ეზოში რა სერვისის მიღება შეუძლია?


ძირითადად, ღამის გასათევი. თანხას იხდის, დაბანაკდება, შხაპს მიიღებს. ჯერ ჯერობით ეს კონცეფცია არის დასახვეწი. საბოლოო ჯამში, როდესაც ეს პროცესი დაიწყება, ვფიქრობ, ბილიკებზეც მოგვაქცევენ ყურადღებას, გავაკეთებთ მარკირებას და მოვაწყობთ საერთაშორისო სტანდარტებით. 


რომელ ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობ და რა არის განვითარების შემოთავაზებული გეგმა.


ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი თანამშრომლობები არ არის, მაგრამ ვმეგობრობ “ელკანასთან”, მაქვს კომუნიკაცია “გასტრო ტურიზმის ასოციაციასთან”. პერსპექტივაში შეიძლება იყოს თანამშრომლობა. ამაზე ფიქრია ჯერ საჭირო. 


ადგილობრივად რა კულტურა მოგყავს და თუ გაქვს უკვე პროდუქტების ჩამონათვალი, რისი წარმოებაც გინდა?


ზემო იმერეთისთვის დამახასიათებელია, მაგალითად სოია, სიმინდი, სელი, ჯერ-ჯერობით ისევ სტანდარტულად ვფიქრობ გავაგრძელო სოფლის მეურნეობა, დავტვირთო მაქსიმალურად ის რესურსი, რაც მაქვს. მინდა პატარა საწარმოც გავაკეთო, ჯემები ვაწარმოო, ძალიან კარგი იქნება თუ პურის ცხობას ცოტა წინ წამოვწევ. ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ჩემი პურების მიმართ და ისედაც ქართულ და ჯანსაღ პურებზე აქვთ მოთხოვნა. 





ანუ შეძლებ, რომ დააინტერესო გასტრო და ეკო მეურნეობა ერთმანეთთან დააკავშირო. ასევე, მაინტერესებს, მომავალ წლებში რომელ კულტურაზე შეაჩერებ არჩევანს, რაიმე ინტერესი თუ გაქვს?


სოიო, ასე თუ ისე მოძლიერდა და სელი ალბათ, იმიტომ, რომ სელს დიდი ისტორია აქვს ამ რეგიონში. სელის ბოჭკოს ძაფია აღმოჩენილი 35 000 წლის წინანდელი ამ სოფლის ტერიტორიაზე. მცენარე აქ ან ველურად იზრდებოდა ან კულტურულ გარემოში. ძალიან საინტერესო იქნება და ძალიან ავთენტური. ალბათ ვაზიც. ვეცდები, რომ გავაშენო ენდემური ჯიშის ვაზი, წირქვალის თეთრი. აქაური ენდემია, აქ აღმოჩენილია. ჩემი ძველი ვენახები მინდა, რომ განვაახლო. ახალი ენდემური ადგილობრივი ჯიშით. ეგ იქნება შემდეგი პერიოდის სასურველი მიზანი.


ჩემი მიმართულება არის მემცენარეობა, თუმცა მყავს ცხოველებიც, რომლებიც არიან უბრალოდ, შინაური ცხოველები ვეგანურ გარემოში. ძალიან ბედნიერი, შინაური გარემო აქვთ. ჩემი მიმართულება არ არის მეცხოველეობა, მთლიან კონცეფციაში ეს არ ჯდება, ამიტომ მემცენარეობასაც მივყვები და საბოლოოდ ისეთ პროდუქტს მოვიყვან, რაც არის ჯანსაღი და ვეგანური სტილის მქონე. 


საბოლოოდ მიხარია. არავის ადგება ჩემი ქმედებით ზიანი. არც გარემოს, ცხოველებს, არავის არ ადგება ზიანი. 





ძალიან კარგად მესმის ეგ ამბავი. მითხარი, წყლის წისქვილზე ყავის დაფქვა რამ მოგაფიქრა?


ყავის წისქვილზე დაფქვა… მგონი 2019 წელი იყო, ხუთი წლის წინ ჩემი მეგობარი იყო სტუმრად, ჯოზეფ სმიტი აქ ცხოვრობდა წლების განმავლობაში, საქართველოში. წირქვალში რომ ჩამოვიდა პირველად, ძალიან მოეწონა და ერთ ორ კვირაში დაბრუნდა. ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე აქ და წისქვილი რომ მქონდა, თავისთავად, იცოდა. სიმინდზე ვსაუბრობდით ხოლმე ხშირად. ასე, საუბარში წამოვიდა ერთხელ, რა მაგარი იქნებოდა, წისქვილზე დაგვეფქვა ყავა, კარგი-მეთქი და მოვილაპარაკეთ. სანამ მეორედ ჩამოვიდა, ვიყიდე ყავა, ამოვედი და დავფქვით. ამის მერე ხშირად ვფქვავ ხოლმე. 


შთამბეჭდავია, როცა იცი, რომ წისქვილზე ფქვავს ადამიანი ყავას, გამახსოვრდება.


ცივად იფქვება, ქვაზე იფქვება, უფრო ჯანსაღია და გემრიელიცაა. განსხვავებული არის, იმიტომ რომ ცივად იფქვება და ყავის სასარგებლო თვისებებს არ კარგავს გადამუშავების პროცესში. როდესაც ცხელდება რკინის მექანიზმი, ქვა ფქვავს დიდი ბრუნით, საფქვავი ცხელდება და შრება. წყლის წისქვილს კი ის უპირატესობა აქვს, რომ ნელი ბრუნია, ქვაზე ცივად იფქვება, სიმინდიც, ყავაც, სოიაც და გამოდის უფრო გემრიელი, კიდევ უფრო არომატული. 


ყველაზე ხშირად საიდან მოდიან შენთან ტურისტები და მნახველები და რას ცვლის მათი სტუმრობა შენთან?


ჭიათურა ცოტა გარე ზონაა,  ცოტა რთულია კომუნიკაცია. არადა ბიომეურნეობის მხრივ, ჭიათურას აქვს პერსპექტივა, გვაქვს გარემო, მიწებიც, მცირე მიწებია და ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჭიათურაში ბიო მიწები, ვიდრე ასეთი ფართო მეურნეობები, იმიტომ რომ ამის არც მიწაა და არც რესურსია, არც მექანიზაციაა ისე განვითარებული, იმიტომ რომ ქვაგორიანია, რავიცი, ძირითადად, თბილისიდან არიან და წეღანაც ვთქვი, უფრო მეტად არიან სანაცნობო წრეებიდან, მეგობრები, მეგობრის მეგობრები. ჯერ-ჯერობით ჩემი მიზანია, კიდევ უფრო საინტერესო გახდეს აქაურობა და ადამიანს მართლაც უღირდეს აქ ჩამოსვლა. 

Wednesday, February 21, 2024

გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეღვინეობა განვითარების მომდევნო ეტაპის წინაშე

როგორ ღირებულებებზე უნდა იდგეს მეღვინეობა, გიორგი ალადაშვილისთვის ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია. მისი ბიოდინამიური მევენახეობა 2015 წლიდან რუისპირში ყოველწლიურად ზრდის წარმატებულ ეტაპებს გადის. სტუმრებს, გულშემატკივრებსა და პარტნიორებს  ხალხმრავალ რთველს, კალოს ლეწვას, ქართული პურის ცხობასა და ღვინის დიდებულ დღესასწაულებს სთავაზობს. გიორგის იდეამ, მიეყვანა ნიადაგის ნაყოფიერება და სიჯანსაღე მდგომარეობამდე, რის შემდეგაც ადამიანის უშუალო ჩარევა სულ უფრო იშვიათად იქნებოდა საჭირო, მისი მეთოდების მიმართ ინტერესი გაზარდა და ღვინის წარმოების მდგრადობა გააძლიერა. 

გიორგიმ ქართული ღვინო შვეიცარიასა და საფრანგეთში გაიტანა. მოყვარულთა წრეს მისი უნიკალური წარმომავლობა წარუდგინა და ყოველწლიურ ფესტივალებსა და გამოფენებზე ადგილი დაიკავა. რამდენიმე წელია მას შვეიცარიული ტელევიზიები ეთერს, შემსყიდველები კი პარტნიორობას, საგანმანათლებლო ტურებს, ღვინის ერთგულ მომხმარებელთან დაკავშირებას და თანამშრომლობას სთავაზობენ, რაც ქართული ნაწარმისთვის დიდი ფუფუნებაა. 


გიორგის ღვინის ღირსებებად უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ქართული ღვინის კეკლუც ხასიათზე, მხიარულ გუნებასა და ხავერდოვან თრობაზე რამ გსმენიათ, მასში ამ თვისებებს ერთდროულად აღმოაჩენთ, გაიცნობთ ქართულ ფესვებს, იგრძნობთ ევროპულ გამოცდილებას და მეღვინის პატივისცემას სტუმრის, გარემოსა და საკუთარი ნაშრომის მიმართ. მეღვინის მიზანი ხომ ერთია, შეინარჩუნოს მიგნებული და დაუფლებული განწყობა, რაც მომდევნო სვლების საფუძველი ხდება. 



გიორგი მეურნეობის შექმნიდან ცხრა წლის შემდეგაც ამ ნაბიჯებს დგამს და გარწმუნებს, რომ მომავალ პერიოდში იქნება უფრო დიდი და დასამახსოვრებელი, როგორც ქართული ღვინის ნიმუში. რუისპირის მეურნეობაში ინახავენ გამოცდილებას და აგროვებენ ცოდნას მომავალ წარმატებამდე მისასვლელად. 


დღეს გიორგი საკუთარ მევენახეობაში მმასპინძლობს. საღამოს მისულს, სტუმრების გარეშე, მეღვინეობის მომავალი გეგმების დასახვაში გადართული დამხვდა.


როგორ ხედავ ბიოდინამიკის გაგრძელებას აქ, რუისპირის მეღვინეობასა და მთლიანად, საქართველოში?!


ერთი, შეიძლება კოოპერაციაში შეხვიდე სხვა მეურნეობებთან, მათთან ერთად გაერთიანდე და რასაც, მცირე ადგილით ვერ წვდები, იმას სხვებთან ერთად შემატებ ფართობს და განვითარდები. მეორე ვარიანტი არის, რომ ადამიანმა ამუშაოს 10-15 ჰექტარი, რაც საკმარისია, რომ საკუთარი პური ჰქონდეს, საკუთარი ღვინო, საჭმელი და მაღაზია.



            


            


როდის ხვდები, რომ უნდა შეაჩერო მეურნეობის ტერიტორიული ზრდა, შეინარჩუნო მასშტაბი და უკვე შექმნილის მდგრადობასა და გაძლიერებაზე იფიქრო?


მაშინ ჩერდები, როდესაც თვლი, რომ უნდა აცადო, გადავიდეს რაღაც ბუმი და ბუმს გადასულმა ისევ გააგრძელო, ახალი მიზნისკენ სვლა. ორი წლის განმავლობაში საერთოდ არ ვჩანდი. ორი წლის განმავლობაში აღარც ფოტოზე ვიყავი, აღარც კადრში… ამ ყველაფერმა რა ქნა?! ადამიანების მეხსიერებაში დალექა “რუისპირის მეურნეობა”, როგორც მაგარი ბრენდი, რომელიც შეჩერდა, რადგან მან უკვე ბევრი გასცა, ბევრი სტუმარი მიიღო, ზოგს მეღვინეობა ასწავლა, ზოგს ესაუბრა. ახლა, რაღაც მომენტში გაჩერდა და აკვირდება, როგორ გრძელდება. შრომა ყოველთვის შველის საქმეს, მეურნეობა მდგრადია, მას სჭირდება დამატებითი იდეები. დამატებით რამდენიმე ადამიანი, ვისაც იდეის გაცვლა და გენერირება შეუძლია. საკუთარი ძალებით ვზრუნავთ საქმეზე და ვაგრძელებთ მუშაობას. 


საქართველოში როგორი სამუშაო გარემოა ფერმერისთვის? თუ მოგეცა თავისუფალი ნება, გემუშავა ისე, როგორც გინდოდა?


ამ ქვეყანაში ადამიანს როცა უთხრეს, გაქვს ინტერნეტი და იყავი რაც გინდა, ჟურნალისტობა გინდა, იყავი ჟურნალისტი, ფერმერობა გინდა, იყავი ფერმერი. ასე გამოვიდა ჩემგან მეღვინე. ჩემ მაგალითს თუ აიღებ, მე ამას ვუყურებ, როგორც ბიოდინამიკური მეურნეობის პრინციპებს, რომლითაც ნიადაგს ვინარჩუნებ და გარემოს ვუფრთხილდები. თუ გუნდში გყავს ეგეთი ადამიანები, რომლებიც ამ პრინციპებს იზიარებენ, იცოდე, ძალიან ძვირფასი ხარ.


ამ საქმეში თავიდანვე ჩავერთე იმ მიზეზის გამო, რომ პროდუქცია ყოფილიყო იმდენად სუფთა, რომ ადგილიდან მომხდარიყო მისი რეალიზება. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ბიოდინამიკოსებისგან საფრანგეთში, იტალიაში. ვნახეთ რეები იყვნენ და დღეს რეები არიან. ეს არის ჩემთვის მაგალითი. მე ვნახე ენთუზიაზმით სავსე ხალხი, ვინც ყველაფერი ნახა, ყველაფერი გააკეთა, მეურნეობა შექმნა, ეტაპს მიაღწია და ახლა მშვიდადაა.


არსებობს იმის შანსი, ამ გუნდმა, რომელმაც ბიოდინამიური მეურნეობა შექმნა, კიდევ რამდენიმე ასეთივე პრინციპების ფერმა აამოქმედოს?


ძალიან დიდი სიამოვნებით, ჩავერთვებოდი ყველანაირ დარგში. დავიწყებდი მეცხვარეობას, თავის მდგომარეობაში, მეთხევეობას თავისი ორგანული წესებით, ბიოდინამიურად, მეფუტკრეობას, მებოცვრეობას ისე რომ მეურნეობაში ბევრი რამის გაკეთება შესაძლებელი ყოფილიყო. იგივე პრინციპებით, შეიძლება შეიქმნას მეურნეობა სხვადასხვა რეგიონში, თუმცა სხვადასხვა წამყვანი კულტურით. მაგალითად, თუ კახეთში იქნება ვენახი, სამცხე-ჯავახეთში შეიძლება ყოფილიყო ხორბალი.


საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე ფერმერი წყვილი, რომლებმაც ბიოდინამიური მეთოდებით დაიწყეს მეურნეობების წარმოება. ცოტაოდენი დანაზოგითა და ცოდნით დაფუძნდნენ აქ, ცხენების მოვლა დაიწყეს… ეს არის იდეების თანხვედრა - თუკი მოხდა, კარგია. თუკი ისე იქნება, რომ დავბერდი და საქმეს ვეღარ გავაკეთებ, აუცილებლად მოვა წყვილი, რომელიც ამას გადაიბარებს.


მაგრამ მე არ მინდა ვაჩვენო ვინმეს რომ ეს თითით საჩვენებელი მეურნეობა სადღაც ჩაიკეტა, ეს მეღვინეობა არის მაგალითი, ვინ ვართ ქართველები. აბა, მოვიდეს ვინმე და მითხრას, რომ ჩემ ღვინოში ან ჩემ მოყოლილ ამბავში რაღაც დევს მარკეტინგული. არა, მე მესმის ცხოვრება. მესმის ისე, როგორც ევროპელებს ესმით, ჩვენი მენტალობა რაღაცნაირად დაემთხვა. 


საქართველოში კარგი ის არის, რომ თუ ვინმემ მოინდომა ღვინის დაყენება, ისწავლა. თან, ამავდროულად, ძალიან კარგ დროს დაიწყო ქვევრის ღვინის პოპულარიზება. გარშემო ბევრმა საკუთარი ღვინის დაწურვა დაიწყო. თან საქმეა, თან შემოსავალი. რაც არ უნდა ფერმა ააწყო, შემოსავლიანი ხომ უნდა იყოს. შინაარსი ხომ უნდა ჰქონდეს?! ამიტომ, უნდა იშრომო და გახდე მაგალითი, პირველ რიგში, სხვებისთვის. 



მეურნეობაში რაზე ეფუძნები, რა გაძლევს მდგრადობისა და  განვითარების საშუალებას?

ყოველთვის ერთ ძირითად პროდუქტზე უნდა იყო აქცენტირებული. აქ წამყვანი პროდუქტი ღვინოა. მაგრამ, პლუს, კიდევ თუ აქ ვცხოვრობ კიდეც, რატომაც არ უნდა მქონდეს სტუმარმასპინძლობა, ფარმჰაუსი, ბიოდინამიკა, ეს ყველაფერი? ჩემი სისტემა ისე მაქვს აწყობილი, ორ დღეზე მეტს არ დარჩეს ადამიანი. აქ მოდის ისეთი სტუმარი, ვინც ეძებს სიმშვიდეს, ღვინის სტილს, ბუნებას. დილით რომ ადგება და ჩემთან ერთად ივლის, ასეთი ტიპი, ვისაც ფერმერობა და ჯანსაღი ცხოვრების შეგრძნება აინტერესებს. 

ვინც ჯერ არ მოსულა რუისპირში, ფეისბუკზე, მეგობრებში მომყვება. ჩემი დაკვირვებით, რასაც აქ ვაკეთებთ და ვაქვეყნებთ, იწონებენ, ძალიან დიდ ნახვებს აგროვებს. 


გიორგის მეღვინეობის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქართული ღვინის სახელთან ევროპის საზღვრებს შიგნით, ღვინით დაინტერესებულ თანამედროვე საზოგადოებებში. ქართული ღვინის ისტორია და აღიარება ზრდის თავისუფალ პერსპექტივას. ინტერესს შენარჩუნება სჭირდება. ადგილობრივი მეღვინეები კი ამ წრეში ალბათ ერთიანობით იტყვიან საერთო ეროვნულ სათქმელს. 


მომდევნო პერიოდის კითხვა ასეთია: შეინარჩუნებს ქართული ღვინო ხარისხს?! ენთუზიაზმი წარმოების მიმართ პირდაპირ მოქმედებს საფასო კატეგორიაზე. აქ კი ადგილის მოპოვების შემდეგ ცვლილებები იშვიათად ხდება. ტრადიციული ბრენდებისთვის ცვლილებები რისკია, თუმცა ქართული ღვინის სახელი შეძლებს წარადგინოს კიდევ არაერთი ქართული ბრენდი ღვინის მოყვარულებისა და პროფესიონალების წინაშე. აქ გიორგი ალადაშვილს კიდევ ერთხელ მოუწევს გაიაროს სხვებისთვისაც უკვე მარტივად გასავლელი გზა, ახალ სარეალიზაციო სივრცეში საკუთარი ნაწარმის დამკვიდრებისათვის.


ამ აზრით დავტოვე რუისპირი. ცოტა ხანში წამომეწია ამბავი, რომ საქართველოში ვენახების კადასტრი უკვე შეიქმნა. მევენახეებს უკვე აღრიცხულად შეუძლიათ ჩააბარონ ღვინის დიდ კომპანიებს ყურძენი. სისტემური საქმე აქტიურად განაგრძობს სვლას სრულყოფილებისაკენ. ამავდროულად კი, მეღვინეობაში სწორი გზების აღმომჩენი მეღვინეები ძლიერდებიან საკუთარი მეურნეობის შიგნით და სხვებისთვის სამაგალითოდ, იმკვიდრებენ ადგილს მომავლის წარმოებაში. 


დემეტრე ერგემლიძე




Wednesday, January 17, 2024

თამთა კაპანაძის სოფლის განვითარების პერსპექტივა - პოსტი XVII



თამთა კაპანაძისთვის, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს ჭიათურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტია, სოფლის განვითარება დროში ხანგრძლივად გაწერილი პროექტების დაგეგმვასა და სოფლად აქტიური მოსახლეობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული.


ფერმერების კონსულტანტად უკვე რვა წელია მუშაობს და ამ დროის განმავლობაში ათეულობით პროექტზე უმუშავია წარმატების მისაღწევად. ყველაზე დასამახსოვრებლად მაინც კენკროვანი კულტურების და ჩაის რეაბილიტაციის პროექტები ახსენდება, რომელიც მის რეგიონში წარმატებით შედგა.



დღეს, განვითარების ახალ ეტაპზე, ფერმერებთან მუშაობას მეცხოველეობის პროექტებზე იწყებს. მისი თქმით, განვითარება საქმის ბოლომდე მიყვანაა და იმის ცოდნა, რომ სოფელს, რომელსაც აშენებს, ახალგაზრდები მალე მეტად გააცოცხლებენ.



რა გახდა შენთვის ექსტენციონისტობის საფუძველი? 


Როდესაც დავამთავრე სასწავლებელი, მუშაობა ფერმერთა ცენტრში დავიწყე, სადაც ურთიერთობა მქონდა ფერმერებთან, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ მეცხოველეობით. Საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა.  ვფიქრობ, ამან განაპირობა ჩემი ექსტენციონისტობა.


რა კითხვებით მიოგმართავენ ხშირად ფერმერები? 


ფერმერები მოგვმართავენ დარგობრივი მიმართულებების კონსულტაციისთვის,  ასევე სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ახლა, მაგალითისთვის მოვიყვან, “დანერგე მომავალს” ჰქონდა ასეთი ქვეკომპონტნეტი, კენკროვანებთან დაკავშირებით, დასრულდა 2020 წელს და ამის შემდეგაც აქტიურად მოგვმართავდნენ ამ პროგრამაში რომ მიეღოთ მონაწილეობა. 


როდის ხარ ხოლმე ყველაზე კმაყოფილი საკუთარი კონსულტაციით?


ფერმერი როდესაც იღებს მონაწილეობას პროექტში და მიიღებს დაფინანსებას, ან თუნდაც გააშენებს ბაღს, ეს არის დიდი სტიმული და დიდი პასუხისმგებლობა. კმაყოფილების შეგრძნებაც მაშინ უფრო დიდი მაქვს, რა თქმა უნდა. 


რომელი იყო ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო და სასიხარულო პროექტი, რომელიც დაფინანსდა?


კენკროვანების ქვეკომპონენტში იყო ერთი ასეთი და ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ჩვენს მუნიციპალიტეტში. “დანერგე მომავლის” პროგრამაში ბაღების გაშენების კომპონენტში ძალიან ბევრმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა და ძალიან სასიამოვნო იყო ეს ჩემთვის. 




საინტერესოა, როგორ უნდა მიაწოდო ინფორმაცია ფერმერს, რომ არა მხოლოდ დაინტერესება შეძლო არამედ მისი დახმარებაც მოახერხო.


მოქალაქე როდესაც მოდის და აინტერესებს რომელიმე პროგრამა, მაგალითად აინტერესებს ბაღების გაშენება ან მცენარეთა მოვლასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, პომიდორთან ან ვაზთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ვუხსნით, ვუკავშირდებით, პროგრამას ვაცნობთ, ვეუბნებით პროგრამაში მონაწილეობისთვის არის საჭირო ესა თუ ის დოკუმენტი. იწყებს ფერმერი ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას. ვეხმარებით კონსულტაციის დონეზე, იმიტომ, რომ ჩვენ ექსტენციონისტები ვართ და ჩვენი უფლება-მოვალეობაც ეს არის. 


როგორი პრიორიტეტები აქვს სააგენტოს იმერეთის რეგიონის განვითარებისთვის? 


ყველა მუნიციპალიტეტისთვის თითქმის შემუშავებულია სწორი მიდგომა სახელმწიფოსგან. გათვალისწინებულია რეგიონი, მოგეხსენებათ იმერეთი მცირემიწიანია და ამ ეტაპისთვის იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში ზესტაფონსა და ვანის მუნიციპალიტეტში სათბურების სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს და ძალიან კმაყოფილები არიან და ასევე, გათვალისწინებული არიან მაღალმთიანი სოფლები და შესაბამისად, როდესაც “დანერგე მომავალში”, იღებს ფერმერი მონაწილეობას, თუ მაღალმთიანში არის დასახლებული და მაღალმთიანში ცხოვრობს, 80%-ია სახელმწიფოს თანამონაწილეობა და 20%-ია ფერმერის გადასახდელი. ეს შეღავათია ფერმერისათვის და მისასალმებელია, რა თქმა უნდა გათვალისწინებულია სახელმწიფოსგან მცირემიწიანი რეგიონი და მუნიციპალიტეტი. 


Რა პასუხისმგებლობას გძენს ფერმერის კონსულტანტობა?


Რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა. Როდესაც ვუკავშირდებით ფერმერებს ან გვაქვს გასვლითი შეხვედრები, ვფიქრობთ, რომ ჩვენ, ექსტენციონისტები უნდა ვიყოთ იქ, სადაც არიან ფერმერები. 


უშუალოდ ექსტენციონისტებისთვის განვითარების რა გზა არსებობს საქართველოში, როგორი იქნება თქვენი საქმის ყველაზე კარგი და ღირსეული გაგრძელება?


ვფიქრობ, რომ ექსტენციონისტისთვის არის აუცილებელი სასწავლო ტრენინგები, რაც ხშირად გვაქვს ხოლმე, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით, თუ როგორ უნდა შედგეს კომუნიკაცია ჩვენსა და ფერმერებს შორის. 


Რაც შეეხება ქართული სოფლის პერსპექტივას, როგორია შენი ხედვა რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ის?


ქართულ  სოფელს, ყველას აქვს განვითარების პერსპექტივა და ყველა სოფელში თითქმის არის შესაძლებლობა იმის, რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა. მაგრამ მთავარია, იყოს დაინტერესება ახალგაზრდების. ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ წასული სოფლიდან და ახალგაზრდების მიგრაცია არ უნდა იყოს ასეთი დიდი, როგორიც დღეს გვაქვს. თუ ახალგაზრდა არ დაბრუნდა სოფელში, სოფლის მეურნეობა ვერ აღორძინდება. ეს არის ხედვა ჩემი. 


Wednesday, December 20, 2023

ანდრია ქიტესაშვილის ხედვა სოფლის განვითარებაზე


კონსულტანტობა რუტინული საქმეა. ყოველთვის მზად ხარ ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა ფერმერთან სასაუბროდ, მათთვის დამატებითი რეკომენდაციის მისაწოდებლად, ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად. რთული საქმეები სოფლის მეურნეობაში, ბევრჯერ მნიშვნელოვანი, კარგი შედეგით დასრულებულა სოფლის განვითარების რეგიონული სამსახურების როლი კი ამ პროცესში როგორც წესი, ძალიან დიდია.

ერმერობა რომ ბიზნესია და მის ხელშესაწყობად ინფრასტრუქტურა და კვლაფიციური კონსულტაცია აუცილებელია, ამაზე საქართველოს სახელმწიფო 2015 წლიდან მსჯელობდა. ამ პერიოდს უკავშირდება შეთანხმება საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნის თაობაზე. კონსულტანტების პერიოდული გადამზადებითა და კომპეტენციის ზრდის მიხედვით, მიღწეულია შედეგი, რომ დღეს მათ არა მხოლოდ მიმდინარე, ახალ პროექტებზე ინფორმაციის მისაღებად, არამედ კვალიფიციური პროფესიული კონსულტაციის გასაწევადაც მიმართავენ.

ანდრია ქიტესაშვილისთვის ეს არა მხოლოდ სამსახური, არამედ საყვარელი საქმეცაა. ფერმერებთან ურთიერთობის დროს იგრძნობა, რომ თითოეული გადადგმული ნაბიჯი უკეთესობისკენ სვლას გულისხმობს.

როგორი საქმეა კონსულტანტობა? რა საკითხებთან გიწევს ყველაზე ხშირად შეხება?   


ძალიან საინტერესო საქმეს წარმოადგენს ექსტენცია, ძირითადად გვიწევს ინფორმაციის მიწოდება ფერმერებისთვის, როგორც სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა დარგობრივ საკითხებზე.   


როგორ იგრძნობა ფერმერების ნდობა სახელმწიფო სამსახურის კონსულტანტებისა და მათი დარგობრივი კომპეტენციის მიმართ 


ფერმერების მხრიდან დიდია მომართვიანობა, გამომდინარე იქდან რომ გვყავს კვალიფიციური თანამშრომლები, რომელთაც შეუძლიათ ამა თუ იმ დარგობრივი მიმართულებით ამომწურავი პასუხის გაცემა.  


როდის მოგმართავენ ყველაზე ხშირად?   


ყველაზე ხშირი მომართვიანობა ფერმერების მხრიდან შეინიშნება გაზაფხული/ზაფხულის პერიოდში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დაწყებისას.  


სად გადის თქვენი უფლება-მოვალეობების ზღვარი?  


ჩვენი სამსახური წარმოადგენს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს და გვევალება ფერმერებისთვის ექსტენციის გაწევა სოფლის მეურნეობის მიმართულებით.  


რამხელა რეგიონულ მასშტაბს მოიცავს შენი საქმე?   


ჩემი როგორც თანამშრომლის სამუშაო არეალი, მოიცავს გურჯაანის მუნიციპალიტეტს, თუმცა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები მუშაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია თითო სამსახური.  


ყველაზე რთული რომელი აგრო პროექტი იყო?  


თითოეული აგრო პროექტი და პროგრამა სააგენტოს მხრიდან ისეა გაწერილი, რომ ნებისმიერმა ფერმერმა ან და მეწარმემ ადვილად შეძლოს მონაწილეობის მიღება.  


ახალგაზრდები თუ არიან შენს გუნდში და ვისთან ერთად მუშაობ?   


გვყავს როგორც ახალგაზრდა ისე გამოცდილი აგრონომები, მექანიზატორები, ვეტერინარები და სხვა მიმართულების სპეციალისტები.  


ფერმერების სამი მთავარი საჭიროება რა არის დღეს?  


ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების და მიდგომების შესახებ, თანამედროვე მექანიზაცია და ფინანსები.  


რით ხასიათდება ფერმერობის ბიზნესი  საქართველოში?  


ძირითადი მიმართულებაა მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების წარმოება, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და სხვა, თითოეული მათგანი წარმოადგენს მომგებიან ბიზნესს, რა თქმა უნდა თუ ფერმერს წინასწარ ექნება გათვლილი რისკები და საჭიროებები.


განათლებას რა როლი აქვს აგრო საქმეში?  


ძირითად აქტივს აგროსექტორში წარმოადგენს ცოდნა, რომლის გარეშეც დასაწყისშივე მარცხისთვისაა განწირული ჩვენი ნებისმიერი წამოწყება.  


ტექნოლოგიური მხარე როგორ ვითარდება აგრო საქმიანობაში და სად გვაქვს განვითარებულ ქვეყნებთან გათანაბრების საშუალება?  


თანამედროვე ტექნოლოგიები, აქტიურად ინერგება ქართველი ფერმერების მიერ, სხვადასხვა სახელმწიფო ხელშემწყობმა პროგრამებმა  ხელი შეუწყვეს ტექნიკის, სარწყავი სისტემის და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას ჩვენს ქვეყანაში.   


ევროკავშირში, შენი აზრით, აგრარული სფეროს რომელ ნაწარმს ან ტრადიციულ მემკვიდრეობას წარადგენს საქართველო?


საქართველოს როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით განვითარებულ ქვეყანას შეუძლია ევროკავშირის ბაზარს მიაწოდოს ქართული ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ასევე ხილი, რძის ნაწარმი, თაფლი და სხვა.   


როგორ ფიქრობ, რა არის სოფლის განვითარების კონსულტანტისთვის ზრდის მომდევნო ეტაპი?   


სოფლის მეურნეობა მუდმივად ვითარდება, აქედან გამომდინარე საჭიროა ექსტენციონისტი ზრუნავდეს თანამედროვე მიდგომების გაცნობაზე, მიიღოს ახალ ახალი ცოდნა და გამოიყენოს პრაქტიკაში. 


Saturday, December 16, 2023

ირაკლი ხოზრევანიძის სვლა რეგიონის აგრო განვითარებისთვის


ირაკლი ხოზრევანიძე ქვემო ქართლის რეგიონში ფერმერებთან საკონსულტაციო საქმეს უკვე ათი წელია ეწევა. ოჯახის პრაქტიკული საქმიანობის შემდეგ, აგრარული განათლებითა და საკონსულტაციო ცენტრების მიერ გამოცხადებულ კონკურსში წარმატებით გავლის შემდეგ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის მთავარ სპეციალისტად დანიშნეს. მისი საქმე ფერმერობას უკავშირდება, თანაც ისეთ აქტიურ მხარეებში, როგორიცაა წალკა, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო და მარნეული. ირაკლის კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის პროგრამის ფარგლებში, ტრენინგზე შევხვდი, როდესაც ის ფერმერებს კლიმატგონივრულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრებოდა. მისთვის ეს საკითხები არც ახალია და შეიძლება ითქვას, საქმიანობის ყოველდღიურ არეალში თავისუფლად ჯდება. მითხრა, რომ ფერმერების დახმარება წარმატებული პროექტებით გვირგვინდება და თავადაც შეუძლია გაიხსენოს, რამდენიმე საქმე, რომელიც სხვა თუ არაფერი, სწორი გადაწყვეტილებებით წარმატებულ ფორმამდე მივიდა, ახლაც მიმდინარეობს და შესაძლებელია განვითარდეს უკეთესი, უფრო მდგრადი შემოსავლის მისაღებად. 


რომელი რეგიონში მუშაობთ და რით არის ის გამორჩეული აგრარული კუთხით?


რეგიონი ქვემო ქართლია, ქვემო ქართლში ექვსი მუნიციპალიტეტი, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა და მარნეული. ზოგადად, ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფერმერები მიმართულებებად დაყოფილი არ გვაქვს, არც აქცენტი გვაქვს აღებული. სოფლის მეურნეობაში დაკავებულ ყველა ტიპის ფერმერთან გვაქვს ურთიერთობა მათი მომართვიანობიდან გამომდინარე.


ფერმერებს ტექნიკური დახმარება სჭირდებათ, ხშირად მოგვმართავენ ვეტერინარის არარსებობის გამო. რეგიონში კერძო ვეტერინარების სიმცირეა, რის გამოც გარკვეულ ღონისძიებებზე ეფექტური დახმარება ვერ ვლინდება. ამიტომ გვირეკავენ ჩვენ, გვიწევს მისვლა, ფერმერთან უშუალო დახმარება და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ვეტერინარებთან სისტემატური კონტაქტი ფერმერებს იშვიათად აქვთ და როდესაც გადაუდებელი საჭიროებაა, მაშინ ცდილობენ დაკავშირებას. 


თქვენ რა საკითხებით გირეკავენ ხოლმე ყველაზე ხშირად?


ჩვენ მაინც ცნობილები ვართ, როგორც პროექტების განმახორციელებელი და ხელშემწყობი ორგანიზაცია. ჩვენი სამსახური ეხმარება ფერმერებს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მიღებასა და ამ პროცესის ტექნიკურ უზრუნველყოფაში. 


უშუალო საქმიანობაში გადანაწილებული ვართ დარგობრივი მიმართულებებით, მაგალითად აგრონომები, რომლებიც საკმაოდ კვალიფიციურები არიან. სხვადასხვა ზოოტექნიკური მიმართულებებიც იფარება ჩვენი მხრიდან, სპეციალისტები ველზე გადიან, ფერმერების მომართვიანობიდან გამომდინარე და საჭიროების მიხედვით ეცნობიან ველზე არსებულ პრობლემას, ესაუბრებიან ფერმერებს სამომავლო, მეურნეობის განვითარებაზე. 


ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩართულები არიან ამ მიმართულებებში. ცოტა ხნის წინ სპეციალისტების რაღაც კონტინგენტი ჩვენგან გავიდა და ფაქტობრივად სულ ახალგაზრდებით ჩანაცვლდა. ისინი ერთვებიან აგრარული საკითხების აქტივობებში.


თავად როგორ მოხვედი ამ საქმეში?


ჩემს ოჯახს 90-იანებიდან ჰქონდა მცირე მეურნეობა. ფაქტობრივად თითოეული ეტაპი გავიარეთ. მეურნეობა, როგორც მეცხოველეობა, ისე მარცვლეულის წარმოება; ამასობაში მოგვისწრო ამ მიმართულებების საექსტენციო საქმემ და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო, ჩემი წვლილი შემეტანა აგრარული მიმართულების კონსულტაციით განვითარებაში. 


როგორ ფიქრობ, ფერმერული ცოდნა რით ყალიბდება და როგორ გადადის ახალ, თანამედროვე ეტაპებზე?


Რა თქმა უნდა, ნებისმიერ ახალ ფერმერთან ახალი შეხვედრა, ახლის მომტანია. სულ სიახლეებთან გვიწევს შეჯახება. ამასთან ერთად, გამოწვევებიც საკმაოდ ბევრია. გამომდინარე კლიმატური ცვლილებებიდან, ყოველთვის ახალ-ახალი გამოწვევებია, სირთულეებიც ჩნდება და ასეთ დროს, მუშაობის და მსჯელობის შედეგად მივდივართ გამოსავლამდე, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. 


ყველაზე ხშირად ვინ გიხდის ხოლმე მადლობას?


ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა. ხშირად ვაძლევთ სწორ მიმართულებას და ხშირად მათი მცდელობა წარმატებით სრულდება. სწორედ ამიტომ გვიხდიან ხოლმე მადლობას. 


ყველაზე დიდ მიღწევად რას თვლი ამ საქმიანობაში?


უამრავი ფერმერის და აგრარულ სფეროში დაინტერესებული ადამიანის გაცნობა მოვახერხე. კავშირები, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულებაც საინტერესო და წარმატებული იყო.


გახსოვს ისეთი საქმე, რომელიც წარმატებულად დასრულდა კონსულტაციის შემდეგ?


“დანერგე მომავალი” საკმაოდ წარმატებული იყო. წლებია მიმდინარეობს და გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფერმერი მოვიდა კულტურის გასაშენებლად და ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებით შევთავაზეთ განსხვავებული კულტურა. ეს იყო გამოწვეული ნაკვეთის მდგომარეობის და ზონის მიერ. ჩვენი კონსულტაციით მიღებული ახალი მიზანი წარმატებული გამოდგა. სასიამოვნო იყო, რომ ჩვენი გამოცდილების ხარჯზე გაამართლა ახალმა არჩევანმა.


ვალერ ჭიტაძე სოფლად განვითარების გზებზე გვიამბობს - თვალსაწიერი წირქვალიდან

ვალერ ჭიტაძე რამდენიმე წლის წინ, ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების კვლევის დროს აღმოვაჩინე. წირქვალელი ახალგაზრდა მაშინ საზოგადოების...