Tuesday, March 15, 2022

ფერმერული განათლება - საჭირო რგოლი წარმატებისთვის - პოსტი II

ფერმერის პარტნიორობისთვის იბრძვიან კომპანიები, სხვა ფერმერები, ორგანიზაციები, სერვისის და საბრუნავი მასალის მიმწოდებლები, ტექნოლოგიური გიგანტები, დამწყები სტარტაპები, გამომგონებლები, მეცნიერები, სახელმწიფო, მეზობლები და უცნობი ხალხიც კი, სოციალური ქსელებიდან. მის მიმართ მიმართული ინფორმაცია დიდია და უდავოდ გასაფილტრი. არავინ არის, ვინც ამ ინფორმაციას დაახარისხებს და ისე მიაწვდის ფერმერს.  მან თავად უნდა შეძლოს გადარჩევაც და საკუთარი საქმისთვის საუკეთესოს ამორჩევაც. ამისთვის სჭირდება ხანგრძლივი ფიქრი და გადაწყვეტა. თუმცა ეს არასდროს ხდება კვლევის საგანი. 

აქ ერთი პატარა, ნამდვილი ამბავია: ყველაფერი, რაც ფერმაში შემოგვყავს ან ვნერგავთ, იქნება ეს ტექნოლოგია, კულტურა, ჯიში თუ თანამშრომელი, თავის გარემო-პირობებს მოითხოვს. ეს არ არის ერთი ძროხის ყიდვა და ბაგაზე დაბმა. საცხოვრებელი, საკვები, სასეირნო და მომსახურე დანადგარები პერსონალთან ერთად, შეგვიძლია საქონლის "აღჭურვილობად" ჩავთვალოთ. ასეა, ჟოლოს სჭირდება საყრდენი, ცხენს მომვლელი, ვაზს გასხვლა და ქათამს საბუდარი. დამატებითი და მუდმივი ინვესტიცია ფერმერული საქმის თანმდევი ვალდებულებაა. ფერმერს აქვს რესურსი და პასუხისმგებლობა, სწორად ამოარჩიოს, რაში დახარჯავს ფულს, რა სამომავლო ინვესტიციებს გათვლის. 

გავიაზრე და არ არის მარტივი საქმე. აქ უკვე ჩნდება აუცილებლობა  - დავეყრდნოთ უფრო გამოცდილი ხალხის ნაშრომს! ფერმერობაში შემოდის მისი აღმატებულება, განათლება. 

"მნიშვნელოვანია დღეს შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო აგრობიზნესისთვის", - მითხრა სოფლის მეურნეობის სისტემების ექსპერტმა, გაეროს განვითარების პროგრამის სპეციალისტმა, თამარ სანიკიძემ, როდესაც ფერმერულ განათლებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვი. ის საქართველოში საგანმანათლებლო ველის გაუმჯობესებისთვის უკვე კარგა ხანია მუშაობს. გამოსცა რამდენიმე სახელმძღვანელო, შემოგვთავაზა დარგობრივი სპეციალიზაციის გაუმჯობესებისთვის პროექტები, განავითარა უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული კოლეჯების სასწავლო ბაზა და ახლა ხარისხის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან მუშაობს. 

"დღეს ბაზარს ზოგადი აგრონომია აღარ სჭირდება. კერძო სექტორი უკვე უკვეთავს შრომის ბაზარს კონკრეტულად - მაქვს ნუშის ბაღი, თუ იცი მთლიანად ნუშის ბაღის, აი ამ კულტურის ყველა სეგმენტი, თუ გესმის თავისი ბაღის გაშენებით, მოსავლის აღება-დაბინავებით და ექსპორტ იმპორტის თემითაც, მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვი, მაშინ ასეთი სპეციალისტი სჭირდებათ", - მითხრა მან. 

"არის ორი მიმართულება. ერთი არის ფერმერი, რომელიც ცდილობს რომ თვითონ იშრომოს. თავისი თავი დაასაქმოს, მეორე არის ბიზნესები, რომლებიც ინვესტიციას დებენ  სოფლის მეურნეობაში. ისინი ქირაობენ კვალიფიციურ კადრებს. აგრონომი იქნება ეს თუ პროფესიული მუშაკი, რომლებიც ასრულებენ სეზონურ ოპერაციებს",- მითხრა თამარმა.

მასთან საუბრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ განათლების მოზიდვისთვის სექტორი თავის თავზე თავადვე ზრუნავს. ხარისხიანი ანუ მრავალჯერ გადამოწმებული ინფორმაციის როლს ამ საქმეში ბევრი იაზრებს. არსებობენ კომპანიები, რომლებიც მზად არიან განათლებაში ინვესტირებისთვის. იქნება ეს მოკლევადიანი თუ სრული კურსი საკუთარი დასაქმებულებისთვის. ისინი სასურველ შედეგს იღებენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ. მათი სპეციალისტები მეცნიერებას, საერთაშორისო გამოცდილებას და საერთაშორისოდ, კოლეგებთან კომუნიკაციას ეყრდნობიან, სწორედ ამიტომ, დარგის ცოდნა მათთვის აუცილებლობაა. 

შვეიცარიული აგრარული სკოლა "კავკასიას" დირექტორი თინათინ მახარაძე თავისი გამოცდილების შესახებ მესაუბრება, რომელიც შვეიცარიაში, ქართული პროფესიული სკოლის გახსნამდე მოგზაურობის დროს მიიღო. 

როდესაც ვკითხე, რა არის საჭირო ფერმერულ განათლებაზე მოთხოვნის გასაზრდელად, მითხრა, რომ საჭიროა ფერმების გახსნა, ქვეყანაში მდგრადი მეურნეობების დამატება, სადაც ორიენტირი ბიზნესი იქნება. ასე სექტორი გაძლიერდება, ხარისხიან განათლებაზე მოთხოვნა კი თავისთავად გაიზრდება.

"ახალი თაობის ფერმერების აღზრდა, რომელთაც ექნებათ ყველა საჭირო ინფორმაცია, დაწყებული საკვების წარმოებიდან, დასრულებული უშუალოდ პირველადი პროდუქტების წარმოებით არ არის პატარა საქმე. ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიღება. ეს არის მუშაობის კულტურა, რის შეცვლასაც სჭირდება დრო. ამას სჭირდება რუტინა. რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენთან სკოლაში, ამის ყოველდღე გამეორება არის საჭირო, რომ ეს მუშაობის კულტურა ადამიანმა გამოიმუშაოს. ორი და სამი დღით ტრენინგზე მოსული ფერმერი, რა თქმა უნდა მიიღებს კონკრეტულ ტექნიკურ ინფორმაციას. მაგრამ ასე ვთქვათ, ძირეული, მენტალური ცვლილება ორ და სამ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება", - მითხრა თინათინმა. 

შვეიცარიელი კოლეგების დახმარებით დმანისში ფერმერების სკოლა აშენდა. სასწავლებელი, რომელსაც "კავკასია" ჰქვია სარკინეთთან ახლოს მდებარეობს და პრაქტიკული სწავლების ბაზით ერთ-ერთი პირველია საქართველოში. მოიცავს რამდენიმე ჰექტარ მიწის ფართობს, ფერმერულ ბაზას, ყველის დამზადების თანამედროვე საწარმოს და სკოლა-კამპუსს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ 8 სტუდენტი. ვისი სურვილიც არის მომავალში ქართული ფერმერული საქმის ნაწილი გახდნენ.

ოქტომბრის შემდეგ, რაც ამ სკოლაში სწავლა დავიწყე, ყველაზე საგრძნობი რაც არის ჩემთვის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებაა გარემოსა და საკუთარი საქმის მიმართ. ვალდებულება, რომ იზრუნო ცოცხალ არსებაზე, მცენარეზე, ცხოველზე, გიქმნის დამატებით მოტივაციას, იყო უფრო ძლიერი, მობილიზებული და მყარი შენს გადაწყვეტილებაში. არა, აქ სწავლა ნებაყოფლობითი რამ არ არის. ცოდნა ვალდებულებაა, იმიტომ, რომ აქ არავინ საუბრობს თავად რას შეჭამს ხვალ, ფერმაში 50 სული საქონელი გელოდება, რომელსაც ყუათიანი საკვები სჭირდება, მოვლილი და სუფთა გარემო, დროული წველა და ბუნებრივი პირობების მასზე მორგება რადგან არავის უთხოვია მათი მოყვანა ფერმაში, ეს შენ გადაწყვიტე, ფერმერმა და ვალდებული ხარ ახლა იზრუნო მის თანაცხოვრებაზე, რადგან საქმე სწორედ ეს არის, იზრუნო მოშინაურებულთან ერთად თანაცხოვრებაზე. 

"ჩვენ ამ სკოლაზე რომ ვმუშაობდით და შვეიცარიელები იყვნენ ჩამოსულები. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ იქ, როგორც წესი ამ განათლებას იღებენ ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან ფერმერების ოჯახიდან. მათთვის ისედაც ყველაფერი ცნობილია მეტნაკლებად ფერმაში. ანუ მთელი ცხოვრება, მთელი ბავშვობა ფერმაში აქვთ გატარებული და მერე კიდევ მოდიან და ორი წლის განმავლობაში ფერმაში მუშაობენ და სწავლობენ. ანუ, ხვდებით ხომ, რა ღრმად გამჯდარი კულტურა და ცოდნა, რა ინფორმაცია აქვთ ამ შემთხვევაში. ფერმებს რომ ვარჩევდით საპარტნიოროდ, ეძებდნენ ისეთ ფერმერს, რომელსაც შვილები ჰყავდა და მათ ამზადებდა ფერმერობისთვის, საკუთარი საქმის გადაცემისთვის. ასეთი ფერმები ძალიან იშვიათობაა. ფერმერობა არის თაობების საქმე. 

ფერმერობის პირველი თაობა არის საკმაოდ რთული საქმე, როგორც ფინანსურად ისე დროის მხრივაც. განვითარებას დრო სჭირდება, რომ რაღაც სტანდარტს მიაღწიო და შედეგები დადო. ამიტომ, მნიშვნელოვანია თაობათა ცვლა",- მითხრა თინათინმა. 

თამარ სანიკიძემ დამწყები ფერმერებისთვის, რომლებსაც გარკვეული ცოდნა ან ბაზა უკვე აქვთ, მოკლევადიანი გადამზადების კურსები მირჩია. მისი გამოცდილებით ყველაზე ეფექტური ინოვაციურ ტექნოლოგიებზე აქცენტირებაა. ამ დროს ერთადერთ აუცილებლობაა, რომ რომელიმე კულტურის მიმართ ღირებულებათა მთლიან ჯაჭვს კარგად იცნობდეს. მისთვის მომავალი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობაა. პლანეტაზე მიმდინარე აურზაურს ფერმა უნდა გადაურჩეს, ფინანსურად, მდგრადობით, ჯანმრთელობის დაცვით და ბუნებრივად მოსული მოტივაციით, რაც მის მიმართ ერთგულებაში გამოიხატება. 

თინათინ მახარაძისთვის კი მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, ინსტინქტამდე გამჯდარი ცოდნა, ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენებაზე ზრუნვა, ეფექტური საქმის კეთება და მდგრადობა, რომელიც ამ კომპონენტების ერთობით არის გამოწვეული. 

"ამის სწავლებას ვცდილობთ ჩვენც, ჩვენს სკოლაში, რომ სტაბილურობა არის არსებული რესურსების უკეთ გამოყენებაში და მდგრადობაც არ იკარგება. ამ შემთხვევაში განათლება არის უფრო მყარი გზა შედეგის მისაღწევად", - მითხრა თინათინმა. 

საქართველოში ფერმერული განათლების მიღების რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის არის უმაღლესი განათლება, რომლის მიღებაც რამდენიმე უნივერსიტეტში არის შესაძლებელი. პროფესიული განათლება - რა მიმართულებითაც საქართველოში არსებული პროფესიული სასწავლებლები, კოლეჯები, დარგობრივი სკოლები და საგანმანათლებლო ორგანიზაციები მუშაობენ, მათ შორის სახელმწიფო "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი", რომელიც ამ სეგმენტში ხარისხის მდგენელია და სახელმწიფო დონეზე ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს. 

თანამედროვე სამყაროში, ცოდნის მიღება საერთაშორისო გაერთიანებების პროგრამებითაც შეიძლება. მათ შორის "მსოფლიო აგროჟურნალისტთა ფედერაცია" და "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია" მუშაობენ სპეციფიკური, აგრომედია ჟურნალისტებისთვის ცოდნის გადასაცემად. ყველანი ერთად კი მყარ საფუძველს ვქმნით საქართველოში ფერმერობის მომავლის უზრუნველსაყოფად. 




No comments:

Post a Comment

ვალერ ჭიტაძე სოფლად განვითარების გზებზე გვიამბობს - თვალსაწიერი წირქვალიდან

ვალერ ჭიტაძე რამდენიმე წლის წინ, ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების კვლევის დროს აღმოვაჩინე. წირქვალელი ახალგაზრდა მაშინ საზოგადოების...