ფერმერული ბიზნესის დაწყება ინფორმაციის გარეშე წარმოუდგენელია. იცვლება დრო და იცვლებიან ტექნოლოგიები. ფერმერი ისევ ისეთი ჯიუტი და თავის საქმეზე შეყვარებულია, როგორც დედამიწის ნებისმიერი მოტივირებული ფერმერი. იცის, რა მეთოდებს იყენებს და არავის უშვებს სივრცეში სადაც ფერმის მართვის საიდუმლოებები ინახება. ფერმერმა კარგად იცის, რომ ახალი ინფორმაცია, რომელიც მასთან სახელმწიფოს, დონორ ორგანიზაციას ან სავაჭრო აგენტს მიაქვს არის გადამოწმებული და სპეციალურად მისთვის შედგენილი. თუმცა იმასაც იაზრებს, რომ მოწოდებულ ინფორმაციას გაანალიზება და დანერგვის სწორი ფორმა სჭირდება.
კონსულტაციას რომ მიიღებ, სამ აგრონომთან მაინც უნდა გადაამოწმო, პასუხში რომ დარწმუნდე - მითხრა ერთმა ახალგაზრდა ფერმერმა საქმის დაწყების პერიოდში.
დღესაც, როდესაც ამ კითხვით რამდენიმე პროფესიონალს, ექსპერტს, ჩემს მეგობრებს მივმართე, მითხრეს, რომ კონსულტაციაზე დიდი მოთხოვნის მიუხედავად, ყველაზე მეტად მაინც საკუთარი გარემოცვის სჯერა ფერმერს. მეზობლის, რომელმაც მარწყვის სათბური გააკეთა და კარგი შემოსავალი მიიღო, პრეპარატის იმპორტიორის, რომელთანაც ბიზნეს კავშირი დაამყარა; სახელმწიფოსაც ენდობა მეტწილად, გამოცხადებულ პროგრამებს ეცნობა და დონორი ორგანიზაციების ბროშურებსაც კითხულობს. მისი საინფორმაციო ველი ამ კომპონენტებითაა მოცული და მასმედიიდან ივსება.
თუმცა, დრო წინ მიდის, თუკი 11 წლის წინ "მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამის" კვლევამ აჩვენა, რომ ინფორმაციის მიღების წყარო სოფლისა და რაიონული ცენტრი, ე.წ. ბირჟა იყო, დღეს ნონა სამხარაძე, ამ პროგრამის საინფორმაციო კოორდინატორი მეუბნება, რომ ადგილობრივ მედიაში გაჩნდა მოთხოვნა აგრარულ რჩევებზე და ყოველდღიურ პრაქტიკულ მინიშნებებზე. სმარტფონმა და ონლაინ მედიამ ჩაანაცვლა ზეპირსიტყვიერება და ინფორმაციის გაცვლას ფორმა შეუცვალა.
ფერმერმა დაიწყო ბიზნესის ანალიზი, წარმოების დათვლა და კანონმდებლობის გააზრება. ნესტან მერმანიშვილმა, რომელიც "მერსი ქორფსის" ახალ პროექტში მცირე მეწარმეების განვითარებისთვის მუშაობს, მითხრა, რომ აქამდე ფერმერი სახელმწიფოს წარმომადგენელს დოინჯშემოყრილი ხვდებოდა, "ამას რატომ მთხოვთ, იმას რატომ მთხოვთო". ახლა კი ცდილობს ითანამშრომლოს. თვითონ კარგად იცის, რომ აკრძალულ, ანტიბიოტიკიან თაფლს ვეღარ გაყიდის ევროპაში და ამ თანდათანობით, ბუნებრივად წარმართულ კვლევაში აღმოაჩინა, რომ ანტიბიოტიკი სულაც არ სჭირდება ფუტკარს.
ირაკლი ჩიქავამ, რომელმაც პარტნიორებთან ერთად "აგრო სოლუშენს ჯგუფი" დააფუძნა მითხრა, რომ ფერმერულ ბიზნესში ძველი ინფორმაციით საქმის კეთება და მისგან თანამედროვე პროდუქტის მიღება შეუძლებელია. ქართველი ფერმერისთვის მთავარი თავსატეხიც ეს გახდა. მამაპაპისეულმა ცოდნამ ვერ უზრუნველყო მასშტაბური საქმისთვის მდგრადობის შეტანა, ამიტომ საქმეში ჩაერთო ყველა, ვისაც სარგებლის მოტანა და თავისი წილის მიღებაც შეეძლო. თანამედროვე რელსზე გადაყვანა მართალია ეტაპობრივი და დუნე საკითხია, მაგრამ სვლა ამ მიმართულებით დაწყებულია.
"ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილე, მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვან ფილტრს გადის. ფერმერამდე რაფინირებული სახით მიდის. მისი შესწავლით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, საერთაშორისო კომპანიები, სახელმწიფო და დარგობრივი ექსპერტები არიან დაინტერესებულნი. ქვეყნის ფერმერული სტრატეგიის წინა ხაზზე ეს ადამიანები დგანან. ცდილობენ სწორი გზები შეარჩიონ იმისთვის, რომ კონკურენტული ქართველი ფერმერი შექმნან.
"ყველა განვითარებულ ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი ფერმერული თემატიკის გადაცემებია. ბრიტანეთში, მაგალითად ერთი რადიოა, რომელიც დილის 05:00 საათზე ფერმერებისთვის გადაცემას უშვებს. მარტივი რჩევები პირდაპირ ეთერში გადაიცემა და ძალიან რეიტინგულია. რადიოს მოსმენის კულტურა, გაზეთის წაკითხვის კულტურა ხომ გვაქვს?! ტელევიზიითაც არის რჩევები საჭირო. რამდენ რამეს ვუსმენთ ყოველ დილით?! სახის მოვლაზე, საჭმლის მომზადებაზე... მაგრამ 5 წუთიანი პატარა რჩევები ფერმერებისთვის არსად არ გვხვდება", - მითხრა ნონა სამხარაძემ.
ფერმერს სახელმწიფოსიც სჯერა. ენდობა პროგრამებს, რომელიც პერიოდულად სტრატეგიული დანიშნულებით ცხადდება. "დანერგე მომავალი" უკვე რამდენიმე წელია არსებობს, 15 000-მდე ჰექტარს მოიცავს და მებაღე ფერმერებს აერთიანებს. თანადაფინანსების კომპონენტმა იმდენად წაახალისა ფერმერი, რომ თქვა, მზადაა დაიცადოს რამდენიმე წელიწადს, სანამ მისი გაშენებული ხეხილის ბაღი სარგებელს მოიტანს. ნაყოფი ბევრ მათგანს ჯერ არ მოუცია, თუმცა მსხმოიარობაში შესვლა დაგვაახლოვებს ბაზართან. აქ კი ყოველთვის ითხოვენ ქართულ ნაწარმს. ეკონომიკას მიზნად იმპორტის ჩანაცვლება აქვს დასახული. სურს, რომ ქართული პროდუქტით მოამარაგოს მისი მომხმარებელი.
ნებისმიერი გამოკითხვით, ყველა არსებული კვლევით დასტურდება, რომ ქართველი მომხმარებელი კონკურენტულ ქართულ პროდუქტს იყიდის მაშინვე, როდესაც საყიდლებზე გასულს კონკურენტულ ფასად ხარისხიანი ნაწარმი შეხვდება. მისთვის აუცილებელ რესურსებს შორის კი ინფორმაცია არის პირველი.
No comments:
Post a Comment