"უკრაინაში ჩვენ დაკავებული ვიყავით მხოლოდ ელექტრონიკით, ხოლო საქართველოში უკვე დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა. თქვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად დიდია სოფლის მეურნეობაში ჩართულთა რაოდენობა. 40 პროცენტამდე მოსახლეობა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საქმეს აკეთებს. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ რადგან სოფლის მეურნეობა ასეთი პოპულარულია, ნებისმიერი მიმართულების განვითარება შეიძლებოდა ყოფილიყო გამართლებული. მართლაც ასეა", - მითხრა ანდრიმ ტელეფონზე საუბრისას.
როგორც ჩანს, მისი საქმიანობა ლუგანსკიში არსებულ საწარმოსთან იყო დაკავშირებული. ტექნოლოგიების დამზადება დეკადის წინ დაიწყეს. მას შემდეგ უკრაინას რუსული თავდასხმის მოგერიება რამდენჯერმე მოუხდა. ახლა, მიმდინარე ომის პირობებში ლუგანსკი სრულად ოკუპირებულია. ამის გამო, შეჩერებულ წარმოებას საქართველოში გაგრძელებული საქმით უპასუხეს. სენსორული მიმღებების წარმოება ანდრიმ პარტნიორებთან ერთად იმ იმედით განაახლა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან კავშირებს შეკვეთების მიღება და ქსელის გაფართოება მოჰყვება, ომის დასრულების შემდეგ კი მათთვის და კავკასიის რესპუბლიკებისთვის ტექნოლოგიის დამზადებას სამშობლოში გააგრძელებენ.
ფერმერი ანდრის და მისი ჯგუფის შექმნილი ტექნოლოგიით ინფორმაციას საერთო სერვერზე იღებს. აქამდე, მსგავსი მომსახურების მიღება სამეურნეო ფართობის მფლობელს მხოლოდ ლოკალურად, საკუთარი სერვერის და ქსელის ქონის საშუალებით შეეძლო. ახლა პორტალი AgroGeorgia მონაცემებს ერთ ბაზაში აგროვებს და ფერმერს მისთვის სასურველ ინფორმაციას ტელეფონის ან ლეპტოპის საშუალებით აწვდის.
ინფორმაციის მიმღები სენსორი მცირე ზომის დანადგარია. მისი მოთავსებით ნიადაგზე ან წყლის ჭავლთან, კავშირი მყარდება ბუნებრივ გარემოსა და ციფრულ სამყაროს შორის, ამ პროცესში გაზომილი მონაცემები აგრო საქმის დაგეგმვისას გამოიყენება.
ანდრი ფიქრობს, რომ ეს აღჭურვილობა მცირე ფერმერებს საქმეს გაუადვილებს. განსაკუთრებით მათ, ვისაც ფართობთან დისტანცირებულად უწევს ყოფნა, საცხოვრებელი ან სამუშაო პირობების გამო. AgroGeorgia-ს პირველი გამომწერები საშუალოდ 2 ჰექტრიანი ფერმერები არიან, ვისაც განვითარების ამ ეტაპზე ინფორმაციის შეგროვების სისწრაფე უფრო აინტერესებთ. სამომავლო სახესხვაობას კი ფერმერული მეურნეობების მართვაში, მომდევნო ათწლეულის შემდეგ ვნახავთ.
სენსორული აღჭურვილობის ფასი ხელმისაწვდომია. ხუთი ასეთი მიმღების დამონტაჟება ჰექტარზე 6 აშშ დოლარი ღირს. ყოველთვიური საფასური ფერმერს დისტანციურად ჩამოეჭრება, საინფორმაციო ბაზას კი AgroGeorgia მასთან თანამშრომლობის შემდეგაც შეინახავს.
კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობა ხშირად ეყრდნობა სტატისტიკურ ინფორმაციას. რესურსების სწორად გადანაწილება, მარტივი ადაპტირება გარემოსთან და მართვის ფორმების ცვლა მიგვითითებს, რომ მენეჯმენტი ტექნოლოგიურად უნდა განვითარდეს. ფერმერის განსჯის საგანია, როგორი ფორმით დაიმატებს ამ საუკუნის განვითარების მიგნებებს ისე, რომ მცენარე მხოლოდ ნიადაგის ნაყოფიერების ანაბარად არ დატოვოს.
დემეტრე ერგემლიძე