Saturday, May 13, 2023

ქალაქის ჯანმრთელ კვებაზე ზრუნვა გურულ "ოდაში" - პოსტი IX



“ოდაში” ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ბრენდია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დასახლდა და ბოსტნეულის წარმოება დაიწყო. სალომე და ირაკლი მოტივირებული ახალგაზრდა წყვილია, რომელიც მოსავლისათვის 15 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავებასა და ხეხილისა და ბოსტნეულის წარმოებას აპირებს. სულ მალე ისინი სტუმრებს განახლებულ სახლში მიიღებენ, რომელიც მანამდე მათი მშობლების საკუთრება იყო.

გასული 30 წლის განმავლობაში სოფლიდან ქალაქად მიგრაციას უკვე საპასუხო სოფლად დაბრუნება მოჰყვა. ახალგაზრდები, ოჯახები, იდეალური სივრცის, ბუნებისა და ნატურალური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანები უფრო ხშირად ირჩევენ რეგიონში გადასვლას, სადაც უკვე ინტერნეტის დაფარვაც სტაბილურია, ცოტა რამ სახელმწიფო და მეგობარი ორგანიზაციების დახმარებითაც შეიძლება შექმნა და პროდუქტად აწარმოო ისე, რომ სტუმარსაც გაუმასპინძლდე ან გამოგზავნო ქალაქში საკუთარ მომხმარებელთან, რათა ცხოვრება სოფლად, დასაქმებული ადამიანების ღირსეული სამუშაო პირობები და არსებული საქმე შეინარჩუნო. ასე მოიქცნენ სალო და იკაც. მათ პანდემიის დასრულების შემდეგ სოფლად გადასვლა გადაწყვიტეს. იქ ცხოვრების უზრუნველსაყოფად ბოსტნეულის წარმოება დაიწყეს. შეიქმნა საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა და მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც მათგან ბოსტნეულს ყოველკვირეულად მიიღებს.

კონცეფცია აგრო-სასურსათე კალათის შექმნას გულისხმობს, რაც მოიცავს ბოსტნეულს, ხილს, თხილეულს, სამომავლოდ რძის პროდუქტებს და გადამუშავებულ მცენარეულ ნაწარმს. მათ ყოველკვირეულად კურიერებთან ერთად შეაგროვებენ და მსურველ მომხმარებელთან მიიტანენ. ამ ფორმით ევროპისა და ამერიკის ქალაქგარეთ მდებარე არაერთი ფერმა მუშაობს. ეს წინასწარ დაკონტრაქტებულ ფერმერობას ჰგავს, რომელიც ფერმიდან სუფრამდე გზას სრულად აკონტროლებს, ორგანული სოფლის მეურნეობის იდეას ეხმაურება და ბუნებასთან ჰარმონიით მიღებულ პროდუქტს მოიპოვებს, რაც ფერმერობის შინაარსი და მთავარი გამოწვევაა.

სალი: ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ პანდემიის დროს დავიწყეთ სოფლის ცხოვრება, მოგვეწონა და შევყევით აქედან. მანამდე ცოლ-ქმარი ვიყავით, სკოლა სხვადასხვა დავამთავრეთ, უნივერსიტეტში ვსწავლობდით, სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდით... როდესაც ქალაქში ლოკდაუნი იყო, გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით წინაპრების სახლში, სადაც სოფლის მეურნეობას აღარავინ მისდევდა. გადავწყვიტეთ ფერმერული საქმე დაგვეწყო.

აქ შერწყმულია ხალხთან ურთიერთობა და სოფლის ჰარმონია. მეზობლობაც არის, მეგობრობაც და უფრო მეტად იგრძნობა გვერდით დგომა, საქმის ერთად კეთება. აქ მხოლოდ ბუნება არ არის.
იკა: როგორც წარმოება, ფერმას შერეულს ვაკეთებთ. თევზიც გვექნება ნელ-ნელა. ანუ, მარტო ბოსტნეული არ იქნება. აქ თუ იქნება ფერმა, ასი სული საქონელი არ გვეყოლება არასდროს. თუ მეყოლება, უფრო პერმაკულტურის პირობებში, ვიდრე მასიური წარმოების წესებით. მსუყე გეგმაა და ძალიან დიდხნიანი. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ჩამოხვიდე, დაისვენო, აქაური თუ გინდა აქვე ჭამო, თუ კერძი გინდა შენ თვითონ გააკეთო, მოიმზადო და ა.შ.

სოფლის მექანიზაციის პროგრამის მეშვეობით სალიმ და იკამ ტრაქტორიც შეიძინეს და ამ სეზონზე უკვე 15 ჰექტარი მიწის ფართობიდან 4 დაამუშავეს. ეკონომიკურ აქტიურობას საზოგადოებრივი საქმეც დაემატება და სოფლის შენებაზე, ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, სტუმრებისთვის გურიის წარდგენაზე და მათ გემრიელ დასვენებაზე თანამოაზრეებთან ერთად იზრუნებენ.

სალი: ჯერ-ჯერობით აქ ვცხოვრობთ. თბილისში დაბრუნებას არ ვაპირებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ განვავითაროთ დაწყებული საქმე და ჯერ-ჯერობით აქ ვართ. წინ რა იქნება ვერ ვიტყვი, იმედია არ გადაგვივლის ქარბორბალა ან რაღაც ასეთი.
საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა ხის ყუთებში მოთავსებულ ბოსტნეულს ქალაქის მაცხოვრებლებს მაისის შუა პერიოდიდან ოქტომბრის ბოლომდე 24 კვირის განმავლობაში მიაწოდებს. ორგვარი ზომის სასურსათო კალათი და სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული მრავალფეროვან მომხმარებელს პირდაპირ სახლში მიეწოდება. ამისთვის "კარტლისი" სალის და იკას მთელი სეზონის განმავლობაში სათესლე მასალით და აგრონომიული ცოდნით, კურიერები ქალაქის მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისით, დაქირავებული პირები მცენარეების მოვლის მხრივ და დამატებითი ჯგუფი მოსავლის აღების დროს დაეხმარებიან.


სალი: ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ სეზონური ბოსტნეული გვექნება, მაისში პომიდორი და კიტრი არ გვექნება და მზად არიან, მიიღონ ის პროდუქტი, რასაც მოვიყვანთ. Რაც მოვა იქიდან კომბინაციებს ავაწყობთ, ჩავდებთ ყუთში და დავურიგებთ. მოთხოვნა შეიძლება სხვა დიდი ქალაქებიდანაც იყოს, მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ მხოლოდ თბილისის მოსახლეობასთან. ჯერ მეტს ვერ გავწვდებით მარტო.

ახლა ჩვენ გვინდა უფრო აგროტურიზმი განვავითაროთ, შევავსეთ გრანტზე განცხადება, რომ შევძლოთ სახლის ოდნავ შელამაზება. გვინდა სტუმრები მივიღოთ, გვქონდეს კაფე მომავალში. ფერმაში ჩამოსვლაზე ჩვენთან ძალიან დიდი მოთხოვნაა და ჯერ პირობები არ გვაქვს. სტუმრებისთვის ყველანაირი პროდუქტი გვექნება, რასაც “აგროჰაბის” დახლებზე ვხვდებით.

ათამდე ადამიანს დავიხმართ. კრეფაზე ალბათ უფრო ბრიგადები გვეყოლებიან. დანარჩენ შემთხვევაში მუდმივი თანამშრომლები გვყავს, ექვს კაცამდე. თანხას ვუხდით, ვქირაობთ და მუდმივ თანამშრომლებად გვყავს აყვანილი.



იკა: ბოსტნეულის წარმოება არის ბიზნესი, რომელსაც თან ძალიან მალე მოჰყვება ის, რომ ჩვენთან ნებისმიერი სტუმარი ჩამოსვლას შეძლებს. ამ ეტაპზე ჩვენი მისია შესრულებულია და აქ უკვე კარგად ვგრძნობთ თავს.
სოფლად ცხოვრება ქართულ დასახლებებში მაინც უფრო ინფრასტრუქტურულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. გზა, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი. საბაზისო საკითხებზე ბიზნესის წამოწყების მსურველს და ადგილობრივ მაცხოვრებელს თავად უწევს ზრუნვა. რთული საქმე სოფლის მეურნეობას ანუ სიცოცხლესთან კეთილშობილურ ურთიერთობას თავადვე შეუძლია შეამსუბუქოს და ხარისხიანი მოსავლით მფლობელს პასუხიც დაუბრუნოს. საქმიანი ნაწილის გაგრძელება კი მომხმარებლის გამოხმაურებაზეა დამოკიდებული, რომელიც "ოდაშის" პროდუქტს ორ კვირაში პირველად შეაფასებს.

ვალერ ჭიტაძე სოფლად განვითარების გზებზე გვიამბობს - თვალსაწიერი წირქვალიდან

ვალერ ჭიტაძე რამდენიმე წლის წინ, ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების კვლევის დროს აღმოვაჩინე. წირქვალელი ახალგაზრდა მაშინ საზოგადოების...