Saturday, August 12, 2023

თამარ ღვალაძე იტალიის მეღვინე ქალთა გილდიაში იმერეთიდან ერთვება


თამარ ღვალაძის ისტორია ასეთია - ქალი მეღვინეობის დიდ ტრადიციას მეუღლესთან ერთად ჩაუდგა სათავეში და ოჯახური ღვინის ბუნებრივად განვითარების ისტორიას მიჰყვა. აბულაძეების ღვინო საქართველოში უკვე კარგად ნაცნობია და მას ბაიას, გვანცას და გიორგის მეღვინეობით ვიცნობთ. ამჯერად, ოჯახის პატარა საწარმოდან, იმერეთში წარმოებული პროდუქცია იტალიაში გადის და იქაურ მეღვინეებს და ღვინის მოყვარულებს კავკასიაში მყოფი პატარა ქვეყნის შესახებ უამბობს.

თამარს ქართული სტუმარ-მასპინძლობა განსაკუთრებულ რიტუალად აქვს ქცეული. იმერული ღვინის წარდგენა ხომ ცალკე ერთი სიამოვნებაა. მისი დაგემოვნება ფესტივალებსა თუ გამოფენებზე, ღია ბაზრობებსა და მაღაზიის დეგუსტაციებზე იმერული ხასიათს ქმნის, რაც Სტუმრებისათვის ფუფუნება, ოჯახის ახლობელ-მეგობრებისთვის კი თავშექცევის საუკეთესო საშუალებაა.

და-ძმა აბულაძეების დედა წელს, ქალ მეღვინეთა გაერთიანების სახელით, კიდევ ერთხელ გაიტანს საოჯახო ღვინოს გასასინჯად და საექსპორტო კავშირების დასამყარებლად. რას ფიქრობს შვილების წარმატებაზე და როგორ ხედავს ქართული ღვინის განვითარების გზას, ამასთან დაკავშირებით მას აგვისტოს დასაწყისში ვესაუბრე, მაშინ როდესაც იტალიის გამოფენამდე წინ მთელი შემოდგომაა, რთველი და დიდი სტუმრიანობა ობჩაში.

თამარი იტალიაში 2018 წელს მოგზაურობის დროს გავიცანი. "მეწარმე ქალთა გაძლიერების პროგრამის" სასწავლო ტურით ტოსკანაში ვიმოგზაურეთ და მეღვინეობაზე, ზეთისხილის ზეთის წარმოებასა და აგროტურიზმზე ფართო მიმოხილვა გავაკეთეთ. იმდროინდელ კავშირებს ქართულ მეღვინეობაში დღემდე მოაქვს სარგებელი, ქართული ღვინისთვის საექსპორტო გზებს ხსნის, უცხოელ ტურისტებს კი ქართული გასტრონომიის მრავალფეროვნებასთან საზიარებლად ეპატიჟება.



“ამ გასვლაზე და ღონისძიებაზე დღითიდღე ვფიქრობ, რომ იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა თითოეული ჩვენგანისთვის ბიზნესის გასაფართოებლად. Რაც დრო გადის, ვხვდები ყოველდღიურად რა უდიდესი მნიშვნელობის საქმე გაგვიკეთა ამ ვიზიტმა და მისმა ავტორებმა [გაეროს ქალთა განვითარების ფონდმა და ფერმერთა ასოციაციამ]”, - მითხრა თამარმა.

როდესაც დაბრუნდით საქართველოში, როგორი კავშირები გამოგყვათ იტალიიდან?

ეს მოგზაურობა რამდენადმე იყო სარგებლის მომტანი. პირველი იმით, რომ ძალიან ახლოს გავიცანით იტალიელი ქალბატონები, ჩვენ დღესაც უდიდესი, ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს ერთმანეთთან. უკვე ახლო მეგობრობაში და ურთიერთობაში არის გადაზრდილი. ეს ჩვენი შეხვედრები თითოეული ჩვენგანის ბიზნესისთვის ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებაა. 11 ქალბატონი ვიყავით, ეს კავშირი დღესაც ცოცხალია, როგორც ცოცხალი ორგანიზმია და ისევ კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

მეღვინეობაში პრაქტიკულად ძალიან ბევრი რამ გადმოვიტანე ჩემი ბიზნესისთვის. ძალიან ბევრი მეღვინეობა დავათვალიერეთ და, რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნებულმა, ბევრი რამ შევცვალე.

ჩვენ ვიყავით “დონა დელ ვინო” ასეთ ქალთა მეღვინეობის გაერთიანებაში, რომელიც, რამდენიმე ათეული წელია არსებობს. ჩვენი ჯგუფი როდესაც შეხვდა ქალბატონ დონატელა ჩიტელი კოლომბინის, ამ ასოციაციის პრეზიდენტს, მის მეღვინეობაში ვიყავით და კონტაქტებიც გავცვალეთ, სულ რამდენიმე თვეში მომივიდა მოწვევა მე და ჩემს ოჯახის წევრს, გვანცას, რომელიც მეღვინეობით არის დაკავებული, ამ იტალიური ორგანიზაციიდან “დონა დელ ვინოდან”, მოგვცეს შესაძლებლობა რომ დავსწრებოდით ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენას, რომელსაც “სიმეი” ეწოდება, სადაც წარმოდგენილი არის მეღვინეობისთვის საჭირო ატრიბუტები, მანქანა დანადგარები, ყველანაირი საშუალება, რაც კი მეღვინეობაში შეიძლება არსებობდეს, მეღვინეობის განვითარებისთვის.



ეს არის შესაძლებლობა მეღვინესთვის, გაიფართოოს ცნობადობის არეალი, დაამყაროს კონტაქტი ღვინის ტექნიკის მწარმოებლებთან და დადოს ბიზნეს კონტრაქტები იმ აღჭურვილობის შემოსატანად, რომელიც სურს საკუთარი წარმოებისთვის.


რით უნდა განვითარდეს საქართველოში ტრადიციული მეღვინეობა?


კავშირების გარეშე არც ერთი ბიზნესი განვითარდება. მეღვინეობა ისეთი მიმართულებაა, ამ კავშირების მიხედვით ხდება გამოცდილების გაზიარება, პროდუქციის რეალიზაცია და თუნდაც ასოციაციებში გაწევრიანება. დღეისათვის "ბაიას ღვინო" იყიდება მსოფლიოს 17 ქვეყანაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ძალიან მცირე რაოდენობით გავიტანეთ იტალიაში, რამდენიმე ბოთლი მხოლოდ, ისიც სასაჩუქრე სახით. წელს გვქონდა შემოთავაზება და მე ვფიქრობ, ბაია შეძლებს მოცულობის გაზრდას და ეს ქვეყანაც დაემატება ჩვენს ექსპორტიორ ქვეყანათა რიცხვს.  


გოგონები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, დიდი გარჯა სჭირდება მეღვინეობას და ეს შედეგი უბრალოდ არ დაიდება, თუ არ იმუშავე. 


პანდემიის პერიოდში მოგვეცა შანსი, რომ ჩვენი სოფლის გარშემო მდებარე ნაკვეთები შეგვეძინა, მოსახლეობის ძალიან დიდი მხარდაჭერით, ბევრმა დაგვითმო ნაკვეთები, უსასყიდლოდ არა, მაგრამ ნაკვეთის დათმობა, თუნდაც შესყიდვის ფორმით ძალიან დიდი ხელშეწყობაა.  


იმერული ჯიშის ვაზი გვაქვს, კრახუნა, ცოლიკოური და ციცქა. წითელი ჯიშებიდან გვაქვს ალადასტური და ოცხანური საფერე. ჯამში 20 000 ძირი ვენახი გვაქვს. მათ შორის გვაქვს 17 წლიანი ვაზიც, გვაქვს ორწლიანი, სამწლიანი ნარგავებიც. ერთი სიტყვით, პანდემიის პერიოდმა მოგვცა შესაძლებლობა, ეს მიმართულება ვამუშაოთ. არანაირ ქიმიურ საშუალებას არ ვიყენებთ, ბიო ასოციაციის წევრებიც ვართ: “კავკასსერტის” სერტიფიცირების მეორე ეტაპზე. ამ მიმართულებამაც ჩვენს ბიზნესზე დადებითად იმოქმედა. 


ჩვენი ღვინო რომ უყვართ და აფასებენ, ამას გახშირებული სტუმრიანობით ვგრძნობთ. Ჩვენ უკვე თითქმის 12 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული ახალი ვაზი და 3-4 წელიწადში უკვე მოსავალი იმ რაოდენობის იქნება, რომ არსებული ჩვენი უკვე პატარა საწარმო ვეღარ მოახერხებს მის გადამუშავებას. საქმემ მოითხოვა გაზრდა და ამიტომ ეს ნაბიჯიც გადავდგით, გარკვეული რაოდენობის სესხი გვაქვს აღებული და სახელმწიფოს მხრიდანაც გვაქვს ხელშეწყობა. ერთ ინტერვიუში ყველაფერს ვერ ჩავწერთ, მაგრამ გამიხარდება სტუმრად თუ მოხვალთ, კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებით.      


2 აგვისტო 2023  


 

ვალერ ჭიტაძე სოფლად განვითარების გზებზე გვიამბობს - თვალსაწიერი წირქვალიდან

ვალერ ჭიტაძე რამდენიმე წლის წინ, ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების კვლევის დროს აღმოვაჩინე. წირქვალელი ახალგაზრდა მაშინ საზოგადოების...