ეკოსოფელი თვითკმარი თემია, რომელიც თავისი ცხოვრების წესით, ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულად თანაცხოვრობს. მსოფლიოში 10 000-ზე მეტი ეკოსოფელია, სადაც მაცხოვრებლები მდგრადი და თვითორგანიზებადი საზოგადოების ჩამოყალიბებაში იღებენ მონაწილეობას. ასეთ საზოგადოებებს განახლებადი ენერგიის, ეკოლოგიური ნედლეულის მოხმარება, თვითკმარობა და თანამშრომლობა ახასიათებთ. ეკოსოფლის საერთო, სასარგებლო საქმეში მაცხოვრებელი სრულადაა ჩართული. სისტემები გულისხმობს განვითარებას, მუდმივ განახლებას და რეგენერაციას.
ეკოსოფლები იქმნება ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს შესწავლითა და გათვალისწინებით. მათი დამახასიათებელი ნიშნებია განახლებადი ენერგიის გამოყენება, პერმაკულტურისა და ორგანული მეურნეობების პრაქტიკა, ჰოლისტიკური მიდგომა მდგრადი სამშენებლო მასალების მიმართ, რაც ნახშირბადის ნაკლებ კვალს და ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს გულისხმობს.
ეკოსოფლები შექმნილია პოზიტიური ფასეულობების წარმოსაშობად. თემმა უნდა უპასუხოს ადგილობრივ ეკოლოგიურ დღის წესრიგს და ამავდროულად საზოგადო ღირებულებებს, როგორიცაა, თანასწორობა, პატივისცემა, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, სტუმართმოყვარეობა, პატივისცემა და თანამშრომლობა ადამიანებს შორის.
"ეკოსოფელი საქართველო" უკვე ხუთი წელია ყალიბდება. თანამოაზრეების მცირე ჯგუფი ჯანსაღ და სასარგებლო ცხოვრების წესს ქმნის, მოხალისეობრივად მუშაობს და მდგრად საფუძველზე მომავალი საცხოვრებლის ასაშენებლად ზრუნავს. გუნდის მიზანია, მიიღოს ეკოლოგიურად ცხოვრების ყველა უპირატესობა: გაუმჯობესებული ჯანმრთელობა, ტოქსიკური ქიმიკატებისაგან დაცული რაციონი, მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდილი და ბიომრავალფეროვანი გარემო.
ჩვენთვის ეკოსოფლის იდეა პირველ რიგში გარემოსთან და ერთმანეთთან ჰარმონიული თანაცხოვრებაა. შეიძლება გვქონდეს ეკოსოფელი, რომელსაც ასევე ერქვას, მაგრამ ეკოლოგია არ იყოს მთავარი საყრდენი და იყოს მიზანმიმართული თემი, რომლის მთავარი ღირებულებები სხვა პრინციპს ემყარება. მიზანმიმართულ თემს როდესაც ვამბობთ, ვგულისხმობთ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც გადაწყვეტს, ერთად დასახლებას, მერე საერთო ღირებულებების საფუძველზე თავისი საცხოვრებელი ადგილის აშენებას და ერთად მუშაობას იწყებს. ეკოსოფელში კი პრინციპად ეკოლოგია აქვთ აღებული იზიარებენ იარაღს ან ეხმარებიან ერთმანეთს ნადის წესებით, სხვადასხვა სახის ცოდნას თაობათა შორის გადასცემენ, შეიძლება სამუშაოების საკუთარი პრაქტიკა ჰქონდეთ და ა.შ.- მითხრა ნინი ხუროშვილმა, მკვლევარმა, ეკოსოფლის გუნდის წევრმა.
რამდენიმე კვირის წინ დამფუძნებელთა ჯგუფი ლაგოდეხის სოფელ ნინიგორში, იმ მიწაზე იმყოფებოდა, სადაც მშენებლობის დაწყებასა და სათემო სახლის სრულყოფილად აღდგენას გეგმავს. ეკოსოფლის წევრობისათვის ფინანსური კონტრიბუციაა აუცილებელი, თუმცა მოხალისეობრივ საქმეში ჩართვაც თანაბარმნიშვნელოვანია.
სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება იქნება. ჩვენ ვერ გავაკეთებთ განაცხადს მდგრადობაზე, თუ ჩვენთვისვე საჭირო პროდუქციის ნაწილს მაინც ვერ მოვიყვანთ. მაგრამ, მეორე მხარეს არის საგანმანათლებლო შეხვედრები. იქნება ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, რაც იმ ადამიანების ერთობას გააძლიერებს ვინც მასობრივ სოფლის მეურნეობაში ეკოლოგიური პრინციპების დაცვით მუშაობას დაიწყებს.
არის კიდევ ერთი მხარე, არქიტექტურა, ამ მიმართულებით, გვინდა საცხოვრებელი სახლები და საერთო სივრცეები სხვადასხვა მდგრადი ადგილობრივი მასალისგან ავაშენოთ. მაგალითად, ნამჯის სახლი, ხის სახლი, თიხის სახლი, რაც თავიდან ბოლომდე ერწყმის ეკოსოფლის კონცეფციას.
- ვებგვერდი
- ლიტაგორას პოდკასტი
- საჯარო შეხვედრის ჩანაწერი ოქტომბრის დასაწყისი (ინგლისურად)
- პროექტის მოკლე პრეზენტაცია (ინგლ.)
- ეკოსოფლის წევრობის ფორმა (ქართ.)