Wednesday, February 21, 2024

გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეღვინეობა განვითარების მომდევნო ეტაპის წინაშე

როგორ ღირებულებებზე უნდა იდგეს მეღვინეობა, გიორგი ალადაშვილისთვის ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია. მისი ბიოდინამიური მევენახეობა 2015 წლიდან რუისპირში ყოველწლიურად ზრდის წარმატებულ ეტაპებს გადის. სტუმრებს, გულშემატკივრებსა და პარტნიორებს  ხალხმრავალ რთველს, კალოს ლეწვას, ქართული პურის ცხობასა და ღვინის დიდებულ დღესასწაულებს სთავაზობს. გიორგის იდეამ, მიეყვანა ნიადაგის ნაყოფიერება და სიჯანსაღე მდგომარეობამდე, რის შემდეგაც ადამიანის უშუალო ჩარევა სულ უფრო იშვიათად იქნებოდა საჭირო, მისი მეთოდების მიმართ ინტერესი გაზარდა და ღვინის წარმოების მდგრადობა გააძლიერა. 

გიორგიმ ქართული ღვინო შვეიცარიასა და საფრანგეთში გაიტანა. მოყვარულთა წრეს მისი უნიკალური წარმომავლობა წარუდგინა და ყოველწლიურ ფესტივალებსა და გამოფენებზე ადგილი დაიკავა. რამდენიმე წელია მას შვეიცარიული ტელევიზიები ეთერს, შემსყიდველები კი პარტნიორობას, საგანმანათლებლო ტურებს, ღვინის ერთგულ მომხმარებელთან დაკავშირებას და თანამშრომლობას სთავაზობენ, რაც ქართული ნაწარმისთვის დიდი ფუფუნებაა. 


გიორგის ღვინის ღირსებებად უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ქართული ღვინის კეკლუც ხასიათზე, მხიარულ გუნებასა და ხავერდოვან თრობაზე რამ გსმენიათ, მასში ამ თვისებებს ერთდროულად აღმოაჩენთ, გაიცნობთ ქართულ ფესვებს, იგრძნობთ ევროპულ გამოცდილებას და მეღვინის პატივისცემას სტუმრის, გარემოსა და საკუთარი ნაშრომის მიმართ. მეღვინის მიზანი ხომ ერთია, შეინარჩუნოს მიგნებული და დაუფლებული განწყობა, რაც მომდევნო სვლების საფუძველი ხდება. 



გიორგი მეურნეობის შექმნიდან ცხრა წლის შემდეგაც ამ ნაბიჯებს დგამს და გარწმუნებს, რომ მომავალ პერიოდში იქნება უფრო დიდი და დასამახსოვრებელი, როგორც ქართული ღვინის ნიმუში. რუისპირის მეურნეობაში ინახავენ გამოცდილებას და აგროვებენ ცოდნას მომავალ წარმატებამდე მისასვლელად. 


დღეს გიორგი საკუთარ მევენახეობაში მმასპინძლობს. საღამოს მისულს, სტუმრების გარეშე, მეღვინეობის მომავალი გეგმების დასახვაში გადართული დამხვდა.


როგორ ხედავ ბიოდინამიკის გაგრძელებას აქ, რუისპირის მეღვინეობასა და მთლიანად, საქართველოში?!


ერთი, შეიძლება კოოპერაციაში შეხვიდე სხვა მეურნეობებთან, მათთან ერთად გაერთიანდე და რასაც, მცირე ადგილით ვერ წვდები, იმას სხვებთან ერთად შემატებ ფართობს და განვითარდები. მეორე ვარიანტი არის, რომ ადამიანმა ამუშაოს 10-15 ჰექტარი, რაც საკმარისია, რომ საკუთარი პური ჰქონდეს, საკუთარი ღვინო, საჭმელი და მაღაზია.



            


            


როდის ხვდები, რომ უნდა შეაჩერო მეურნეობის ტერიტორიული ზრდა, შეინარჩუნო მასშტაბი და უკვე შექმნილის მდგრადობასა და გაძლიერებაზე იფიქრო?


მაშინ ჩერდები, როდესაც თვლი, რომ უნდა აცადო, გადავიდეს რაღაც ბუმი და ბუმს გადასულმა ისევ გააგრძელო, ახალი მიზნისკენ სვლა. ორი წლის განმავლობაში საერთოდ არ ვჩანდი. ორი წლის განმავლობაში აღარც ფოტოზე ვიყავი, აღარც კადრში… ამ ყველაფერმა რა ქნა?! ადამიანების მეხსიერებაში დალექა “რუისპირის მეურნეობა”, როგორც მაგარი ბრენდი, რომელიც შეჩერდა, რადგან მან უკვე ბევრი გასცა, ბევრი სტუმარი მიიღო, ზოგს მეღვინეობა ასწავლა, ზოგს ესაუბრა. ახლა, რაღაც მომენტში გაჩერდა და აკვირდება, როგორ გრძელდება. შრომა ყოველთვის შველის საქმეს, მეურნეობა მდგრადია, მას სჭირდება დამატებითი იდეები. დამატებით რამდენიმე ადამიანი, ვისაც იდეის გაცვლა და გენერირება შეუძლია. საკუთარი ძალებით ვზრუნავთ საქმეზე და ვაგრძელებთ მუშაობას. 


საქართველოში როგორი სამუშაო გარემოა ფერმერისთვის? თუ მოგეცა თავისუფალი ნება, გემუშავა ისე, როგორც გინდოდა?


ამ ქვეყანაში ადამიანს როცა უთხრეს, გაქვს ინტერნეტი და იყავი რაც გინდა, ჟურნალისტობა გინდა, იყავი ჟურნალისტი, ფერმერობა გინდა, იყავი ფერმერი. ასე გამოვიდა ჩემგან მეღვინე. ჩემ მაგალითს თუ აიღებ, მე ამას ვუყურებ, როგორც ბიოდინამიკური მეურნეობის პრინციპებს, რომლითაც ნიადაგს ვინარჩუნებ და გარემოს ვუფრთხილდები. თუ გუნდში გყავს ეგეთი ადამიანები, რომლებიც ამ პრინციპებს იზიარებენ, იცოდე, ძალიან ძვირფასი ხარ.


ამ საქმეში თავიდანვე ჩავერთე იმ მიზეზის გამო, რომ პროდუქცია ყოფილიყო იმდენად სუფთა, რომ ადგილიდან მომხდარიყო მისი რეალიზება. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ბიოდინამიკოსებისგან საფრანგეთში, იტალიაში. ვნახეთ რეები იყვნენ და დღეს რეები არიან. ეს არის ჩემთვის მაგალითი. მე ვნახე ენთუზიაზმით სავსე ხალხი, ვინც ყველაფერი ნახა, ყველაფერი გააკეთა, მეურნეობა შექმნა, ეტაპს მიაღწია და ახლა მშვიდადაა.


არსებობს იმის შანსი, ამ გუნდმა, რომელმაც ბიოდინამიური მეურნეობა შექმნა, კიდევ რამდენიმე ასეთივე პრინციპების ფერმა აამოქმედოს?


ძალიან დიდი სიამოვნებით, ჩავერთვებოდი ყველანაირ დარგში. დავიწყებდი მეცხვარეობას, თავის მდგომარეობაში, მეთხევეობას თავისი ორგანული წესებით, ბიოდინამიურად, მეფუტკრეობას, მებოცვრეობას ისე რომ მეურნეობაში ბევრი რამის გაკეთება შესაძლებელი ყოფილიყო. იგივე პრინციპებით, შეიძლება შეიქმნას მეურნეობა სხვადასხვა რეგიონში, თუმცა სხვადასხვა წამყვანი კულტურით. მაგალითად, თუ კახეთში იქნება ვენახი, სამცხე-ჯავახეთში შეიძლება ყოფილიყო ხორბალი.


საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე ფერმერი წყვილი, რომლებმაც ბიოდინამიური მეთოდებით დაიწყეს მეურნეობების წარმოება. ცოტაოდენი დანაზოგითა და ცოდნით დაფუძნდნენ აქ, ცხენების მოვლა დაიწყეს… ეს არის იდეების თანხვედრა - თუკი მოხდა, კარგია. თუკი ისე იქნება, რომ დავბერდი და საქმეს ვეღარ გავაკეთებ, აუცილებლად მოვა წყვილი, რომელიც ამას გადაიბარებს.


მაგრამ მე არ მინდა ვაჩვენო ვინმეს რომ ეს თითით საჩვენებელი მეურნეობა სადღაც ჩაიკეტა, ეს მეღვინეობა არის მაგალითი, ვინ ვართ ქართველები. აბა, მოვიდეს ვინმე და მითხრას, რომ ჩემ ღვინოში ან ჩემ მოყოლილ ამბავში რაღაც დევს მარკეტინგული. არა, მე მესმის ცხოვრება. მესმის ისე, როგორც ევროპელებს ესმით, ჩვენი მენტალობა რაღაცნაირად დაემთხვა. 


საქართველოში კარგი ის არის, რომ თუ ვინმემ მოინდომა ღვინის დაყენება, ისწავლა. თან, ამავდროულად, ძალიან კარგ დროს დაიწყო ქვევრის ღვინის პოპულარიზება. გარშემო ბევრმა საკუთარი ღვინის დაწურვა დაიწყო. თან საქმეა, თან შემოსავალი. რაც არ უნდა ფერმა ააწყო, შემოსავლიანი ხომ უნდა იყოს. შინაარსი ხომ უნდა ჰქონდეს?! ამიტომ, უნდა იშრომო და გახდე მაგალითი, პირველ რიგში, სხვებისთვის. 



მეურნეობაში რაზე ეფუძნები, რა გაძლევს მდგრადობისა და  განვითარების საშუალებას?

ყოველთვის ერთ ძირითად პროდუქტზე უნდა იყო აქცენტირებული. აქ წამყვანი პროდუქტი ღვინოა. მაგრამ, პლუს, კიდევ თუ აქ ვცხოვრობ კიდეც, რატომაც არ უნდა მქონდეს სტუმარმასპინძლობა, ფარმჰაუსი, ბიოდინამიკა, ეს ყველაფერი? ჩემი სისტემა ისე მაქვს აწყობილი, ორ დღეზე მეტს არ დარჩეს ადამიანი. აქ მოდის ისეთი სტუმარი, ვინც ეძებს სიმშვიდეს, ღვინის სტილს, ბუნებას. დილით რომ ადგება და ჩემთან ერთად ივლის, ასეთი ტიპი, ვისაც ფერმერობა და ჯანსაღი ცხოვრების შეგრძნება აინტერესებს. 

ვინც ჯერ არ მოსულა რუისპირში, ფეისბუკზე, მეგობრებში მომყვება. ჩემი დაკვირვებით, რასაც აქ ვაკეთებთ და ვაქვეყნებთ, იწონებენ, ძალიან დიდ ნახვებს აგროვებს. 


გიორგის მეღვინეობის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქართული ღვინის სახელთან ევროპის საზღვრებს შიგნით, ღვინით დაინტერესებულ თანამედროვე საზოგადოებებში. ქართული ღვინის ისტორია და აღიარება ზრდის თავისუფალ პერსპექტივას. ინტერესს შენარჩუნება სჭირდება. ადგილობრივი მეღვინეები კი ამ წრეში ალბათ ერთიანობით იტყვიან საერთო ეროვნულ სათქმელს. 


მომდევნო პერიოდის კითხვა ასეთია: შეინარჩუნებს ქართული ღვინო ხარისხს?! ენთუზიაზმი წარმოების მიმართ პირდაპირ მოქმედებს საფასო კატეგორიაზე. აქ კი ადგილის მოპოვების შემდეგ ცვლილებები იშვიათად ხდება. ტრადიციული ბრენდებისთვის ცვლილებები რისკია, თუმცა ქართული ღვინის სახელი შეძლებს წარადგინოს კიდევ არაერთი ქართული ბრენდი ღვინის მოყვარულებისა და პროფესიონალების წინაშე. აქ გიორგი ალადაშვილს კიდევ ერთხელ მოუწევს გაიაროს სხვებისთვისაც უკვე მარტივად გასავლელი გზა, ახალ სარეალიზაციო სივრცეში საკუთარი ნაწარმის დამკვიდრებისათვის.


ამ აზრით დავტოვე რუისპირი. ცოტა ხანში წამომეწია ამბავი, რომ საქართველოში ვენახების კადასტრი უკვე შეიქმნა. მევენახეებს უკვე აღრიცხულად შეუძლიათ ჩააბარონ ღვინის დიდ კომპანიებს ყურძენი. სისტემური საქმე აქტიურად განაგრძობს სვლას სრულყოფილებისაკენ. ამავდროულად კი, მეღვინეობაში სწორი გზების აღმომჩენი მეღვინეები ძლიერდებიან საკუთარი მეურნეობის შიგნით და სხვებისთვის სამაგალითოდ, იმკვიდრებენ ადგილს მომავლის წარმოებაში. 


დემეტრე ერგემლიძე




ვალერ ჭიტაძე სოფლად განვითარების გზებზე გვიამბობს - თვალსაწიერი წირქვალიდან

ვალერ ჭიტაძე რამდენიმე წლის წინ, ჭიათურის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგების კვლევის დროს აღმოვაჩინე. წირქვალელი ახალგაზრდა მაშინ საზოგადოების...