Friday, December 30, 2022

ვანოს ბაღის საეტაპო ზრდა: ყვავილების ბაზრობა და რჩევები მცენარეების მოყვარულებს - პოსტი IV



სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს უმეტესად დაბალ ანაზღაურებას უხდიან, რადგან ისინი არ არიან დაკავშირებული პროფესიულად ამ სფეროსთან. მათი შემოსავალი მცირეა. დასაქმების მაღალი მაჩვენებელი არ განაპირობებს შემოსავლის მაღალ მაჩვენებელს. ამ ფონზე ფასდებიან თვითდასაქმებულები, რომლებიც ცდილობენ მოიცვან წარმოების და გადამუშავების სრული ციკლი და დასაქმების მსურველებს, პირიქით, ხელი შეუწყონ სამუშაო ადგილის შექმნით. 

რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე ვანოს ბაღს შევხვდი, რომლის გვერდიც შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: 

https://www.facebook.com/profile.php?id=100027303921107 


ციფრულ სამყაროში ვანო გამოირჩევა თავისი ფერადოვნებით, ფერადი ფოტოებით, ძალიან სასიამოვნო ვიდეოებით და ისეთი განწყობით, რომელიც აუცილებლად მოგანდომებს თავისი ყვავილების შეძენას. 


შეძენის ბედნიერება საჩხერელ მომხმარებელს მაღაზიიდან, ხოლო ჭიათურელ მომხმარებელს ქალაქის ცენტრალურ, ერთ-ერთ სასიამოვნო ადგილას, ვანოს მანქანიდან კვირაში ორჯერ აქვთ, სადაც მეყვავილე წელიწადზე მეტია ყვავილების გასაყიდად მიდის. მისი გვერდის მიმდევრები დიდ ქალაქებში მისვლას ხშირად სთხოვენ, სადაც ვანოსგან პირადად იღებენ რჩევას მცენარეების მოვლის შესახებ. 


რაც შეეხება დანარჩენ დროს, ვანო მას საჩხერეში, საკუთარ სანერგეში ატარებს, რომელიც მცენარეების გამრავლებას, გამოყვანასა და გამოზრდას ემსახურება. 


“მე საჩხერეში ვცხოვრობ, კერძოდ, სავანეში. Ზოგადად ამ სფეროში არ ვიყავი, მაგრამ პანდემიასთან ერთად სამუშაოები წამოვიწყე. Მეგობრებმა შემიკვეთეს პირველად. მეც გამოვიყვანე და გამრავლებაც დავიწყე. სოფელში როცა ვარ ხოლმე სანერგეში გამომყავს რაღაც-რაღაცები, ზოგიერთ სახეობას ვიწერ ხოლმე, თან ვსწავლობ და მიხარია, რომ ხალხის სიყვარული დავიმსახურე. შედარებით იაფად ვყიდი მცენარეებს და მეტი მომხმარებელი მყავს დაინტერესებული. 


უფრო მეტად, მარტო მიწევს მუშაობა. საიტს კიდევ ცალკე მიხედვა სჭირდება. იქ ცალ-ცალკე მომხმარებლები გწერენ, ყველას პასუხი სჭირდება”, - მითხრა ვანომ. 


გამოყვანის, გამრავლებისა და რეალიზაციის პროცესში თავად სრულად ერთვება. თუმცა, ამავდროულად, დახმარებას იღებს საკუთარი მეგობრებისაგან და მეუღლისაგან, რომლებიც შეკვეთების მიღებაში, ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში და პროდუქტის გადაზიდვაში ეხმარებიან. მათი პასუხისმგებლობა მაღალია, რადგან მცენარეებს, როგორც ცოცხალ ორგანიზმებს გადაზიდვა და მოვლა შესაბამისი საშუალებებით სჭირდებათ. 


ვანო საკუთარ გამოცდილებას არ იშურებს მომხმარებლისათვის. ვინაიდან მცენარე სხვადასხვაგვარ გარემოში, სხვადასხვანაირ პირობებში სხვადასხვანაირად ხარობს, ის მომხმარებლისგანაც იღებს ინფორმაციას, რადგან ინფორმაციის ურთიერთგაცვლა მომხმარებელსა და მეყვავილეს შორის მცენარის მოვლის საუკეთესო ფორმის მოძებნის გზაა. ინფორმაცია არასდროსაა მართებული თუ მას მხოლოდ ერთი მხრიდან ვამუშავებთ, ვაკვირდებით და წარმოვადგენთ. მცენარეს მრავალგვარი განზომილება აქვს ჩვენ კი მხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან ვუყურებთ მას.  



“70%, 80% მაინც მე მიწევს ყველაფრის კეთება. თუმცა ყველაზე დამღლელი მაინც ის არის ამ ყველაფერში, რომ ონლაინ მიწევს მომხმარებელთან ურთიერთობა. მოვლის წესებს ვუხსნი, ყველაფერს ვუღწერ. ფოსტით რომ ვაგზავნი, შეფუთვა არის ყველაზე რთული და დამღლელი, ყუთებში ჩალაგება, რომ არ  დაზიანდეს მცენარე რომ გავაგზავნო. Რა თქმა უნდა, სასიამოვნო დაღლაა ჩემთვის, თან მსიამოვნებს. რომ არ მსიამოვნებდეს, ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი. 


ორი წელია რაც ეს ყვავილები მაქვს. თავიდან ონლაინ დავიწყე გაყიდვები. Პირველად ფიზიკურად რომ გამოვიტანე მანქანით ვიყავი გამოსული. 3 და 8 მარტის პერიოდი იდგა. ამ დროს ჩამომაქვს ხოლმე მცენარეები. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მართლა, იმიტომ, რომ არასდროს გამიყიდია რამე. ყოველთვის ვჩუქნიდი ან მივართმევდი ხოლმე. სულ მერიდებოდა და იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად დამჭირდა, დამეხმარა მეგობარი.  


მარტო ვერ ვდგებოდი მანქანით. Პირველად მასთან ერთად შევძელი ეს გაყიდვები მომეწყო. ყვავილების მიმართ იმხელა დაინტერესება იყო, ვერ წარმოვიდგენდი.  


მოგვიანებით უკვე ვიფიქრე, რომ საიტითაც გამეკეთებინა და შემეძლო ყველასთვის მიმეწვდინა ხმა.


ეს დაინტერესება იმხელა იყო, რომ რეგიონიდან ხალხი მთხოვდა გამეგზავნა ხემცენარეები და ყვავილები. ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, თბილისში ძალიან ბევრმა მთხოვა ჩავსულიყავი ან გამეგზავნა ყვავილები. თუ ჩასვლას ვერ ვახერხებ, ფოსტით ვაგზავნი, ძალიან დიდ ნაძვებს ვერ ვაგზავნი, მაგრამ მარშუტკითაც გამიგზავნია. ასე გაგზავნილები პირდაპირ სახლში მიაქვთ”, - მითხრა ვანომ.  


ვანოს გაუმართლა, მასზე ხმა სწრაფად გავრცელდა, როგორც რეგიონში, ისე ციფრულ სამყაროში, სადაც "ვანოს ბაღის" გვერდს უკვე 19 000 გამომწერი ჰყავს.  


მისი კონსულტირება უკვე ასეულობით ადამიანმა მიიღო, რომელ პროცესშიც მას მეუღლე ყოველდღიურად ეხმარება.  


ვანოს გარშემო ყვავილების მოყვარულები შემოიკრიბნენ და შექმნეს სივრცე, სადაც მათ უკვე შეუძლიათ, ერთად შეარჩიონ საკუთარი კოლექციისთვის სამომავლო მცენარეები. ასე იპოვეს მათ ქრიზანთემები, რომლებიც გასული წლის შემოდგომაზე ყველაზე პოპულარული იყო. 


“ქრიზანთემები ზამთრის ყვავილებია, ამიტომ უფრო მეტად უნდათ ხოლმე მათი შეძენა. ეზოში შეიძლება დაირგოს და ალამაზებს ხოლმე იქაურობას”, - ამბობს ვანო.  


ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, როგორ გაგრძელდება ყვავილებთან ერთად ვანოს თანაცხოვრება და როგორ წარმოუდგენია მას ბიზნესის განვითარება, როგორც მისი ოჯახისთვის შემოსავლის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო. ვანოსთვის ასეთი წარმოდგენა რამდენიმე მაღაზიას უკავშირდება, რომელიც შეიძლება დიდ ქალაქებში ცენტრალურ ადგილებზე განთავსდეს. სადაც მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ ყვავილები და მიიღონ კონსულტაცია კომპანიის თანამშრომლებისგან.  


მომავალში ონლაინ გაყიდვების გაზრდას გეგმავს. ამაში საქართველოს ფოსტა მას ეხმარება. ფოსტით შესაძლებელია ყვავილების გაგზავნა, ისევე როგორც შესაძლებელია, ყვავილები მოვიდეს ჩვენს მიერ მითითებულ ადგილას, კურიერმა მოგვიტანოს ის პირდაპირ სახლში. ამან მე როგორც ყვავილების მოყვარული ძალიან გამახარა.


ვანო დღესაც აგრძელებს თავისი ყვავილების გამრავლებას, წარმოებას, მათი ნერგებისა და თესლის გამოწერას უცხოეთიდან, საჩხერეში მრავალფეროვანი სათბურის, სანერგე მეურნეობის შექმნას. ეს წელიწადი, მჯერა, რომ ახალი ნაბიჯი იქნება მის საქმეში. ვანოს ბაღი კი მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის იმერეთის ადგილობრივ წარმოებაში.

Sunday, December 11, 2022

ქართული მიცელიუმის ამბავი და სოკოს მოყვარულებისთვის შექმნილი ახალი გვერდი ციფრულ მედიაში - პოსტი III



სოკოს წარმოების მზარდ მოთხოვნილებაზე ჩემს ტელეფონზე მოსული შეტყობინებები ისევე მეტყველებს, როგორც ჩემი დღევანდელი რესპონდენტის პასუხები. მცირე ბიზნესები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ამ წარმოებას და წარმატებასაც პოულობენ. კალმახა და ქამა ყველაზე გავრცელებული სახეობებია, რომელიც საქართველოში აქაური მომხმარებლის სურვილს 40%-ით აკმაყოფილებს, ნაწილი 60% კი ჯერ ისევ ახლომდებარე, მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებულია.
ამ რამდენიმე საათის წინ ჩემი მეგობარი ფერმერების გვერდებს ვათვალიერებდი და ერთი საინტერესო გვერდი შემომხვდა. Soko.ge არის გვერდი, რომელიც დაინტერესებულ მეწარმეებს ინფორმაციას უზიარებს სოკოს მოყვანაზე. როგორც კი ვნახე, მაშინვე მომინდა კომპლიმენტი მეთქვა მისი ავტორისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სულ 4 პოსტი აქვს, ინფორმაციულად საკმაოდ სასარგებლოა. მის ავტორს დევი ჰქვია. როგორც ჩანს, სოკოს წარმოების საქმეში დიდი ხანია არის ჩართული. დავურეკე და ჩემი ბლოგისთვის პატარა ინტერვიუ ვთხოვე. დღის პირველ ნახევარში ვისაუბრეთ და საკმაოდ მრავლისმომცველი სატელეფონო ინტერვიუ გამოგვივიდა. მითხრა, რომ განათლების სიმწირისა და წარმოების მხრივ განვითარებული კადრების სიმცირის გამო ინდუსტრიული წარმოება სულ რამდენიმეა ქვეყანაში, რის გამოც მცირე მეწარმეები უფრო მომრავლდნენ, რომლებიც ამ საქმიანობას რამდენიმე წელიწადს მისდევენ. მომგებიანი ეს საქმე ნამდვილად არის, თუმცა ორი ციკლი მაინც სჭირდება სოკოს მწარმოებელს, რომ მისგან მცოდნე პროფესიონალი დადგეს. კვალიფიციურ განათლებას კვალიფიციური მასწავლებელი და ლიტერატურა სჭირდება. დღეს საქართველოში ასეთის მიღება შესაძლებელი არ არის. არსებობდა მხოლოდ მოკლევადიანი კურსები, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ ჩატარებულა და წარმოების ზრდა დაინტერესებული პირების ალღოზეა დამოკიდებული. ციფრულ სივრცეში ლიტერატურა, როგორც ყოველთვის ერთეულებია. მე მოვიძიე კვალიფიციური ლიტერატურა საქართველოში სოკოს წარმოების შესახებ და ვიპოვე შემდეგი:

Mushroom.pdf (care-caucasus.org.ge)
მხოლოდ ერთი დოკუმენტი მოიძებნა. ისიც აბაშის სოკოს მწარმოებელთა გაერთიანების გამოცდილებაზეა დაყრდნობილი, მეცნიერული ჩარევის გარეშე. სასწავლო მასალის დეფიციტი გვაქვს. მეწარმეს თავად უწევს იპოვოს სოკოს წარმოებს ისეთი მიდგომები, რომლებიც საკუთარ თავზე გამოცადა. ასეთი შეიძლება იყოს ტემპერატურის ცვალებადობასთან, ტენიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება, სინათლის რეგულირება და სოკოს სარეალიზაციო ფორმამდე მიყვანა. აქვე აღსანიშნავია მყიდველებთან ურთიერთობა და მათი დათანხმება მუდმივ თანამშრომლობაზე. მეწარმე ზრუნავს, თუმცა უფასდება. როგორც დევიმ მითხრა, დროთა განმავლობაში ყველაფრის სწავლა შეიძლება, მთავარია გვქონდეს სურვილი. ცოდნისა და ფინანსების სწორი თანხვედრა კარგი საქმის წამოწყებას უწყობს ხელს. შესაძლოა ფინანსურმა ნაწილმა ისე შეუწყოს ხელი სამეურნეო მხარეს, რომ მისგან მდგრადი, განვითარებაზე ორიენტირებული საქმე შექმნას. თავის მხრივ ცოდნას და გამოცდილებას სახარბიელო ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია. ის წარმატებული საქმის გავლით გარდაიქმნება ხელშესახებ მატერიად, ფულად. უნდა ვიცოდეთ, რომ სიმტკიცის გასაძლიერებლად ის ტექნოლოგიური მიდგომებია საჭირო, რაც მომავალში რუტინად გადაიქცევა. თავის დროზე კი რუტინა შეიძლება ექსპერიმენტის სახითაც იყო წარმოდგენილი. მან უბრალოდ, გაამართლა და საქმის პროფესიონალთა ინტელექტში დაიმკვიდრა ადგილი. ამიტომაც, არ მგონია, რომ ვინმეს უნდა მოერიდოს მცდელობის, თუნდაც წარუმატებლობის და სიხარულის, წარმატების მიღწევის დროს. წარსული გამოცდილება საფუძველს გვაძლევს სწორ გზას დავადგეთ სამეწარმეო საქმეში და თუ ამ დროს ჩვენს გვერდით მხარდამჭერი პარტნიორია, საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით შეიარაღებული, წარმატების უფრო დიდი შანსი გვექნება.

პირველი, რასაც მეწარმე იდეის გაჩენის შემდეგ აკეთებს, ინფორმაციის მოძიებაა - გუგლში
. დროის ხარჯვა გაწმენდილი ინფორმაციის მოსაძიებლად დიდხანს გრძელდება და სასურველ შედეგამდე იშვიათად მივყავართ. თუმცა, სარგებლის მოტანა ამ წყაროებს ნამდვილად შეუძლია. ქართულ წყაროებზე საგანმანათლებლო მასალა იშვიათადაა დაყრდნობილი. უცხოურის ადაპტირებისთვის საფუძვლიანი კვლევაა საჭირო. ევროპული და მრავალი სამეზობლო ქვეყნის მეცნიერულმა წრეებმა შეძლეს, ცოდნის შენარჩუნება დოკუმენტის სახით, რათა მათი საშუალებით, მომდევნო თაობებს ესარგებლა. საქართველოში ის მეტად ხელმისაწვდომი ფორმით მხოლოდ მედიაში შემოიკრიბა. ამ მასალებს დღეს მცირე ბიზნესის მწარმოებლები იყენებენ, მათი მასშტაბში გადატანა კი დიდ, სარისკო ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. ასე მითხრა დევიმ, რისკი დიდია, გამოცდილების გარეშე ტექნოლოგიის შემოტანა ჩუმი მოქმედების ნაღმია, რომელსაც ფინანსური განვითარების გზაზე ბევრი წარუმატებლობამდეც მიუყვანია. ამიტომ ტექნოლოგიას ადგილზე ცოდნა უნდა დავახვედროთ. გვახსოვდეს, რისკებს საკუთარ ჯიბეზე ვიწვნევთ. ტექნოლოგია ერთ დროს ადამიანის ინტელექტის მიერ წარმოდგენილი, გამოგონილი რამ არის, რასაც მოგვიანებით სასაქონლო სახე მიეცა. მისი გამოყენება ისეთებმა დავიწყეთ, ვისაც აქამდე მსგავსი წარმოდგენაშიც არ გვქონია. მისი წყალობით დღეს მეც შემიძლია ავაწყო სოკოს მცირე სათბური ვთესავდე მიცელიუმს და მომყავდეს ქამა სოკო ან კალმახა ტომრებში. ამ დროს შეიძლება ვიფიქროთ ის, რომ იგივე დროის ინვესტირება უკეთ შემეძლო. გამოცდილი მეგობრის რჩევას აქ ყველაზე მეტად ვენდობი. იმისათვის, რომ სარდაფში წამოწყებული საქმე სასარგებლო გახდეს, კონსულტირებას მივიღებ. სოკოს მწარმოებელი მიჩვენებს გზას, როგორ შევძლო სოკოს მოყვანა სუფთად და კარგი საქმის კეთება მრავალი ადამიანისთვის, რაც უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე სოკოს მომზადება, მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის. დევი ასეთი სასარგებლო მეგობარია. მასთან მიმოწერას მარტივად შეძლებთ. E-mail-ზე მაშინვე მიპასუხა, როდესაც მივწერე. სატელეფონო ზარზეც არ დაუგვიანებია პასუხი. საიდუმლო არაა, რომ ხმაურში იყო, როცა ველაპარაკე, მოძრაობდა. თუმცა ეს ნიშნავს, რომ საქმიანი ადამიანი ხვდება მათ, ვისაც კარგი საქმის კეთება უნდა და ვისთვისაც საუბარი შედეგის წინაპირობაა. ასე ვიპოვე Soko.ge ქართულ მიცელიუმსაც დავამზადებთო. სულ მალე იქნებ ისეც მოხდეს, რომ ქართული პროდუქტი საქართველოში უფრო მეტი გვქონდეს, ვიდრე შემოტანილი და ქართველი მეწარმე უფრო მეტ თანხას იღებდეს ჩვენგან ვიდრე თურქი, აზერბაიჯანელი ან აღმოსავლეთ ევროპელი. ამ სურვილით წამოწყებული საქმე მიზნამდე აუცილებლად მიიყვანს თავის შემოქმედს. ერთი კი უნდა ვიცოდეთ - ამ ქვეყანაში, ქართული, როგორიც უნდა იყოს და რამდენიც უნდა იყოს ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენია და შეგვერგება.

Tuesday, March 15, 2022

ფერმერული განათლება - საჭირო რგოლი წარმატებისთვის - პოსტი II

ფერმერის პარტნიორობისთვის იბრძვიან კომპანიები, სხვა ფერმერები, ორგანიზაციები, სერვისის და საბრუნავი მასალის მიმწოდებლები, ტექნოლოგიური გიგანტები, დამწყები სტარტაპები, გამომგონებლები, მეცნიერები, სახელმწიფო, მეზობლები და უცნობი ხალხიც კი, სოციალური ქსელებიდან. მის მიმართ მიმართული ინფორმაცია დიდია და უდავოდ გასაფილტრი. არავინ არის, ვინც ამ ინფორმაციას დაახარისხებს და ისე მიაწვდის ფერმერს.  მან თავად უნდა შეძლოს გადარჩევაც და საკუთარი საქმისთვის საუკეთესოს ამორჩევაც. ამისთვის სჭირდება ხანგრძლივი ფიქრი და გადაწყვეტა. თუმცა ეს არასდროს ხდება კვლევის საგანი. 

შვეიცარიულმა აგრარულმა განათლებამ მხარდაჭერას დმანისში მთელი მსოფლიოდან მოუყარა თავი

“შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია” დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მეოთხე სასწავლო წელია ფუნქციონირებს. ამ პერიოდში სკოლამ 100-...